გულახდილი საუბრები

სიძემ შვილი გამიუბედურა და აქეთ მე მაშანტაჟებს

№30

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 07.08

ქალის ამბავი
დაკოპირებულია

ქალიშვილი რომ შემეძინა, ოცი წლის ვიყავი. მიუხედავად პატარა ასაკისა, გათავისებული მქონდა დედობრივი პასუხისმგებლობა და ისე გავზარდე ჩემი გოგონა, არც სითბო დამიკლია, არც დისციპლინა და არც დედური ალერსი. ვცდილობდი, გამორჩეულად ნაკითხი, აღზრდილი და საზოგადოებაში ინტეგრირებული ყოფილიყო და ასეც არის.

ნამდვილად ისეთი გოგოა, ყველა მშობელი რომ ინატრებს. თუმცა, არ დამიჯერა და თვრამეტი წლის გათხოვდა. ისეთ ბიჭს გაჰყვა ცოლად, რომ ვერც წარმოვიდგენდი – ცოტა მოძველბიჭოს, უბანში მობირჟავეს, სასმლის მოყვარულსა და მშობლების კისერზე მჯდომს. აი, ზუსტად ისეთს, როგორ ბიჭებსაც ვერ ვიტანდი. არ ვიცი, რა მოეწონა ჩემს შვილს მასში, ან როგორ შეუყვარდა, მაგრამ ფაქტია, ცოლად ისე გაჰყვა, ჩემთვის არც კი უკითხავს აზრი. თუმცა, რომც ეკითხა, იმდენად შეყვარებული იყო, ალბათ, არ დამიჯერებდა. კი გამოვიტირე ჩემი შვილი წინასწარ, მაგრამ რას წარმოვიდგენდი, რომ ის არაკაცი ისეთ დღეში ჩამიგდებდა შვილს, რომ დედას დააშორებდა და საკუთარ მშობელთან სიტყვის თქმის უფლებას აუკრძალავდა. ისეთი დასტრესილი და გაუბედურებულია, ხმას ვერ იღებს. ვიცი, არაერთხელ სცემა კიდეც, მაგრამ ჩემს შვილს რომ ვკითხე, უარყო. მითხრა: დავეცი და იმიტომ მაქვს ხელ-ფეხი ჩალურჯებულიო. სახეზე თითები წითლად ეტყობოდა, აშკარად სილა გაარტყა და ისიც უარყო: ვთამაშობდით და ცოტა ზედმეტი მოუვიდა, მერე მომიბოდიშაო. ისე აკეთებს, რომ მის უვარგის და მოძალადე ქმარს ვერაფერი ვუთხრა. არ ვიცი, ეშინია მისი თუ მე მიფრთხილდება, მაგრამ ისეთი დაჩაგრული და გაუბედურებულია, გული მიკვდება. სამწუხაროდ, ვაჟბატონი ჩემს შორეულ ნათესავს იცნობს, ვისთანაც ცუდი დამოკიდებეულება მაქვს და იმას მოუყოლია ჩემი ახალგაზრდობის ამბები. არადა, სულ ვმალავ, უფრო სწორად, არ ვიხსენებ. თექვსმეტი წლის ასაკში დასასვენებლად ვიყავი ბებიასთან გურიაში. იქ ერთი თბილისელი ბიჭი ისვენებდა. ერთმანეთი მოგვეწონა და ინტიმური ურთიერთობა გვქონდა. რა თქმა უნდა, ცოლად არ გავყვებოდი და არც ის მომიყვანდა, ეს იყო შეცდომა, რომელიც ოჯახმა მაპატია და იმ დღის შემდეგ არც არავის უხსენებია. სანამ ჩემს ქმარს გავყვებოდი, ეს ამბავი მოვუყევი და მანაც მაპატია. ამ ჩემმა შორეულმა ნათესავმა კი, რომელთანაც წლების წინ კამათი მომივიდა და მას შემდეგ არც ურთიერთობა მაქვს, მოაღო პირი და ჩემს სიძეს ყველაფერი უამბო. ჩემმა შვილმაც კი არ იცოდა ეს ამბავი და ქმრისგან გაიგო. დავიბარე ჩემი სიძე და ვთხოვე, არავისთვის ეთქვა, მან კი ნიშნისმოგებითა და ცინიკური ღიმილით მიპასუხა: დააგვიანეთ, ქალბატონო, ჩემებსაც ვუთხარი და ყველამ გაიგო. თქვენს ქალიშვილს ხმა არ ამოეღება, იჯდეს სახლში, დედასავით ყოველ გამვლელს რომ არ მისცესო. ისე გავბრაზდი და გამოვედი წყობიდან, საცემრად გავიწიე. ამაზე, ხმამაღლა იცინოდა და ყვიროდა: ნახეთ, რა მაგარი მოკრივე სიდედრი მყავს, კაცთან რომ ვერ ხარჯავს ენერგიას, ჩემზე იწევსო. იმ დღის მერე, ფეხი არ დამიდგამს მის სახლში. სიძეს კი აღარ ველაპარაკები. ის საზიზღარი ჩემს ქალიშვილს ჩემთან შეხვედრას უკრძალავს. ტელეფონით ვსაუბრობ შვილთან, რომელიც ხელისგულზე გავზარდე და ჩემი ერთადერთი სიცოცხლეა. ჩემი მეუღლე, უცხოეთში სამუშაოდ იყო წასული და სამწუხაროდ, ჩვენი შვილის გათხოვებამდე ორი წლით ადრე გარდაიცვალა. ის რომ ცოცხალი იყოს, ჩემი ცხოვრებაც სულ სხვანაირი იქნებოდა და ჩემი შვილის ბედიც. მაგრამ, სამწუხაროდ, მარტოს მიწევს ყველაფერთან გამკლავება. ჩემი სიძე კი შორიდან მითვლის: თუ ჩვენს პირად სივრცეში შემოიჭრები და შენს შვილს ჩემთან დაშორებას აიძულებ, იცოდე, უარეს დღეში ჩავაგდებო. ამ შანტაჟის მერე ხმასაც ვეღარ ვიღებ და თან დარდით ვკვდები. საიდან გადაეკიდა ეს არამზადა ჩემს შვილს ან რითი შეაყვარა თავი, ვზივარ, ვფიქრობ და დასკვნა ვერ გამომაქვს. აღარ ვიცი, რა მოვიმოქმედო და როდემდე გავუძლო ამდენს. ფაქტია, ჩემმა შვილმა თავიც დაიღუპა და მეც დამღუპა.

იზა, 46 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა