გულახდილი საუბრები

სწორად მოვიქეცი, უსიყვარულოდ რომ გავთხოვდი და ასაკით უფროსი ქმარი ავირჩიე

№6

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 16.02, 2023 წელი

დედის აღსარება
დაკოპირებულია

ჩემი დაქალები საკმაოდ ადრეულ ასაკში გათხოვდნენ.

მე, ძალიანაც რომ მომენდომებინა, ვერ გავაბამდი სასიყვარულო რომანებს ადრეულად, რადგან მშობლები საკმაოდ მკაცრად მზრდიდნენ, ყოველ ნაბიჯს მიკონტროლებდნენ და სტუდენტობის პერიოდშიც კი ინსტიტუტში დამყვებოდნენ. გვიან გავუჩნდი დედ-მამას და ალბათ, გარკვეული შიში ჰქონდათ. თავზე დამფოფინებდნენ, ბავშვივით მანებივრებდნენ და სულ კუდში დამდევდნენ. რომ გითხრათ, ეს დისკომფორტს მიქმნიდა-მეთქი, მოგატყუებთ. უბრალოდ, მეგონა, ასე იყო საჭირო და მათ ვემორჩილებოდი. დაქალების ქორწილში რომ მივდიოდი, კი ვფიქრობდი: ნეტავ, მე როგორი პატარძალი ვიქნები, ვინ იქნება ჩემი ცხოვრების მეგზური, როგორი ქმარი შემხვდება-მეთქი, თუმცა გათხოვებას არ ვჩქარობდი. ყველა ბიჭს ვარიდებდი თავს, ვინც დამელაპარაკებოდა. ოცდარვა წლის რომ გავხდი, მერე დაფაცურდნენ ჩემი მშობლები: არიქა, გაუთხოვარი გვრჩები, დროულად მოიფიქრე რამეო. მე კი ხუმრობით ვეუბნებოდი: ხომ გინდოდათ, კარგად მესწავლა, პროფესიულად წარმატებული ვყოფილიყავი, შეგისრულეთ თხოვნა და ახლა, როგორ მოვიფიქრო გათხოვება, მაგას სხვა რამე სჭირდება – შეხვედრები, ფლირტები, რომანები, რის უფლებასაც თქვენ არ მაძლევდით-მეთქი. ერთი სიტყვით, მამა ისე გარდაიცვალა, ჩემს გაბედნიერებას ვერ მოესწრო და ამას ძალიან ვნანობ. მამის გარდაცვალების მერე, დედა კიდევ უფრო გააქტიურდა, მთხოვდა, ნუ გამიშვებ იმქვეყნად დარდიანს, ვინმე მოძებნე და გათხოვდი, შვილები გააჩინე, ჩემსავით არ დააგვიანოო. სიმართლე გითხრათ, იმდენად ვიყავი სამსახურის საქმეებზე გადართული, გათხოვებაზე არც კი ვფიქრობდი. თუმცა, ძალიან მინდოდა, რომ ახალგაზრდა დედა ვყოფილიყავი, შვილები მყოლოდა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, სამსახურის საქმეზე უცხოეთში, სემინარზე წასვლა მომიწია და იქ გავიცანი ჩემივე კოლეგა მამაკაცი, რომელიც ასაკით ჩემზე საკმაოდ დიდი იყო, თუმცა სიმპათიური, ჭკვიანი და სოლიდური. პირველივე დღეს მომაქცია ყურადღება და დამიახლოვდა. მეორე დღეს კი ქალაქში გასეირნება შემომთავაზა, რაზედაც დავთანხმდი და იმ საღამოსვე სასტუმროში, ჩემს ნომერში მესტუმრა და გულახდილად ვისაუბრეთ. არასოდეს დამავიწყდება მისი ეს ვიზიტი ჩემს ოთახში: შემოვიდა ყვავილების თაიგულით ხელში და საჩუქარიც მომართვა – ულამაზესი ყელსაბამი. მაშინ მივხვდი, რომ ეს მამაკაცი არაფერს მომაკლებდა, თუ მის გვერდით ვიქნებოდი. მოკლედ, ვისაუბრეთ. თბილისში დაბრუნებულმა, ამ მამაკაცზე დედას მოვუყევი. პატარა ბავშვივით განაბული მისმენდა და თვალები უციმციმებდა. რამდენიმე დღე იმ ადამიანთან შეხვედრა ვერ მოვახერხე, თუმცა ერთი კვირის მერე, დედისვე თხოვნით, სახლში დავპატიჟე და გავაცანი ერთმანეთი. დედა, იმ დღეებში ცუდად გახდა და საავადმყოფოში მომიწია გადაყვანა. საშინელი დღეები მედგა და ის კაცი გვერდიდან არ მომცილებია. ყველაფერს აკეთებდა და საავადმყოფოს ხარჯებიც მთლიანად მან დაფარა, ისე, რომ არც კი ვიცოდი და ბოლოს გავიგე. მივხვდი, დედას ბევრ დრო არ ჰქონდა დარჩენილი, ამიტომ გადავწყვიტე, გავთხოვილიყავი და იმქვეყნად დარდი არ გამეყოლებინა. მართალია, ის ადამიანი არ მიყვარდა, მაგრამ მის გვერდით თავს კომფორტულად, უზრუნველად და დაცულად ვგრძნობდი. ამიტომ, ბევრი აღარ მიფიქრია და როგორც კი ცოლობა მთხოვა, გავყევი. მანაც იცოდა, რომ არ მიყვარდა, თუმცა ამაზე არასოდეს გაუმახვილებია ყურადღება. დედა უბედნიერესი იყო და ექვსი თვის თავზე გარდაიცვალა. ის საშინელი დღეები ჩემმა ქმარმა გადამატანინა, მერე შვილებიც გაჩნდნენ და მართლა გამიმართლა, რომ არჩევანი ამ ადამიანზე გავაკეთე. უსიყვარულოდ გავთხოვდი, ცხოვრების თანამგზავრად ასაკით საკმაოდ უფროსი ავირჩიე, მაგრამ ერთი წამით არ მინანია ეს ნაბიჯი. გამიმართლა, რომ სწორედ იმ ასაკში გავთხოვდი, როცა განგებამ ინება და არა ადრეულად და გაუაზრებლად. ჩემი ქმარი წარმატებული, გაწონასწორებული და მეოჯახე მამაკაცია, სწორედ ამის გამო გვაქვს ოჯახში მშვიდი გარემო და ბავშვებიც ასეთ გარემოში იზრდებიან. ჩემი სადაქალოდან კი უმრავლესობას, ვინც სიყვარულით ადრეულ ასაკში გათხოვდა, არც ისე კარგად წაუვიდათ საქმე, მათგან თითქმის ოთხმოცმა პროცენტმა ვერ შეინარჩუნა ოჯახი და ქმარს გაშორდა.

ნინო, 40 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი