გულახდილი საუბრები

შეყვარებულის დედამ დამიწუნა, სხვაზე გავთხოვდი და ცხვირი წავიმტვრიე

№43

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 31.10

ოჯახური ურთიერთობა
დაკოპირებულია

უზომოდ შეყვარებული ვიყავი ბიჭზე, რომლის ოჯახს არ ვიცნობდი. ერთმანეთი ერთ-ერთ ღონისძიებაზე გავიცანით და დავახლოვდით. თითქმის ყოველდღე ვხვდებოდით ერთმანეთს და ჩვენს ერთობლივ მომავალს ვგეგმავდით. სიმართლე გითხრათ, ძალიან ცოტა რამ ვიცოდი მისი ოჯახის შესახებ, თავად ამბობდა, ცოტა მკაცრი მშობლები მყავსო, მაგრამ რას წარმოვიდგენდი, თუ მათი გაცნობის მერე, საერთოდ დამეკარგებოდა მათ შვილზე გათხოვების სურვილი და რძლობა კი არა, მათ სახლში ფეხის შედგმისა და მათი  სურვილიც კი. არადა, მათი შვილი მართლა ძალიან მიყვარდა. 

მეგონა, მის გარეშე ვერ ვისუნთქებდი, მისი ყურადღების გარეშე მოვკვდებოდი და დავიღუპებოდი. მისგანაც იმავეს ვგრძნობდი. ერთი სიტყვით, ჩვენ რომ გადაწყვეტილი გვქონდა ყველაფერი და დაქორწინებაზე წავიდა საუბარი, თავად ვთხოვე, შენი მშობლები გამაცანი-მეთქი. მის ძმას ვიცნობდი და ძალიან კარგი ადამიანის შთაბეჭდილება დამიტოვა. ჩემთან ორივე ძმა იყო ნამყოფი – ჩემს დაბადების დღეზე ამოვიდნენ, გაიცნეს ჩემი მშობლები და ჩემმა მომავალმა საქმრომ მამაჩემთან იმდენი დალია, მისმა ძმამ ძლივს წაიყვანა სახლში. მის სახლში ასულს კი დედამისი ისეთი ცხვირაბზუკული დამხვდა, თითქოს ჩემს წინაპრებს მისი ვალი ჰქონოდათ. არც კი მიცნობდა და გადმოცემით ასეთი ნეგატიური შთაბეჭდილება როგორ შეექმნა, დღემდე არ ვიცი. ზედაც არ მიყურებდა, ცდილობდა, ჩემი ყველა სიტყვა დაეიგნორებინა. მაგრძნობინა, რომ იქ ზედმეტი ვიყავი და მისთვის შეუფერებელი სარძლო. ვეცადე, არ შემემჩნია, მაგრამ ჩემი შეყვარებული მიხვდა და დროულად გამომაცილა იმ გარემოს. მასთან ვერ დავმალე და პირდაპირ მივახალე: დედაშენი უზრდელი ქალი ყოფილა, რას ნიშნავდა მისი საქციელი, ფაქტობრივად, სახლიდან გამომაგდო-მეთქი. იუარა, იგონებო და კამათი მოგვივიდა. სახლში მისული, ცრემლებს ვერ ვიკავებდი და დედაჩემმა რომ მკითხა მიზეზი, მოვუყევი. გადაირია ქალი: ნეტავ რას გიწუნებენ ან რა აქვთ ჩვენზე მეტი. მათგან შორს დაიჭირე თავი. შვილო, ეგენი მთელი ცხოვრება გაგაწამებენ, სჯობს, დაივიწყოო. იმის მტკიცებას, რომ ჩემი შეყვარებული სიგიჟემდე მიყვარდა და მხოლოდ მასთან მინდოდა მომავალში ვყოფილიყავი, აზრი არ ჰქონდა. თუმცა, ნაწყენი კი ვიყავი მასზე, რომ შეეცადა, დედამისი დაეცვა. დაქალებმაც შემიჩიჩხინეს: ეგ რა კაცია, დედამისი ვერ მოუსვია თავის ადგილზე, როგორ იკადრა და დაიცვა დედამისი, ფაქტობრივად, შენ არ გცა პატივიო. ჰოდა, შეძახილმა ხე გაახმოო, ასე მომივიდა. გაბრაზებული და შეგულიანებული ჯერ მის ზარებს არ ვპასუხობდი, მერე სოციალურ ქსელში დავბლოკე, ვემალებოდი, რომ სადმე არ ვენახე და საბოლოო ჯამში, გადავწყვიტე, სხვა ბიჭის ცოლი გავმხარიყავი. არ ვიცი, ამით რისი დამტკიცება მინდოდა. ალბათ, იმისი, რომ ენანა, როგორი გოგო დაკარგა, მაგრამ საბოლოო ჯამში, მე გამიხდა სანანებელი. სკოლიდან ვუყვარდი ერთ ბიჭს, ხშირად მწერდა ხოლმე სოციალურ ქსელში და ხან ვპასუხობდი, ხან ვაიგნორებდი და სწორედ მასთან დავიწყე მიმოწერა. რამდენიმეჯერ შევხვდი და ორ თვეში ცოლადაც გავყევი. არ ვიცი, როგორ დამებინდა თვალები, რამ ამირია ტვინი და რის გამო გავყევი ადამიანს, რომელიც არც კი მომწონდა. ცხვირიც წავიმტვრიე და საკუთარი თავიც ისე დავსაჯე, ვერასდროს რომ ვერ მოვინელებ. ჩემმა ყოფილმა შეყვარებულმა კი ცოლიც მოიყვანა, ცალკეც გადავიდა საცხოვრებლად და არაჩვეულებრივი ოჯახი აქვს. მე კი შემრჩა უსაქმური ქმარი, რომელიც მთელი ცხოვრება მე უნდა ვათრიო. მამამთილის ხელის შემყურე უნდა ვიყო, როდის მომცემს საჭმლის ფულს და ვიფიქრო იმაზე, შვილს როგორმე შევუქმნა პირობები, მომავალში მაინც დაჩაგრული არ იყოს. ახლა გვიანია სინანული, ვიცი, ავჩქარდი და ამის გამო ვისჯები.

თამთა, 31 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა