გულახდილი საუბრები

შვილმა იმის გამო მომიძულა, რომ განათხოვარი გოგო არ მივიღე რძლად სახლში

№49

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 12.12

სინანული
დაკოპირებულია

სამი შვილი დამოუკიდებლად, დამხმარის გარეშე გავზარდე. ქმარი მუშაობდა და მხოლოდ ჩემზე იყო სახლის საქმეები და შვილების აღზრდა-გაზრდა. ვერავინ იტყვის, ცუდი დედააო. თუმცა, ვაღიარებ, მკაცრი ნამდვილად ვიყავი. სამივე ბიჭმა წარჩინებით დაამთავრა სკოლა, უმაღლესებშიც მოხვდნენ და სამსახურიც დაიწყეს. რომ ვიფიქრე, ფეხზე დავაყენე შვილები და ახლა დავისვენებ, საზრუნავი შემიმსუბუქდება და სადარდებელიც მომაკლდება-მეთქი, სწორედ მაშინ შუათანა შვილმა ისეთი დამმართა, კინაღამ გადამიყოლა. რასაკვირველია, გააზრებული მაქვს, რომ ჩემი ვაჟები ცოლებს მოიყვანენ, ოჯახში რძლები შემოვლენ და მეც დედამთილი გავხდები, მაგრამ რძალსაც ხომ გააჩნია? 

გინდათ, ძველმოდურად ჩამთვალეთ, გინდაც – გოიმად, მაგრამ განათხოვარი გოგო რძლად ნამდვილად არ მინდა. დაილია პატიოსანი და გასათხოვარი გოგონები? არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას, მესმის, ბევრს არ უმართლებს, მაგრამ მას თავისი გზა აქვს და მაინცადამაინც ჩემს სახლამდე რატომ უნდა მოვიდეს ის გზა? ფაქტია, იმ გოგომ ისე დაახვია ჩემს შვილს თავბრუ, ისეთები ჩაუტარა და შეაცოდა თავი, უარი ვერ უთხრა. თორემ, ბავშვობიდან სულ იმას ჩავჩინებდი, საცოლედ პატიოსანი, ქალიშვილი, კარგი ოჯახის შვილი აარჩიეთ, ისეთი, ჩვენს ოჯახსა და სანათესაოს რომ შეეფერება-მეთქი. უფროსი ვაჟი გამეხუმრა კიდეც ერთხელ: კარგი, რა, დედა, ეგეთი გოგოები სოფლად შემორჩა, იქ რომ გაიზარდე, შენც იმიტომ გაქვს ეგეთი მენტალიტეტი, არ გამიკვირდება, შენი საყვარელი სამეგრელოდან რომ შეარჩიო სამი გოგო და სამივე ძმას ისე მოგვიყვანო სახლში ცოლები, ჩვენ აზრზე არ ვიქნებითო. მართალია, სამეგრელოში გავიზარდე, მაგრამ სტუდენტობა თბილისში გავატარე, ბოლო კურსზე გავთხოვდი და მას შემდეგ თბილისში, ქმრის ოჯახსი ვცხოვრობ, მაგრამ ეს რა შუაშია? მე ხომ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება, ფაქტობრივად, დედაქალაქში გავატარე?! ნამდვილად არ არის სასიამოვნო, როცა ოჯახში განათხოვარი გოგო შემოვა. რა ვქნა, მე ასეთი აზროვნება მაქვს და თუ ვინმეს არ მოსწონს, მან არ დაიწუნოს და მიიღოს. ერთი სიტყვით, ჩემმა შვილმა არ დამიჯერა, არც გაითვალისწინა ჩემი დარიგება და საცოლედ განათხოვარი გოგო აარჩია. მეხვეწებოდა გაგაცნობო, მაგრამ მისი დანახვა კი არა, მასზე სიტყვის გაგონებაც არ მინდოდა. ვფიქრობდი, ცოტა ხანი იარონ, კარგად გაიცნოს და მერე თავადვე დაანებებს თავს-მეთქი. მაგრამ, პირიქით მოხდა. თავი დაანება კი არა, ერთ საღამოსაც დამირეკა და მითხრა: მე და ლიკამ ხელი მოვაწერეთ და ბათუმში წავედით, სამ დღეში ჩამოვალთ და მოვიყვან სახლშიო. მე რომ იმ წუთას დამემართა, მტრისას და ავისას! ვიკივლე, ვიწივლე, ვწყევლე, ქოქოლა დავაყარე, ვუთხარი: აქ მოთრეული არცერთი არ დაგინახოთ! ჩათვალე, დედა არ გყავს! არ ვარ ამის ღირსი, ასე გაგზარდე, რომ თავზე გადამახტე და ლაფი დამასხა ვიღაცის ნათრევი გოგოს გამო-მეთქი და ტელეფონი გავუთიშე. იმ დღიდან ჩემი შვილი არ მინახავს, მომიძულა და არც კი მკითხულობს. ბინა იქირავა და იქ ცხოვრობს იმ გოგოსთან ერთად. ჩემი ქმარი მიდის ხოლმე სანახავად და ბინის ქირის გადახდაშიც ეხმარება. მე კი, სანამ იმასთან ცხოვრობს, მანამდე მათი დანახვა არ მინდა. სანათესაოც ჩარია, მთხოვდნენ, უყვართ ერთმანეთი და ნუ დააშორებ ბავშვებს, რაც მოხდა, მოხდა, კარგი გოგოაო. მაგრამ, მათ არ ვუსმენ. იყოს, ბატონო, კარგი და ვინც მე მამტყუნებს, მათ ოჯახშიც შევიდეს განათხოვარი და მერე მოვუსმენ. კიდევ ვამბობ, შეიძლება მართლა არ გაგიმართლოს ადამიანს და გაშორდე ქმარს, მაგრამ ახლანდელი გოგოების ამბავი რომ ვიცი, იმისთვის თხოვდებიან, განათხოვრის სახელი დაირქვან, მერე იგულაონ, გამოიჭირონ უბადრუკი ბიჭი, შეაცოდონ თავი, გათხოვდნენ და „ოჯახის ქალი“ გახდნენ. ასეთი გოგოების მეტი რა მინახავს? ჰოდა, სანამ ჩემი შვილი გონს მოვა, მანამდე იყოს დედის გარეშე. არც დავეხმარები და არც მის ეგრეთ წოდებულ ცოლს ვაღიარებ რძლად.

აზა, 58 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №51

16-22 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა