გულახდილი საუბრები

შვილის ბედნიერების გამო საკუთარი ბედნიერება დავთმე

№2

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 18.01

ქალის ამბავი
დაკოპირებულია

ახალგაზრდა ვიყავი, როცა მეუღლე ავარიაში დამეღუპა. ერთი შვილი დამრჩა და მთელი ცხოვრება კალთაზე გამობმული ვზრდიდი. მინდოდა, მამამისივით ვაჟკაცი, მამაცი, თბილი და მოსიყვარულე ყოფილიყო და ასეც არის. მართლა სანაქებო შვილი მყავს. სულ ცდილობს, გამახაროს, მომეფეროს და როგორც შეუძლია, გვერდით დამიდგეს.

უმაღლესში რომ მოეწყო, პარალელურად, მუშაობაც დაიწყო და არ დამავიწყდება მისი სიტყვები: დედა, უკვე დიდი ვარ, ვმუშაობ, შემიძლია, ოჯახი ვარჩინო, დაანებე სამსახურს თავი, ძალიან იღლები და მე შეგინახავო. მაშინ ჩავეხუტე, ბევრი ვკოცნე და ვიტირე. მაგრამ, რა თქმა უნდა, სამსახურისთვის თავი არ დამინებებია. ვცდილობდი, რასაც იშოვიდა, საკუთარი თავისთვის გამოეყენებინა. რომ გავიგე, შეყვარებული ჰყავდა, მასზე სერიოზულად ფიქრობდა, დაოჯახებას აპირებდა, სახლი გავარემონტე, განვადებით ახალი ავეჯი შევიძინე... ვიფიქრე, ოჯახში რომ მოიყვანს, არ მინდა შერცხვეს-მეთქი. ერთი სიტყვით, მთელი ცხოვრება ისე ვიყავი შვილზე გადაყოლილი, სხვა კაცისკენ არ გამიხედავს. თუმცა, უამრავი თაყვანისმცემელი მყავდა, საჩუქრებს მიგზავნიდნენ, ცდილობდნენ დაახლოებას, სერიოზულ ურთიერთობას, მაგრამ არ მინდოდა, ჩემი ბიჭისთვის მომეკლო ის დრო და წამები, თუნდაც პაემანზე წასვლით, რაც მის გვერდით უნდა გამეტარებინა. სიმართლე გითხრათ, რომ დავწვებოდი და ფიქრებში წავიდოდი, მეტირებოდა. მინდოდა, მეც მყოლოდა გვერდით მამაკაცი, რომელიც ყოფას შემიმსუბუქებდა. კარგი იყო, ქმარი მყოლოდა ცოცხალი, მაგრამ არ დამცალდა, ადრე გამომეცალა ხელიდან და მისი სიყვარული არც არასოდეს გამნელებია. ორი წლის წინ, არ ვიცი, რა თვალზე შევხედე, მაგრამ დეიდაშვილის დაბადების დღეზე სიძის ძმაკაცი მომეწონა. ვგრძნობდი, როგორ მიყურებდა, ცდილობდა, პატივი ეცა, მთელი საღამო სუფრასთან დიდ ყურადღებას იჩენდა ჩემ მიმართ. სახლშიც მან წამომიყვანა მანქანით და ტელეფონის ნომერიც გამომართვა. არ მითქვამს უარი, მივეცი. გვიან ღამემდე მიგზავნიდა მესიჯებს, მწერდა, რომ ძალიან მოვეწონე, რომ სულ ჩემნაირ ქალზე ოცნებობდა და როგორ მიპოვა მეგობრის ოჯახში, სადაც არც კი აპირებდა მისვლას, მაგრამ შეირბინა და ჩემ გამო დარჩა. არ დავმალავ, მსიამოვნებდა მისი მონაწერის კითხვა და მეც თბილად ვპასუხობდი. რამდენიმეჯერ შევხვდი კიდეც და გულღიად ვისაუბრეთ. მერე ჩემი დეიდაშვილის ქმართანაც მივიდა, ჩემს სიძესთან და უთხრა, როგორ მოვეწონე და სერიოზულად ფიქრობდა ჩემზე. ბევრი რომ არ გავაგრძელო, სახლშიც მოუყვა მისიანებს ჩემი არსებობის შესახებ და ერთადერთი, ვისი გაცნობაც სურდა, ჩემი შვილი იყო. ვთხოვე, ჯერ მე დაველაპარაკები და მერე სადილზე დაგპატიჟებ და გაგაცნობ-მეთქი. იმ დღეებში, არ ვიცი რატომ, მაგრამ სულ იმაზე ვფიქრობდი, როგორი ბედნიერი ვიქნებოდი მის გვერდით, როგორ შემივსებდა მარტოობას და საიმედო საყრდენი მეყოლებოდა. ერთ საღამოს, ჩაის რომ ვსვამდით, შვილს შევაპარე მისი არსებობა. არ მეგონა, თუ ასეთი რეაქცია ექნებოდა. გაკვირვებული სახით მისმენდა და ბოლოს მითხრა: დედა, ხომ იცი, შეყვარებული მყავს, მინდა, ცოლად მოვიყვანო. იცის, მამა გარდაცვლილი მყავს და რას მთავაზობ, ჩემი მამინაცვალი დავახვედრო სახლში და რა ვუთხრა, დედაჩემი გათხოვდაო? ავუხსენი, რომ მასთან გადავიდოდი საცხოვრებლად, მისი ცოლი დედამთილის გარეშე იცხოვრებდა, რაც დღევანდელ ახალგაზრდებს ასე უნდათ, მაგრამ არც კი მომისმინა. მომიბრუნდა და კატეგორიულად მითხრა: თუ გიყვარვარ და პატივს მცემ, ამ თემაზე აღარ იყოს საუბარიო. შევცბი, გავშეშდი, თითქოს ცივი წყალი გადამასხეს, მაგრამ ვერაფერი ვუთხარი. იმ ღამეს თვალი არ მომიხუჭავს. ვფიქრობდი, როგორ ჯობდა, მოვქცეულიყავი – შვილის წინააღმდეგ წავსულიყავი და ჩემი ბედნიერება მომეწყო თუ მამაკაცისთვის, რომელიც შემიყვარდა და უკვე ქმრად წარმომედგინა, ზურგი მექცია და შვილის ბედნიერებით დავმტკბარიყავი. ბოლოს მივიღე გადაწყვეტილება და ჩემს ბედნერებას შვილის ბედნიერება ვამჯობინე. უარი ვთქვი საკუთარ ცხოვრებაზე. რასაკვირველია, გამიჭირდა და მეტკინა, მაგრამ გადავიტანე. დღეს რძალი მყავს სახლში, პატარას ველოდებით და ჩემი შვილის ბედნიერებით ვხარობ. ალბათ, ეს იყო ჩემი ბედისწერა – პირადი ცხოვრება საყვარელი მამაკაცის გარეშე და შვილის ბედნიერებით ტკბობა.

ნინო, 49 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული