შვილის გათხოვების კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი და ახლა სიძისთვის თვალებში შეხედვა მიჭირს
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 15.01
ნამდვილ თბილისურ, ტრადიციულ ოჯახში დავიბადე და გავიზარდე. მამა საკმაოდ გავლენიანი ადამიანი იყო, არაფერს გვაკლებდა, დედა კი – დიასახლისი და მე და ჩემი დის განათლებაზე იყო ორიენტირებული. სხვადასხვა წრეებზე დავყავდით. მოკლედ, მშობლებმა მაქსიმალური გააკეთეს, რომ წარმატებული ადამიანები ვყოფილიყავით. ასეც იყო – მეც და ჩემმა დამაც, წარჩინებით დავამთავრეთ სკოლა, უნივერსიტეტი, ორივე საკმაოდ კარგ სამსახურში ვმუშაობდით.
ჩვენს გათხოვებაშიც მშობლები იყვნენ ჩარეული. მე მამას მეგობრის შვილს გავყევი ცოლად, ჩემი და კი ერთ-ერთი ქარხნის დირექტორის ცოლი გახდა. ერთი შვილი გავაჩინე, რადგან ვფიქრობდი, მთელი რესურსი, რაც გამაჩნდა, მისთვის დამეხარჯა, ვაფოფინებდი, თან ვყვებოდი და მართლაც კარგი გოგონა მყავს. სკოლა რომ დაამთავრა, იმ წელსვე მოეწყო უმაღლეს სასწავლებელში და თანაკურსელი ბიჭი შეუყვარდა. დიდი ხანი მიმალავდა, მაგრამ ბოლოს, ვეღარ დამალა და შემომაპარა: დედა, შეყვარებული ვარ, აზრი არ აქვს დაშლას, გადაწყვეტილი გვაქვს ოჯახის შექმნა და შენი გვერდით დგომა ახლა ისე მჭირდება, როგორც არასდროსო. გამოვკითხე, ვინ იყო და პასუხი რომ მოვისმინე, იმ საღამოს სასწრაფო სასწრაფოზე მოდიოდა ჩვენს სახლში. ის ბიჭი სოფლიდან იყო, შეჭირვებული ოჯახიდან. მამა გარდაცვლილი ჰყავდა და მას და მის ოთხ დედ-მამიშვილს დედამისი მარტო ზრდიდა. ჩემი შვილი მიმტკიცებდა, კარგი ბიჭია, უყვარს შრომა, თბილი ადამიანია და ვიცი, მომავალში ერთად ბევრს მივაღწევთო. მაგრამ მე გაგონება არ მინდოდა. ჩემი ქმარი მეუბნებოდა: ხომ არ გადაჰყვები ამ ამბავს, როდემდე უნდა იწიო წნევები და ივიშვიშო, უყვართ ერთმანეთი, მერე რა, რომ იმ ბიჭს თბილისში ბინა არ აქვს, ერთი ქალიშვილი გვყავს და აბა, ვისთვის გინდა ეს ცხოვრება და ქონებაო. ჩემი დაც ნერვიულობდა, მაფრთხილებდა, ნუ ნერვიულობ, არაფერი მოგივიდესო. ის დღეები გვერდიდან არ მომცილებია. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მიუხედავად დაშლისა, ჩემი გოგო მაინც გაჰყვა იმ ბიჭს. მისმა დედამ რომ შემომითვალა, აქ არიან და ჩამობრძანდით, სუფრას გავშლიო, ვიუკადრისე: თბილისში დაბადებულ-გაზრდილს, იქ რა მინდა, რა უნდა ვუთხრა სანათესაოს, თანამშრომლებს და მეგობრებს-მეთქი. ჩემი მეუღლე მეორე დილითვე წავიდა, მე კი სახლში დავრჩი. შვილის ამ საქციელის გამო ქმართანაც დამეძაბა ურთიერთობა, სულ ვკამათობდით. ასე იყო თუ ისე, ჩამოვიდნენ სოფლიდან და ჩვენთან დაიწყეს ცხოვრება. საკუთარი სახლი გვაქვს, ვიფიქრე, მე ამ ბიჭს ვერ ავიტან, სახლს გავყიდი, ორი ბინა კი მომივა და ცალკე გავუშვებ-მეთქი, მაგრამ მეუღლემ უარი თქვა. მეტი გზა არ მქონდა, უნდა შევგუებულიყავი სიძეს. ჩემი გოგო მეუბნებოდა: დედა, გეხვეწები, ნუ ხარ ასე განწყობილი, დააკვირდი და მიხვდები, რომ არ არის ცუდი ადამიანი. ერთმანეთი ძალიან გვიყვარს, ბედნიერი ვარო. ჩემი სიძე დილით სამსახურში რომ მიდიოდა, სახლში საღამოს გვიან ბრუნდებოდა. ერთ საღამოს ისე აღმოჩნდა, რომ მარტო ვიყავი სახლში. ცუდად გავხდი, გულის მხარეს ამტკივდა, დავეცი. ტკივილისგან გონება დავკარგე და ტელეფონამდე ვერ მივედი. სიძემ ამ მდგომარეობაში მომისწრო. მაშინვე გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა. გადამიყვანეს საავადმყოფოში და მწვავე ინფარქტის დიაგნოზით რეანიმაციაში მომათავსეს. რომ არა ჩემი სიძე, დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი. თან გადამყვა საავადმყოფოშიც და სახლში გამოსულს, თვალებში მიყურებდა. შემრცხვა და მას მერე თვალებში ვეღარ ვუყურებ. დედამისს ხშირად ვურეკავ და ასეთი შვილის გაზრდისთვის მადლობებს ვუხდი. მინდა, მოვინანიო, რაც ცუდი მითქვამს და ბოდიში მოვუხადო. ის ძალიან კარგი ადამიანია, სიცოცხლე მაჩუქა და რაც მთავარია, შვილი გამიბედნიერა.
ნანი, 57 წლის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





