გულახდილი საუბრები

შვილი არ გავაჩინე და ახლა ვნანობ

№51

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 22.12, 2020 წელი

უშვილობას ვნანობ
დაკოპირებულია

წლების წინ, სტუდენტობის პერიოდში, ერთი ბიჭი მიყვარდა. მისგანაც იმავეს ვგრძნობდი. სულ ერთად ვიყავით და მის გარეშე ერთი დღეც კი ვერ წარმომედგინა. რასაკვირველია, ვოცნებობდი, როდის გავყვებოდი ცოლად, შევქმნიდით ოჯახს, გვეყოლებოდა შვილები. მოკლედ, მის გარდა სხვაზე არასოდეს მიფიქრია. 

მოხდა ისე, რომ წავკამათდით, გავიბუტეთ და რაღაც პერიოდი დავშორდით. დარწმუნებული ვიყავი, რომ მოვიდოდა და ამიტომ არ ვნერვიულობდი. თუმცა, სწორედ ამ პერიოდში გაიცნო გოგონა და სულ მალე მასზე დაქორწინდა.

ახლაც არ ვიცი, ასე სწრაფად როგორ მოხდა მათი დაოჯახება, თუმცა დარწმუნებული ვარ, არ უყვარდა. უბრალოდ, ასე მცირე დროში შეყვარებას ვერ მოასწრებდა. იმ იმედით, რომ მას მიატოვებდა და ჩემთან დაბრუნდებოდა, მთელი ერთი წელი გავიდა და ბავშვი რომ ეყოლა, მივხვდი, ჩემკენ აღარ გამოიხედავდა.

თუმცა, ქუჩაში რამდენჯერაც შემხვდა, იმდენჯერ მე დამადანაშაულა. მეუბნებოდა: მიყვარდი და ხელი მკარი, შენი ბრალია, რომ სახლში შესვლა არ მინდა, მაგრამ შვილი მყავს და არ ვაპირებ ცოლთან დაშორებას, შენ კი სულ ჩემს გულში იქნები და მეყვარებიო.

მოკლედ, მის ლოდინს აზრი აღარ ჰქონდა და გადავწვიტე, მეც შემექმნა ოჯახი. გავთხოვდი და ახალი ცხოვრება დავიწყე, თუმცა, ქმარი ვერა და ვერ შევიყვარე. სულ ჩემს შეყვარებულზე ვფიქრობდი, ქუჩაში თვალებით ვეძებდი, იქნებ სადმე დამენახა. მალევე მივხვდი, ასე ცხოვრება გამიჭირდებოდა, უსიყვარულოდ ვერ ვიცხოვრებდი და ქმარს მალე გავშორდებოდი, ამიტომ შვილი არ გავაჩინე. მართლაც ასე მოხდა, რამდენიმე თვეში ოჯახი დავანგრიე, წამოვედი ჩემს მშობლებთან.

წლების მერე, ისევ შევურიგდი ქმარს. არ მომასვენა, ვუყვარდი და ცდილობდა, ჩემი გული მოეგო. ერთი სიტყვით, წლები მის გვერდით სხვა კაცზე ფიქრში ვიცხოვრე. შვილს კი კატეგორიულად არ ვაჩენდი. გულის სიღრმეში მჯეროდა, ვინც მიყვარდა, ცოლს გაშორდებოდა, ჩემთან მოვიდოდა და ამიტომ, მის მოლოდინში გავლიე წლები.

ისე მოხდა, მეორე შვილის მამაც გახდა. ახლა საკმაოდ დიდი შვილები ჰყავს, მე კი მარტო დავრჩი. ჩემს ქმარს ამოუვიდა ყელში ასე ცხოვრება, თანაც შვილი უნდოდა და დავიშალეთ. მანაც მოიყვანა ცოლი, არაჩვეულებრივი ქალია, შვილიც ჰყავს.

არ ვიცი, რატომ დავითარსე, ან რა დავაშავე, მაგრამ ფაქტია, ყველამ აიწყო ცხოვრება, ცოლ-შვილთან ერთად ბედნიერად ცხოვრობს და მე კი დავრჩი საკუთარ განცდებთან და სიყვარულის გრძნობასთან მარტო. გათხოვებაზე აღარ ვფიქრობ, მაგრამ გული მწყდება, რომ შვილი არ გავაჩინე. ის მაინც იქნებოდა ჩემ გვერდით. ალბათ, ყველაფერი ბედია და მეც შუბლზე ეს მეწერა. არადა, მეოჯახე, თბილი და მზრუნველი ადამიანი ვარ, მიყვარს ბავშვები და ჩემნაირ ადამიანს საქმე ასე არ უნდა წასვლოდა. შეყვარებულთან ერთმა პატარა წაკამათებამ, ცხოვრება დამინგრია. ცხოვრება სასტიკი აღმოჩნდა ჩემთვის. ინერციით ვცოცხლობ, მივყვები დინებას და სამსახურიდან სახლში შესულს სიჩუმე რომ მხვდება, ტირილი მინდება.

მზიკო, 48 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი