გულახდილი საუბრები

შვილები რომ გზას ასცდნენ, ჩემი პირადი ცხოვრების ბრალია და ძალიან ვნანობ

№51

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 29.12, 2022 წელი

დედის აღსარება
დაკოპირებულია

თავს ვიდანაშაულებ ჩემი ბედოვლათი ქმრის გამო, შვილები რომ გზას ასცდნენ და ორივე ციხეში მოხვდა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, მუშაობა დავიწყე. ჩემს ოჯახს პატარა ბიზნესი ჰქონდა, იქაც ვიყავი ჩართული და საკმაოდ კარგი შემოსავალი გამომდიოდა. ჩემი ქმარი როცა გავიცანი, ასე მეგონა, მისი მსგავსი დედამიწის ზურგზე არ დადიოდა. 

ისე იქცეოდა, ისე მომთაფლა და დამაბრმავა, გავყევი ცოლად და თავიც დავიღუპე და შვილებიც მას შევწირე. მთელი ცხოვრება ფეხი-ფეხზე გადადებული იჯდა სახლში. არასოდეს უფიქრია, რომ ოჯახს რამე სჭირდება, ცოლს შეშველებოდა და შვილებისთვის ელემენტარული გაეკეთებინა. წელებზე ფეხს ვიდგამდი და რა გამოვიდა? თავის დროზე რომ დავშორებოდი, ახლა ბედნიერი ვიქნებოდი. რამდენჯერაც მისგან წასვლა დავაპირე, იმდენჯერ ჩაერია ჩემი თუ მისი ნათესაობა: ხალხი რას იტყვის, ეს ერთიც აპატიე, ხომ ხედავ, ნანობს თავის საქციელს და ასე შემდეგ. მოკლედ, ისე გავიდა ოცდახუთი წელი, ერთი დღე არ მიცხოვრია ბედნიერად და მშვიდად. სანამ მე სამსახურში ვიყავი, რაც სახლში იყო ძმაკაცებთან გაჰქონდა ან სახლში ამოჰყავდა და იყო სმა-ჭამა. თუ რამე შემოაკლდებოდა, ლომბარდში მიჰქონდა ნივთები და აბარებდა. არ დამავიწყდება, ქორწილში დამპატიჟეს, გამოვიპრანჭე, ვიფიქრე, სამკაულებს გავიკეთებ-მეთქი და ჩემი ოქროულის ნაწილი არ დამხვდა ზარდახშაში. ლომბარდში ჩააბარა და ღმერთმა უწყის, სად წაიღო. ალბათ, სასმელი იყიდა და ძმაკაცებთან დაამღერა ის ფული. ისევ ჩემი გამოსახსნელი გახდა ჩემივე ძვირფასი ნივთები. შემთხვევით რომ არ მენახა და გაკეთება არ მომენდომებინა, ალბათ, ისე დაიკარგებოდა, ვერც გავიგებდი. არადა, სიმწრით ვაგროვე, ვფიქრობდი, რძლებს რომ მომიყვანენ ბიჭები, მათ მივცემ-მეთქი. ოქრო კი დავიხსენი, მაგრამ რძლებს ვერ ვეღირსე. შვილებმა რამდენჯერ სთხოვეს: მამა, გეყოფა ამდენი ძმაკაცებზე აყოლა, დედა ცოდოა, იქნებ ხელი შეუწყო, არაფერს გთხოვს, უბრალოდ, მის ნაშრომს ასე ნუ ანიავებო. მაგრამ, ვინ დაუჯერა? მამის შემყურე, სახლში მოსვლა აღარ უნდოდათ. ვხვდებოდი, შარს გადაეყრებოდნენ, მაგრამ რა მექნა, საკუთარ მეუღლეს ხომ არ მოვკლავდი. ჰოდა, ასეც მოხდა, ორივე შარში გაეხვია და ციხეში აღმოჩნდა. ხანდახან ვფიქრობ, ნეტავ, საერთოდ არ გავთხოვილიყავი და არც შვილები მყოლოდა, თუ ასეთი ტანჯვა მელოდა წინ-მეთქი. მაგრამ, რას გათვლი ადამიანი, როცა სიყვარული დაგაბრმავებს. ახლა კი გავშორდი, მაგრამ რაღა დროს. როცა ორივე შვილი დავღუპე, გადავაყოლე მამის უზნეო საქციელს და გზას ავაცდინე. თავის დროზე უნდა მიმეღო მკაცრად ეს გადაწყვეტილება, დამესვა წერტილი და გამეთვალა, რომ მასთან ერთად ცხოვრება მხოლოდ მე არ მავნებდა და შვილებსაც არ გავწირავდი. ახლა გვიანია ამაზე საუბარი, მაგრამ მინდა, ყველას ვუთხრა: არასოდეს გაწიროთ შვილები ქმრის და იმის გამო, რას იტყვის ხალხი. სად არის ახლა ის სანათესაო, რომელიც ჭკუას მარიგებდა? მიჩიჩინებდნენ, განათხოვარი ქალის სახელი არ დაირქვაო. ვინმემ მომიკითხა? ან ჩემს შვილებს მიაკითხა ციხის კარზე? არც არავინ. ისე წაბრძანდა ბიძამისთან რაიონში, არც მოუხედავს უკან. არც შვილებს კითხულობს და არც მე. მშობლები რომ ჰყოლოდა ცოცხალი ან დედმამიშვილი, იქნებ მათ მაინც დაერიგებინათ, მაგრამ ამაშიც უიღბლო აღმოვჩნდი. დღე და ღამე იმას ვლოცულობ, ჩემი შვილები ჯანმრთელები გამოვიდნენ და სხვა საფიქრალი და სადარდელი აღარ მაქვს. თორემ, მთელი ცხოვრება ვერ მოვინელებ იმას, რომ ჩემ გამო იხდიან იმ სასჯელს, რაც თავიდან სიყვარულის და შემდეგ სინანულის გამო დავუშვი. არადა, რა მექნა? ქუჩაში გასაგდებად მენანებოდა ჩემი ქმარი, ვფიქრობდი, ახლა გამოსწორდება, ახლა-მეთქი და საბოლოოდ, შვილებმა იწვნიეს იმის შედეგი, რასაც მე ვერ დავადგი საშველი, რა შეცდომაც დავუშვი პირად ცხოვრებაში და რის გამოც დავიღუპე.

ნინო, 43 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი