გულახდილი საუბრები

სიცოცხლის ბოლომდე მეორე ქმრის ოჯახის მადლიერი ვიქნები, სამი შვილით რომ მიმიღო და შემიყვარა

№30

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 01.08, 2024 წელი

ოჯახური ურთიერთობა
დაკოპირებულია

მესამე ბავშვზე ვიყავი ორსულად, როცა ავარიით ქმარი დამეღუპა და დავრჩი გაუბედურებული, დაობლებულ ბავშვებთან ერთად. 

ჩემს ქმარს და მის მშობლებსა და ძმას სოფელში, ერთ ეზოში ჰქონდათ სახლები. ჩვენ ცალკე ვიყავით და დედამთილი მაინცადამაინც არ იწუხებდა თავს ჩვენზე ზრუნვითა და დახმარებით. უმცროსი შვილის ცოლ-შვილი ცხოვრობდა მასთან და მათზე იყო გადაყოლილი. ჩემს ქმარს რომ ვეტყოდი საყვედურს: ორი შვილით და მესამეზე ორსულად, გავწყდი წელში, მიჭირს ამხელა ოჯახის მოვლა-პატრონობა და დედაშენი დღეში ერთხელაც არ შემოიხედავს და მომიკითხავს-მეთქი, თავს დაღუნავდა დამნაშავესავით და მეტყოდა: შენ ყოჩაღი გოგო ხარ, ყველაფერს გასწვდები, რომ დაიღლები, დაანებე თავი ყველაფერს, წამოწექი და დაისვენე. მე რომ სამსახურიდან მოვალ, მოგეხმარებიო. დედამისზე არაფერს ამბობდა, არც ამტყუნებდა, თუმცა, ზუსტად ვიცი, გულის კუნჭულში ბრაზობდა. ერთი სიტყვით, მძღოლად მუშაობდა და ავარიის დროს დაიღუპა. გამომეცალა საყრდენი ხელიდან და საყვარელი მამაკაცი – გვერდიდან. ერთ თვეში დაიბადა ჩემი მესამე პატარა და მამამისის სახელი დავარქვი. ორი გოგოს მერე, სიხარულით ელოდა ვაჟკაცის დაბადებას და ვერ მოესწრო ის უბედური. მისი სიკვდილის მერე, მეგონა, დედამისი და მისი ძმა დამიდგებოდნენ გვერდში და ობლებს გამაზრდევინებდნენ, მაგრამ შევცდი. საჭმელს თუ გადმოგვიტანდა რომელიმე ან პურს და ეს იყო. არ ფიქრობდნენ, რომ მე სამი შვილის ხელში ვერ ვიმუშავებდი, ან სად უნდა მემუშავა სოფელში. თან ბავშვები ხომ სწრაფად იზრდებიან – ტანსაცმელი უპატარავდებოდათ და ახალი სჭირდებოდათ ან უფროსებს სკოლაში ათასი რამ უნდოდათ. სამი თვე გავძელი იქ და მერე დედაჩემთან წავედი რაიონში. ვიფიქრე, ცოტა ხანს ვიქნები და მერე რამეს მოვიფიქრებ-მეთქი. დედაჩემის მეზობლად ერთი ბიჭი ცხოვრობდა. სკვერში ბავშვები რომ ჩამყავდა, ეფერებოდა, ტკბილეულს ყიდულობდა, ესაუბრებოდა და თბილად ეხუტებოდა. მეც გამომელაპარაკა და მითხრა: შენზე მომიყვნენ, რომ მეუღლე გარდაგეცვალა, მარტო დარჩი სამი შვილით, ძალიან კარგი გოგო ხარ და ყველა შენზე სწუხსო. აღმოჩნდა, ეს ბიჭი ჩემს ძმასთან მეგობრობდა და რამდენიმეჯერ ჩვენთანაც ამოვიდა სახლში. სიმართლე გითხრათ, სხვა თვალით საერთოდ არ შემიხედავს მისთვის, გარდა იმისა, რომ თავისი ადამიანური თვისებებით მომხიბლა. ბავშვებიც გიჟდებოდნენ მის დანახვაზე. სულ კითხულობდნენ: ვაჟა ბიძია ხომ მოვაო. ბევრი რომ არ გავაგრძელო, სოფელში დაბრუნება არც მე მინდოდა და არც ჩემს შვილებს, მაგრამ სხვა გზა არ იყო. დიდხანს ვერ შევაწუხებდი ჩემი ძმის ოჯახს. მართალია, ჩემი რძალი კარგი გოგოა, მაგრამ ვის უნდა სახლში ქვრივი მულის ჩამოჯდომა სამი შვილით? სოფელში დაბრუნებულს, დეპრესია დამეწყო, გამოსავალს ვერ ვპოულობდი, სხვის სამადლოდ ვიყავი. ველოდებოდი, როდის გაჩერდებოდა ჩემს ჭიშკართან „მარშუტკა“ და მომაწვდიდა დედაჩემის გამოგზავნილ ამანათს. ტყუილს ვერ ვიტყვი, ჩემი მაზლი ხანდახან ბავშვებს ფულს სჩუქნიდა. რამდენიმეჯერ ჩემი ძმა რომ ჩამოვიდა, ვაჟაც ჩამოჰყვა. მესამე ჩამოსვლაზე კი გვერდით გამიყვანა და მითხრა: ძალიან მომწონხარ, გულში ჩამივარდი, ბავშვებიც შემიყვარდნენ და მინდა, ცოლობა გთხოვოო. თავზარი დამეცა, ვიფიქრე, ეს ბიჭი მეხუმრება და მამასხარავებს-მეთქი. მიხვდა ჩემს რეაქციას და დამამშვიდა, ყველაფერი ამიხსნა და მოფიქრების დროც მომცა. სიმართლე გითხრათ, ბევრი ვიფიქრე და ერთადერთი ულტიმატუმი წავუყენე: თუ შენიანები თვალს არ მომარიდებენ, ბავშვებს მიიღებენ და ჩემი სამი შვილი მათთვის პრობლემა არ იქნება, თანახმა ვიქნები-მეთქი. ბევრი რომ არ გავაგრძელო, დღეს მისი ცოლი ვარ. ჩემი გარდაცვლილი ქმრის ოჯახმა კი გაიგიჟა თავი, მაგრამ მათ ყური არ ვუგდე. ასე ჯობდა ჩემი და ჩემი შვილების მომავლისთვის და მეორედ გათხოვება გავრისკე. ვაჟას ოჯახმა ისე თბილად მიგვიღო, გაოცებული დავრჩი. დღემდე სიამტკბილობაში ვართ. იმდენად მიფრთხილდებიან და მეხმარებიან, რა უნდა მოხდეს, მათ ვუღალატო ან რაიმე აუგი ვთქვა. სიცოცხლის ბოლომდე მათი მოსიყვარულე რძალი ვიქნები.

ნინო, 35 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა