გულახდილი საუბრები

საყვარელმა მამაკაცმა ახალი წლის ღამეს მიმატოვა

№1

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 11.01

ახალგაზრდა ქალის ამბავი
დაკოპირებულია

ახალი წლის დღესასწაული განსაკუთრებულად მიყვარდა. მჯეროდა, რომ ამ დღეებში სასწაულები ხდება, სურვილები სრულდება და ყველაფერი დადებითი ხდება. ბავშვობიდან, სულმოუთქმელად ველოდებოდი ამ ჯადოსნურ ღამეს და ოჯახის წევრებიც საჩუქრებითა და სიურპრიზებით მანებივრებდნენ. ერთი სიტყვით, ახალი წელი სიხარულთან, სითბოსთან და სიყვარულთან ასოცირდებოდა და ეს ყველაფერი ერთ წამში დამემსხვრა. ხუთი წლის წინ გავთხოვდი და მეგონა, ცხოვრების თანამგზავრად ისეთი მამაკაცი ავირჩიე, რომელიც მთელი დარჩენილი სიცოცხლე ჩემ გვერდით იქნებოდა. უბედნიერესი ვიყავი და ვცდილობდი, ყველაფერი გამეკეთებინა, რომ ჩემი ეს ემოცია ყველას დაენახა.

ასეც იყო. ბევრი მეუბნებოდა: თიკა, როგორ გაგიმართლა, ასეთი ბიჭი რომ გყავს მეუღლედ, საოცარი წყვილი ხართო. ვერც კი დავუშვებდი, რომ ერთ დღეს და თანაც სწორედ მაშინ, როცა ყველაზე ბედნიერი ვიყავი, სამყარო თავზე ჩამომექცეოდა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, შარშან, ახალი წელი რომ დგებოდა, მე და ჩემმა დედამთილმა სუფრა გავშალეთ, ნაძვისხის ქვეშ საჩუქრები დავალაგე, გამოვიპრანჭე და იმის მოლოდინში, რომ ოჯახის წევრების გვერდით ბედნიერად შევხვდებოდი ახალ წელს, საათს წამდაუწუმ ვუყურებდი. ჩემი მეუღლე კი დილიდან უცნაურად იქცეოდა. თითქოს რაღაცას განიცდიდა, ნერვიულობდა. ვკითხე კიდეც: ბექა, ხომ მშვიდობა გაქვს, მეჩვენება რაღაცას განიცდი და რამე ხომ არ მოხდა-მეთქი. არაო, ცივად მიპასუხა. შუადღეზე ბავშვი წაიყვანა სასეირნოდ და სახლში უამრავი საჩუქრით დაბრუნდა. დედამისს ულამაზესი ყელსაბამი მოუტანა, მე – სუნამო, ბავშვს კი ბევრი სათამაშო უყიდა. რომ ვუთხარი, წინასწარ არ მოგვცე საჩუქრები, ნაძვისხის ქვეშ დააწყვე და 12 საათის მერე, ერთად გავხსნათ-მეთქი, მაშინაც ცივად მიპასუხა. ათი საათი რომ გახდა, ქურთუკი ჩაიცვა და წასასვლელად გაემზადა, რომ ვკითხე, სად მიდიხარ-მეთქი, მიპასუხა: გავალ, ბიჭებს ვნახავ და ამოვალო. ჩემს დედამთილს ვთხოვე: დაურეკე, იქნებ შენ მაინც გითხრას, რა სჭირს ან ის მაინც უთხარი, რა დროს ბიჭების ნახვაა, ახალი წელი დგება-მეთქი. სხვათა შორის, ბავშვმა მითხრა: მამიკომ რომ წამიყვანა მაღაზიებში, სულ ვიღაცა ურეკავდა, სულ ლაპარაკობდა, კიდევ მინდოდა რაღაცების ყიდვა და არ მისმენდაო. ბავშვის ნათქვამს იმწუთას არ მივაქციე ყურადღება, ვიფიქრე, საჩუქრები ეცოტავა და იმიტომ მოიგონა მამიკოს ტელეფონით ლაპარაკი-მეთქი. თუმცა, დედამთილმა რომ დაურეკა და ტელეფონი გამორთული ჰქონდა, ავნერვიულდი. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ახალი წელი ისე დადგა, ბექა სახლში არ მოსულა. მესიჯი მომწერა ზუსტად 1-ის ნახევარზე: თიკა, თუ შეძლებ, მაპატიე, ნამდვილი სიყვარული ვიპოვე. არ მინდა, ტყუილში იცხოვრო და იცოდე, მე მასთან ვარო. თავზარი დამეცა, ვერ გეტყვით, იმწუთას რას ვგრძნობდი. არც ახალი წელი მახსოვდა, არც შვილი და არც საკუთარი თავმოყვარეობა. ჩემს დედამთილს წნევა აუვარდა და სასწრაფოს გამოძახება მომიწია. ერთი წელი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში, ალბათ სულ სამჯერ გავიღიმე. მრცხვენია, მტკივა და მიჭირს ცხოვრება, მაგრამ ქმარს ძალით ვერ დავიბრუნებ. იმასთან წავიდა, ვინც უყვარს და მე მათ შორის ვეღარ ჩავდგები. ახლა ჩემი მთავარი საზრუნავი ბავშვია და დედამთილი, რომელიც მე შემომციცინებს. ცდილობს, გვერდით მედგას და ამის გამო შვილსაც კი არ ელაპარაკება.

თიკა, 35 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული