გულახდილი საუბრები

შვილს წლები ველოდე და როცა დავორსულდი, ქმარმა მიმატოვა

№29

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 25.07

35 წლის ქალი
დაკოპირებულია

მე და ჩემს ქმარს ცხრა წელი არ გვყავდა შვილი. რასაკვირველია, განვიცდიდით, მაგრამ ერთმანეთს ვამხნევებდით. რამდენიმე ექიმთან ვიყავით და რომ გვითხრეს, ჯანმრთელები ხართ, არაფერი გიშლით ხელს, აუცილებლად გეყოლებათო. 

ღმერთის ნებას მივენდეთ. არც პრობლემა ყოფილა ჩვენს ურთიერთობაში, არც გაუგებრობა. ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი და ვცდილობდით, ერთად გატარებული ყოველი წამით დავმტკბარიყავით. თუმცა, დედამთილი, მული, ჩემი თუ ქმრის ნათესავები ერთსა და იმავე კითხვას სვამდნენ: „როდის გეყოლებათ შვილი?“ ეს კითხვა ყველაზე მეტად მაღიზიანებდა. თითქოს, ჩვენ არ გვინდოდა ან შეგნებულად არ ვაჩენდი. ერთ დღესაც, უცნაური გრძნობა გამიჩნდა და ვიფიქრე, ტესტს ვიყიდი და შევამოწმებ, იქნებ ორსულად ვარ-მეთქი. ჩემი ქმარი გავუშვი აფთიაქში და უნდა გენახათ, სანამ ტესტი აჩვენებდა, რა განცდებში ვიყავით. დადგინდა ორსულობა და იმ დღიდან ჩემთვის სამყარო ამოტრიალდა. უბედნიერესი ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ძველი ტრადიციაა, ბავშვის დაბადებამდე ოჯახში არ უნდა იყოს პატარას ნივთები და ტანსაცმელი, რაც კი შემხვდებოდა და მომეწონებოდა, ყველაფერს ვყიდულობდი. მე და ჩემმა ქმარმა სახელიც კი შევურჩიეთ. თუმცა, ისე გამოვიდა, რომ თურმე იმდენად ვიყავი ბავშვზე გადართული, თითქოს ქმარი უყურადღებოდ დავტოვე და ეს გახდა იმის მიზეზი, ჩემგან წასულიყო, ორსული მივეტოვებინე და ნანატრი შვილის დაბადებას არ დალოდებოდა. მთელი ცხრა წელი მართლა არაფერი მომიკლია, ზედმეტადაც კი ვზრუნავდი მასზე. ხშირად უთქვამს: დედასავით ნუ მექცევი, მე საყვარელი ადამიანი მჭირდება გვერდით, თავისი სექსუალურობით, შარმითა და ვნებით და არა მზრუნველი დედაო. ერთი სიტყვით, მართლა შვილივით ვზრუნავდი მასზე. ტოქსიკური ორსულობა მქონდა და რაღაც პერიოდი მეუღლის ქცევებიც მაღიზიანებდა. მის გვერდით ვერ ვიძინებდი, ვცდილობდი, მარტოს მესეირნა ან ოთახში განვმარტოებულიყავი და მუსიკისთვის მომესმინა. ძალიან შემეცვალა ხასიათები და ალბათ, ეს ვერ აიტანა. რამდენიმე დღე სამსახურიდან გვიან დაბრუნდა, დღის განმავლობაში არც დაურეკავს, სახლში მოსული კი ისე დაწვა დასაძინებლად, რომ არ დამლაპარაკებია. მეუცნაურა მისი ქცევა, მაგრამ ვფიქრობდი, დაიღალა, მიფრთხილდება და რომ ხვდება, მისი ზედმეტი ყურადღება და სიახლოვე მაღიზიანებს, მერიდება-მეთქი. ვიცოდი, ორსულებს რომ ხასიათი ეცვლებათ საყვარელი ადამიანის მიმართ და მშობიარობის მერე ისევ ქმრის მოსიყვარულეები ხდებიან. შვიდი თვის ფეხმძიმე რომ გავხდი, მიჭირდა საქმეების კეთება და დასახმარებლად დედაჩემი გადმოვიდა ჩემთან. იმ დღიდან ჩემი ქმარი სულ გაუცხოვდა – სახლში გვიან მოდიოდა, რამდენიმეჯერ მითხრა, მეგობრის აგარაკზე ვარ და ღამე ვერ მოვალო... საბოლოო ჯამში კი, გაირკვა რომ, სხვას ხვდება. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ორსულს მიღალატებდა, მიმატოვებდა და ნანატრ ბავშვს გაიმეტებდა, უმამოდ გაზრდილიყო. ბევრი რომ არ გავაგრძელო, სახლიდან წავიდა. არც მშობიარობის დროს მოსულა საავადმყოფოში და არც ბავშვის გამოყვანისას. დედაჩემმა რომ დაურეკა, მოიმიზეზა, ვირუსი მაქვს და ვერ მოვალო. გავიდა ორი წელი და ბავშვი სულ ხუთჯერ თუ ჰყავს ნანახი. იმ ქალთანაც ჰყავს შვილი და თავის შვილსაც და იმ ქალის ორ შვილსაც ხელისგულზე ატარებს. გავიგე, რომ მისი კურსელი ყოფილა, ჰყვარებიათ ერთმანეთი და ის გოგო სხვას გაჰყოლია. წლების მერე, როცა მე ორსულად დავრჩი, შემთხვევით უნახავს ქუჩაში. ღამეები რომ არ მოდიოდა სახლში, თურმე მასთან რჩებოდა. არ ვიცი, სად დავუშვი შეცდომა ან რა დავაშავე, რის გამო წავიდა ჩემგან და დამტოვა ბავშვით ხელში მარტოხელა დედა. არადა, მართლა ვუყვარდი, სიგიჟემდე უნდოდა შვილი და როცა ღმერთმა ორივეს სრული ბედნიერება მოგვანიჭა, მაშინ გვკრა ხელი და მიგვატოვა.

ნიაკო, 35 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

2–8 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული