გულახდილი საუბრები

საყვარლის შვილს, მისი გარდაცვალების შემდეგ, საკუთარი შვილივით ვზრდი

№25

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 27.06

ურთიერთობა
დაკოპირებულია

ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე საჯაროდ მომინდებოდა ჩემი ამბის მოყოლა. ახლობლებმა იციან, მაგრამ როცა უცხო იგებდა, არ სჯეროდა. 

კაცი ვარ და ვერ დავიწყებდი ყველგან ამ ამბის თხრობას, არც ვინმესთან მაქვს რაიმე ასახსნელი. უბრალოდ, როგორც საჭიროდ მივიჩნიე, ისე მოვიქეცი. ბევრჯერ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ბიჭებს, სუფრასთან, ვითომ შესაქებად, მაგრამ სინამდვილეში, გულის სატკენად, ისიც კი უთქვამთ: სხვისი ნაბიჭვარი რომ გაზარდე, აი, ყოჩაღ შენო... და ამის გამო მიჩხუბია და არაერთი მიცემია კიდეც. მოკლედ, გურიის ულამაზეს სოფელში დავიბადე და გავიზარდე. სკოლის დამთავრების მერე, უმაღლესში ჩავაბარე და დედაქალაქში, ნაქირავებ ბინაში დამოუკიდებლად მომიწია ცხოვრება. ძალიან მიჭირდა საოჯახო საქმეების კეთება, არ ვიცოდი, არ გამომდიოდა. იტალიური ეზო იყო და მეზობლები ხშირად გამზადებულ საჭმელს მაწვდიდნენ, წვიმაში სარეცხს ხსნიდნენ, რომ არ დასველებულიყო და მინახავდნენ... ძალიან ვუყვარდი ყველას. ისეთ ოჯახში გავიზარდე, ზრდილობას, ქალისა და ზოგადად, კეთილმოსურნის პატივისცემას რომ მასწავლიდნენ და არც მე მეშლებოდა. გურიიდან რომ ჩამომივიდოდა ამანათი, ნახევარზე მეტს მეზობლებს ვურიგებდი. მანდარინი და ლიმონი კი, რაც მე იქ მდგმურად ვცხოვრობდი, აღარც უყიდიათ. სხვათა შორის, იმ ეზოს იმდროინდელ ბიჭებთან ახლაც კარგი ურთიერთობა მაქვს. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ეზოში ცხოვრობდა მარტოხდელა დედა. ულამაზესი გოგო იყო, თხელი აღნაგობის, მაღალი, ეშხიანი, შავი თმით, მუქი ფერის კანითა და მწვანე თვალებით. მისი შვილი მაშინ სამი წლის გახლდათ და მისთვის ხშირად მიმქონდა შოკოლადები, კანფეტები, სათამაშოები. მეცოდებოდა, მამა რომ არ ჰყავდა და დედასაც არ ჰქონდა იმდენი, ფუფუნებაში გაეზარდა. დედამისი ბაღიდან რომ მოიყვანდა, მაშინვე ჩემთან გამორბოდა. მისი წყალობით დავმეგობრდი დედამისთან და ისე მოხდა, ერთ თვეში საყვარლები გავხდით. არაჩვეულებრივი, თბილი ადამიანი იყო, მზრუნველი და ალალი. ის მიკეთებდა საჭმელს, მირეცხავდა, მიუთოებდა, სახლს მიწკრიალებდა და სულ მეუბნებოდა: ვიცი, ერთ დღეს ერთად აღარ ვიქნებით, მაგრამ გთხოვ, არ დაგავიწყდეო. მართლა ვუყვარდი, ვგრძნობდი ამას. ბევრი რომ არ გავაგრძელო, უმაღლესი რომ დავასრულე, ჩემს მხარეში წავედი და რასაკვირველია, იმ გოგოსთანაც გავწყვიტე კავშირი. ბიჭებს ხშირად ვურეკავდი და ვკითხულობდი მის ამბავს. სადღაც გულში მეშინოდა კიდეც და ვფიქრობდი: რომ გათხოვდეს, როგორ მეწყინება-მეთქი. ჩემზე გაცილებით დიდი იყო და ძალიანაც რომ შემყვარებოდა, ცოლად მაინც ვერ მოვიყვანდი. გავიდა წლები და სამსახურის გამო თბილისში მომიწია ჩამოსვლა. დრო მქონდა და ვიფიქრე, მივალ იმ ეზოში, მეზობლებს მოვიკითხავ, ახალგაზრდობას გავიხსენებ-მეთქი. მივედი და თთქმის ყველა მეზობელი ვნახდე, გადაირივნენ სიხარულით. თუმცა, ის ერთადერთი, რომლის ნახვაც ყველაზე მეტად მინდოდა, არ ჩანდა. რომ ვიკითხე, მითხრეს: საწყალი სიმსივნით გარდაიცვალა, ეს ბავშვი უპატრონოდ დარჩა, ამის დარდი გაყვაო. ბავშვი, რასაკვირველია, არცერთმა მისმა ნათესავმა არ წაიყვანა. მარტო ცხოვრობდა, ისევ ამ მეზობლების იმედად. დღე სწავლობდა და საღამოობით მტვირთავად მუშაობდა, რომ თავი ერჩინა. მისი ამბავი რომ მიმიყვნენ, გული მომიკვდა. ბევრი ვიფიქრე და გადავწვიტე, ჩემთან წამეყვანა, გვერდით დამეყენებინა და მასზე მეზრუნა. ასეც მოვიქეცი, 15 წლის ბიჭს მოვკიდე ხელი და ჩემთან წავიყვანე. მანამდე კი დავუჯექი და ყველაფერი მოვუყევი, რაც დედამისთან მაკავშირებდა. დღეს ჩემს ოჯახში ცხოვრობს, საკუთარი შვილივით მყავს და ვცდილობ, მაქსიმალური გავუკეთო. ვინც რა უნდა თქვას, მე მას არ მივატოვებ. ჩემს მეტი არავინ ჰყავს და ზუსტად ვიცი, დედამისი იმქვეყნად ხარობს, მისი შვილი რომ სანდო ხელშია.

ნიკუშა, 39 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

24-30 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული