გულახდილი საუბრები

საყვარელმა მამაკაცმა ულტიმატუმი წამომიყენა – ან მე, ან ბავშვიო და სამუდამოდ დავკარგე

№51

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 01.01

უშვილობას ვნანობ
დაკოპირებულია

ქმარს რომ გავშორდი, ჩემი ოჯახისთვის დიდი ტრაგედია იყო. პათოლოგი აღმოჩნდა, ნამდვილი ჯალათი, რასაც შეყვარებულობის პერიოდში ვერც კი წარმოვიდგენდი.

არ ვიცი, როგორ მალავდა თავის ხასიათს. ერთი სიტყვით, ექვსი თვე გავუძელი და მერე ავიღე პირადი ნივთები და წამოვედი. ჩემს წამოსვლას მთელი ამბები მოჰყვა, არ მასვენებდა, ლანძღავდა ჩემს ოჯახს, იყო გაწევ-გამოწევა და სანამ ორივე მხრიდან სანათესაო არ ჩაერია, მანამდე ვერ მოვიცილე. ჩემი მშობლები ასაკში იყვნენ და სულ იმას წუწუნებდნენ: განათხოვრის სახელი გაქვს და სულ სხვა თვალით შემოგხედავენ, გაგიჭირდება მეორედ გათხოვება, ჩვენ როდემდე გეყოლებით, ხომ გინდა გვერდით მდგომიო. მათი მესმოდა, მაგრამ არ ვამართლებდი იმაში, რომ ერთი არ წამოსცდენიათ, გვერდით მდგომი ისეთი მამაკაცი რომ მინდოდა, რომელსაც ვეყვარებოდი და დამაფასებდა. გაშორებიდან, დაახლოებით, სამ წელში გავიცანი ბიჭი, რომელიც ტრაილერზე მუშაობდა, წარმოშობით ბათუმიდან იყო და ხშირად უწევდა თბილისში ჩამოსვლა. ხან ბათუმში იყო, ხან თბილისში, ხან თურქეთში, ხან ერევანში და ხან სად და ხან სად, სულ გზას იყო გაკრული. თვეში ორ-სამჯერ თუ ვნახავდი, ძირითადად, სოციალური ქსელითა და ტელეფონით ვკონტაქტობდით. თუმცა, ძალიან თბილი და მოსიყვარულე ადამიანი იყო, მისგან ერთი წყენაც არ მახსოვს, სანამ ორსულად არ დავრჩი და ეს ამბავი არ გაიგო. ცოლობაზე პრეტენზია არც მქონია, უბრალოდ, მინდოდა, ერთად ვყოფილიყავით. არც ორსულობა დამიგეგმავს, თავისთავად მოხდა. არ დამავიწყდება, თურქეთში იყო და ვიდეოთვალით რომ დამირეკა და ეს ამბავი ვუთხარი, ფერი დაკარგა, ენა ჩაუვარდა, ვერაფერი მითხრა, გარდა იმისა, ჩამოვალ და დავილაპარაკოთო. რასაკვირველია, მე ბავშვზე უარს არ ვიტყოდი, თუმცა, ჩემების მეშინოდა, არ ვიცოდი, როგორ გამიგებდნენ. იცოდნენ იმ ბიჭს რომ ვხვდებოდი და ველაპარაკებოდი, მაგრამ ინტიმური ურთიერთობა რომ გვქონდა, ამას ვუმალავდი. რომ ჩამოვიდა, შევხვდი და პირდაპირ მაჯახა: ან მე და ან ეს ბავშვი! არ მინდა პრობლემები, ვერც ცოლად მოგიყვან, თუმცა, ყოველთვის შენს ერთგულ ადამიანად მიგულეო. ვერ მივხვდი, რა პოზიცია იყო ეს, ვერც ის გავიგე, როგორ უნდა ყოფილიყო მთელი ცხოვრება ჩემ ვგერდით, თუ ცოლად ვერ მომიყვანდა და არც საერთო შვილი გვეყოლებოდა. ერთი სიტყვით, არც დავფიქებულვარ, ისე ვუპასუხე: მე მზად ვარ დედობისთვის და აუცილებლად გავაჩენ. შენი ნებაა, მიიღებ მას და აღიარებ თუ არა შვილად-მეთქი. იმ საღამოს მეგობართან წავედი და ყველაფერი მოვუყევი. მანაც გაჩენა და მშობლებთან დალაპარაკება მირჩია. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩემმა მშობლებმა, რა თქმა უნდა, მტკივნეულად, მაგრამ მაინც საღად მიიღეს რეალობა და დღეს, ჩემს შვილზე ამოსდით მზე და მთვარე. სულ იმას ამბობენ: ამის გარეშე, როგორ ვცხოვრობდითო. ამ ბავშვმა ცხოვრება გაგვილამაზა, ყველა დარდი და სატკივარი დაგვავიწყა, მთელს ოჯახს მომავლის იმედი გაგვიჩინა. უბრალოდ, გული მწყდება, რომ მამამისს ერთხელაც არ მოუკითხია, არ დაინტერესებულა, როგორია მისი შვილი, რა ფერის თმა ან თვალები აქვს, ჰგავს თუ არა რამით მამას. ორსულად რომ ვიყავი, მაშინ მნახა ერთხელ, ისიც რამდენიმე წუთით, სიტუაცია გადაამოწმა და რომ დარწმუნდა, მისი პოზიციის მიუხედავად, ბავშვზე უარი არ ვთქვი, წავიდა და სულ ეს იყო. ჩემს შვილს არაფერი აკლია, უბრალოდ, მეცოდება სხვა ბავშვები რომ ამბობენ: მამამ იქ წამიყვანა, მამამ ეს მიყიდა, მამაჩემი ესეთია, მამაჩემი ისეთიაო. ეს კი დგას და უსმენს. ჯერ კითხვა არ დაუსვამს და რომ გაიზრდება და მკითხავს, აუცილებლად ვეტყვი, რომ მამამისმა, სწორედ იმ დროს მიგვატოვა, როცა ყველაზე მეტად გვჭირდებოდა.

ხათო, 36 წლის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი