გულახდილი საუბრები

სხვას დედობა გავუწიე და საკუთარი შვილი დეპრესიაში ჩამივარდა

№23

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 13.06

დედის აღსარება
დაკოპირებულია

რომ გავთხოვდი, ჩემი მაზლისშვილი 5 წლის იყო. დედა ახალი გარდაცვლილი ჰყავდა. ოჯახი ჯერ კიდევ გლოვობდა საყვარელი რძლის ტრაგიკულად გარდაცვალებას, ამიტომ მე და ჩემს მეუღლეს არც ქორწილი გადაგვიხდია და არც ხელი მოგვიწერია. ერთ სახლში ვცხოვრობდით დედამთილ-მამამთილი, მაზლი, მაზლიშვილი, მე და ჩემი მეუღლე. მართლა შვილივით მივუდექი ბავშვს. მეცოდებოდა უდედოდ დარჩენილი. ხან სად დამყავდა და ხან - სად, ხან რას ვყიდულობდი და ხან - რას. ამის გამო, ოჯახის წევრები ძალიან მაფასებდნენ. შვილი რომ მეყოლა, ყველაფერს ვაკეთებდი, არ ეეჭვიანა, არ ჰგონებოდა, რომ ჩემსას მეტ ყურადღებას ვაქცევდი. ერთი სიტყვით, ძმებივით ვზრდიდი. მეორე ბავშვზე რომ დავრჩი ორსულად, აბორტი გავიკეთე. დედამთილს ეწყინა, მაგრამ ვუთხარი:

ორი ბიჭი მყავს, ჯერ ესენი გავზარდო და მესამეზე მერე ვიფიქრებ-მეთქი. მერე კი აღარ გამიჩნდა. ისე გაიზარდნენ, ერთმანეთზე ამოსდიოდათ მზე და მთვარე. ჩემი მაზლი ხშირად მეუბნებოდა: გამიმართლა, რომ შენ შემოხვედი ჩვენს ოჯახში, მართლა დედობას უწევ ჩემს შვილსო. შემდეგ კი დაადო თავი და უცხოეთში წავიდა. ბიჭი მეზრდება, ცალკე მინდა ბინა ვუყიდო, ვიმუშავებ, ფულს დავაგროვებ და მერე ჩამოვალო. თუმცა, იქ უცხოელ ქალზე დაოჯახდა, შვილებიც გაუჩნდა და აქეთ არც გამოუხედავს. თავიდან, ფულს გზავნიდა, მერე ისიც შეწყვიტა. ბავშვს, იშვიათად კითხულობდა. ამას ძალიან განვიცდიდი და ვცდილობდი, დედასთან ერთად, მამობაც გამეწია. ჩემს ქმარს სულ ვეუბნებოდი: გეხვეწები, ჩვენს ბავშვს რომ რამეს უყიდი, ის არ დატოვო ისე, მასაც მოუტანე, ხშირად ჩაეხუტე და გაიყოლე, სადაც წახვალ, ცოდოა ბავშვი-მეთქი. სამწუხაროდ, ჩემი მეუღლე მუშაობის დროს სიმაღლიდან ჩამოვარდა და საავადმყოფოში, რამდენიმე სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებებით გარდაიცვალა. იმ დროს დამატყდა ტრაგედია თავს, როცა არ ველოდი, არც მზად ვიყავი და დამოუკიდებლად ცხოვრებაც არ შემეძლო. სხვა გზა არ მქონდა, დავიწყე მუშაობა, ამხელა ოჯახს ვინახავდი, ვუვლიდი, ვცდილობდი, არაფერი მომეკლო. არც ძმის სიკვდილის გაგებისას ჩამოვიდა ჩემი მაზლი. მოიმიზეზა, საბუთები არ მაქვს წესრიგშიო. ბავშვს უნდოდა მამასთან წასვლა და არც ის წაიყვანა, არც ბინა უყიდა. გავიდა წლები, დედამთილ-მამთილიც გარდამეცვალა. არ ვიცი, როდის რა გამორმჩა. თურმე, ჩემს მაზლისშვილს თამაში დაუწყია, ფული წააგო, მოსაკლავად დასდევდნენ. სხვა რა შემეძლო, ბინა ჩავდე ბანკში. რისი გაყიდვაც შეიძლებოდა, ყველაფერი გავყიდე, მაგრამ ვალი ვერ გადავიხადე და ფაქტობრივად, ყველაფერი დავკარგე, ბინის ჩათვლით. ცოტა ხანი ქირით ვიყავით, მაგრამ გადახდა ვერ შევძელი და საცხოვრებლად სოფელში მომიწია გადასვლა. ძალიან გამიჭირდა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. ჩემი მაზლისშვილი სოფელში არ წამოვიდა, ძმაკაცთან ვიცხოვრებო, მითხრა და აზრზე არ ვარ, სად ცხოვრობს და რას აკეთებს. არ მეკონტაქტება. ჩემი ბიჭი დეპრესიაში ჩავარდა და სახლიდან არ გამოდის. ვხვდები, დავიღუპე თავი და შვილიც დავღუპე. ასე დამიფასა მაზლმაც და მისმა შვილმაც ამაგი.

ნინო, 48 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

16-22 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა