გულახდილი საუბრები

შვილის მაგივრად გერი გავზარდე და ისევ შვილის საპატრონებელი გავხდი

№3

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 26.01, 2023 წელი

სინანული
დაკოპირებულია

ქმარი ავტოკატასტროფაში გარდამეცვალა და სამი წლის შვილთან ერთად მარტო დავრჩი. ასე მეგონა, ამ სამყაროში ჩემი გულშემატკივარი არავინ იყო, ეს მისია მარგუნა ბედმა, შვილი გამეზარდა და მეცხოვრა ქმრის მოგონებებით. ასეც ვიქცეოდი. 

მთელი ორი წელი ქმარს ვგლოვობდი, ვერ ვინელებდი უმისობას და თან, ვცდილობდი, ბავშვს ჩემი დარდი და ცრემლი არ დაენახა. კალთაზე მყავდა გამოკრული, სულ გვერდიგვერდ ვიყავით. ის იყო ჩემი ერთადერთი იმედი. ვინ მაცალა ან გლოვა ან ბავშვის გვერდით ყოფნა? ჩაერივნენ ნათესავები, გამომინახეს საქმრო და სასწრაფოდ ისე გამათხოვეს, აზრზე ვერ მოვედი. ტყუილს ვერ ვიტყვი, ჩემი მეორე ქმარი ძალიან კეთილი და მოსიყვარულე ადამიანი იყო. არ მიყვარდა და ვერც შევიყვარე, თუმცა, მისი ერთგული და გულშემატკივარი სიცოცხლის ბოლომდე დავრჩი. მასაც ცოლი ჰყავდა გარდაცვლილი, მეორე ბავშვის დაბადებას გადაჰყვა და უფროსი შვილი ზუსტად ჩემი დათუნას ტოლი იყო. ვიფიქრე, ერთად გავზრდი ბავშვებს, ძმებივით ეყვარებათ ერთმანეთი-მეთქი და არც ეს დამცალდა. საზიზღარი დედამთილი მყავდა. ბავშვებს ასხვავებდა და ცდილობდა, ჩემი შვილი ყოველთვის დაემცირებინა. არასოდეს დამიყვირია კი არა, ხმაც არ ამიწევია ჩემი გერისთვის. მართლა დედასავით მიმიღო. სულ კალთაში მეჯდა და მეფერებოდა. იმდენი ქნა დედამთილმა, თავად ჩემმა შვილმა მთხოვა: დედა, ბებია-ბაბუასთან მინდა გადასვლა, იქ ვიცხოვრებ და შენც ხშირად გნახავო. თავიდან ვერ მივხვდი, ეს როგორ უნდა მოეფიქრებინა რვა წლის ბავშვს, მაგრამ, რომ დავფიქრდი, დასკვნა გამოვიტანე: ჩემი დედამთილის ენა ერია. პატივი ვეცი ბავშვის გადაწყვეტილებას და საცხოვრებლად ჩემს მშობლებთან გავუშვი. ახალგაზრდა მშობლები მყავდა და მართლა ხელისგულზე ატარებდნენ ჩემს შვილს. ერთადერთი შვილიშვილი ჰყავდათ და ცივ ნიავს არ აკარებდნენ. მიუხედავად ყველაფრისა, ჩემს გერზეც ზრუნავდნენ. თუ რამეს უყიდიდნენ დათუნას, ზუსტად ისეთს ყიდულობდნენ მისთვისაც. ბავშვები არასოდეს გაურჩევიათ. სახლშიც იტოვებდნენ, მართალია იშვიათად, მაგრამ მაშინ, როცა ბავშვებს ერთმანეთი მოენატრებოდათ. გავიდა დრო, გაიზარდნენ ბავშვები - ორივე სტუდენტი გახდა, დაამთავრეს უმაღლესი სასწავლებელი, დაქორწინდნენ და თავად გახდნენ მშობლები. მამა გარდამეცვალა, ამის ნერვიულობის ნიადაგზე, დედას ინსულტი დაემართა და დათუნა და მისი ცოლი უვლიდნენ, მე ვერ ვეშველებოდი. იშვიათად თუ გავიდოდი და ისიც იქ მისულს არაფერს მავალებდნენ. ერთ დილასაც ჩემი ქმარი შეუძლოდ გახდა, სასწრაფო გამოვიძახეთ და სანამ მოვიდა, გარდაცვლილი დახვდათ. ჩემს ხელებში დალია სული. ახლაც ვერ მოვდივარ აზრზე, რა მოხდა. გულმა უმტყუნა, თუმცა არასოდეს უჩიოდა ტკივილებს. საშინელი ტკივილი ვიგრძენი, თითქოს განმიახლდა პირველი ქმრის გარდაცვალების ტკივილი. ორმოცი რომ გადავიხადეთ, გერმა გამომიცხადა: მამა აღარ არის და ალბათ, შენც შენებთან წახვალო. ვერ მივხვდი, „შენები“ რას ნიშნავდა. ისიც ხომ ჩემი იყო, ბავშვობიდან ვზრდიდი, ვუვლიდი, დავაკაცე, ზედ გადავყევი. კიდევ ერთხელ მეტკინა და მივხვდი, ამაოდ ჩაიარა ჩემმა ამაგმა. რაღას ვიზამდი? ჩემს შვილს ამას ვერ ვეტყოდი, რძალს გავუმხილე ეს ამბავი და ვთხოვე: შვილო, არ მინდა კონფლიქტი და იქნებ, შენ ჩაერიო და მთხოვო თქვენთან გადმოსვლა, ამ სახლში აღარ მედგომება-მეთქი. საოცრად კარგი გოგოა. ასეც მოიქცა და დღეს მათთან ვცხოვრობ. ჩემს შვილს ვერ ვუყურებ თვალებში, ვიცი, დამნაშავე ვარ, ახალგაზრდობა სხვას მოვახმარე და ასაკში შესული მისი საპატრონებელი გავხდი. დარწმუნებული ვარ, არასოდეს მკრავს ხელს და არც არაფერს მაგრძნობინებს, მაგრამ მე მრცხვენია მისი. არ უნდა გავთხოვილიყავი და ჩემი მშობლების გასაზრდელად არ უნდა დამეტოვებინა შვილი, რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარს.

ნინო, 58 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი