თავსდება თუ არა ერთი ქალის გულში ორი მამაკაცის სიყვარული
ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 16.05

როცა ქალი ერთდროულად ორ მამაკაცს ემოციურად ეკუთვნის – ქმარსა და საყვარელს, თან ერთისგან უკვე ბავშვს ელოდება – ეს სულაც არ არის უბრალო ამბავი. ამგვარი სიტუაციები ხშირად ძლიერ შინაგან და პიროვნულ რყევებს იწვევს. ერთ მხარეს არის ოჯახი, წარსული, ერთგულება, მეორე მხარეს – ვნება, სიახლე და ემოციური თავისუფლება. ანუ, ამ დროს შინაგანი კონფლიქტი არ არის მარტო ეთიკურ-მორალური, ის სიღრმისეულად ფსიქოლოგიურია. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ასეთ დროს საუკეთესოა საკუთარ თავთან გულწრფელი დიალოგი, შემდეგ კი – პარტნიორებთანაც. მხოლოდ სიღრმისეულად გააზრებული ნაბიჯები დაგვეხმარება ასეთ რთულ რეალობაში სწორი ბალანსის პოვნაში – საკუთარ თავთან, გრძნობებთან და მომავალთან.
„მათგან არცერთის მიტოვებას არ ვგეგმავ. ისინი ორივე ჩემი ნაწილია”, – ამბობს ქალი, რომელიც ჩვენთან გულწრფელად საუბრობს.
– ვიცი, რთულ ეტაპზე ხართ. შეიძლება, მოკლედ გაგვიზიაროთ, რა ხდება თქვენს პირად ცხოვრებაში?
მაკა (39 წლის): ჩემი ცხოვრება ერთდროულად იშლება პატარა პაზლებად და ერთიანდება. მყავს ქმარი, რომელთანაც 12 წელია, ვარ. ერთად ბევრი კარგი გვაქვს განცდილი, მაგრამ წლებია, რაც მხოლოდ ოჯახის „შენარჩუნებაა“ და არა – გრძნობა. აღარც ემოციებია, აღარც მძაფრი შეგრძნებები. არც ისე დიდი ხანია, რაც სხვა ადამიანი შემიყვარდა და ახლა მისგან ორსულად ვარ.
– ბევრისთვის ეს ვითარება დაუჯერებელი ან მიუღებელი შეიძლება იყოს. თქვენ რატომ არ გაშორდით ქმარს?
– იმიტომ, რომ ის ჩემი ოჯახია. არა მხოლოდ იურიდიულად, არამედ ემოციურადაც. არ ვიცი, როგორ აგიხსნათ... მიყვარს, როგორც ადამიანი, მეგობარი, ჩემი წარსული და სახლიც მასთან ასოცირდება. თუმცა, ჩვენს შორის კაცისა და ქალის სიყვარული აღარ არის. ვნება გაქრა.
– და საყვარელი?
– მასთან თავი ბედნიერად ვიგრძენი, პირველად – წლების შემდეგ. არ ვგეგმავდი. უბრალოდ, ასე მოხდა. ის არაფერს მთხოვს. არც პასუხისმგებლობას მაკისრებს. ყველაფერში მომყვება. რომ გავყვე, დღესვე მზადაა მიმიღოს, როგორც ცოლი. ბავშვიც უნდა. მშვიდია და თან... იმდენად თბილია ჩემთან, თითქოს ჩემს ყველა დაკარგულ ემოციას აბრუნებს.
– როგორ ხედავთ თქვენს მომავალს? ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ ორივე ურთიერთობის შენარჩუნება?
– გულწრფელად? არ ვიცი. მაგრამ მე სწორედ ეს მინდა. ვგრძნობ, რომ ორივე ქმნის რაღაც ნაწილს ჩემს მთლიანობაში. ვიცი, ბევრი ვერ გამიგებს და გამლანძღავენ კიდეც, მაგრამ ჩემთვის ეს არ არის ღალატი, ეს არის მოზღვავებული სიცოცხლის წყურვილი. მინდა, ვცადო. იქნებ შესაძლებელია მტკივნეული, მაგრამ გულწრფელი თანაარსებობა.
– არ გეშინიათ საზოგადოების რეაქციის?
– რომ გითხრათ, არ მეშინია-მეთქი, მოგატყუებთ. მაგრამ უფრო მეტად მეშინია საკუთარი თავის დაკარგვის. თუ ყველაფერს გადავხაზავ, მაშინ მე მე აღარ ვიქნები. ბავშვზეც ვფიქრობ. მან უნდა იცოდეს, ნამდვილი მამა ვინ არის. ქმარს ჯერ მისი ჰგონია და მოკლედ, მალე სრულ ქაოსში აღმოვჩნდები. ფსიქოლოგიურად ვემზადები ამისთვის, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ვერ წარმომიდგენია არჩევნის გაკეთება და რომელიმეს დათმობა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან