გულახდილი საუბრები

საყვარელმა ადამიანმა მომატყუა და სხვა გოგოს მოსახიბლად გამომიყენა

№45

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 18.11, 2021 წელი

30 წლის ქალი
დაკოპირებულია

ვერასოდეს ვიფიქრებდი, თუ ასეთი მიამიტი და დაუკვირვებელი ვიქნებოდი. სიყვარულმა ისე დამახვია თავბრუ და დავიწყე ფრენა, ირგვლივ ვერაფერს ვხედავდი, სანამ მაგრად არ დავენარცხე დედამიწაზე, მოტყუებული და გაცურებული. მოკლედ, ერთი ბიჭი შემიყვარდა. ისე თბილად მექცეოდა, ვფიქრობდი:

მგონი, ასეთი ბიჭები აღარ არსებობენ, ალბათ, ეს ერთია და ისიც მე გამომიგზავნა ღმერთმა-მეთქი. მანებივრებდა – ყავაზე მპატიჟებდა, ყვავილებს და ლამაზ ნივთებს მჩუქნიდა... მაგრამ მერე, მოიმიზეზა, დედა მყავს ცუდად და იმდენს ვეღარ გაგიკეთებ, მაპატიეო. გულთან ისე ახლოს მივიტანე მისი ამბავი, იქით დავიწყე მისი განებივრება. რამეს რომ ვყიდულობდი და ვჩუქნიდი, თითქოს რცხვენოდა, უკადრისობდა... ყოველ შემთხვევაში, ასე იქცეოდა და მეც ისე გამაცურა, სანამ კარგად არ დამახარჯინა ფული და ნულზე არ დამტოვა, ვერაფერს მივხვდი. არ დამავიწყდება, ერთხელ რომ შემხვდა, ტირილით მიყვებოდა, დედამისმა საავადმყოფოში როგორ მოითხოვა მისი საყვარელი სუნამო და ყვავილები, მას კი ფული არ ჰქონდა, რადგან წამლებში დახარჯა. გადავირიე, გული მომეწურა, ვათქმევინე სუნამოს სახელი და მეორე დღეს შევხვდი და ყვავილების თაიგული და სუნამო გადავეცი, რომ დედამისისთვის მიეტანა. საკმაოდ ძვირი სიამოვნება დაჯდა პარფიუმერიულ მაღაზიაში იმ სუნამოს შეძენა და კი გავიფიქრე: დედამისს რა კარგი გემოვნება ჰქონია-მეთქი. აღმოჩნდა, ის სუნამოც და ყვავილების თაიგულიც სხვა გოგოს მოსახიბლად უნდოდა, რომელსაც ეპრანჭებოდა. მე რას მივხვდებოდი? მოკლედ, ხან რა მოიმიზეზა დედამისის სახელით, ხან რა და მე სულელიც, ვალებს ვიღებდი, ვყიდულობდი და ვატანდი, ვითომ დედასთან. ერთ დღესაც, უნივერსიტეტში კურსზე, ახალი გოგონა შემოგვიერთდა, სხვა სასწავლებლიდან გადმოვიდა. ის რომ არა, ალბათ, საბოლოოდ ჩავიძირებოდი ვალებში. ხელზე საათი შევამჩნიე, რომელიც წინა დღეებში ჩემი საყვარელი ბიჭის დედისთვის შევიძინე. თან, იმდენად უცხო და იშვიათი იყო, ვკითხე კიდეც, სად იყიდე-მეთქი და მიპასუხა, თაყვანისმცემელმა მაჩუქაო. რამდენიმე დღის შემდეგ, ზუსტად იმ სუნამოს სუნი მეცა, რომელიც დედამისს გავუგზავნე. რომ ვკითხე, რომელ სუნამოს ხმარობ, რა სასიამოვნო სუნი აქვს-მეთქი, ისევ მიპასუხა: თაყვანისმცემელმა ბიჭმა მაჩუქა, არ მაქვს ჩანთაში, ხვალ წამოვიღებ და განახვებო. ვიფიქრე, ზოგს რა ბედი აქვს, გოგოც ეს არის, რაც მომეწონა, ყველაფერზე ამბობს, თაყვანისმცემელმა მაჩუქა, მე კი, თვეებია, ყავაზეც არ დავუპატიჟებივარ, აქეთ ვუხდი ფულს და დედამისს საჩუქრებით ვანებივრებ-მეთქი. თან, ის უნამუსო, რომ მივცემდი საჩუქარს წასაღებად, თითქოს წითლდებოდა, არ იღებდა, მახვეწნინებდა, მერე კი მირეკავდა და მეუბნებოდა: დედამ მადლობა გადაგიხადა, ერთი სული აქვს, როდის გამოვა საავადმყოფოდან და გაგიცნობს, მის გვერდით ვარ და მოკითხვას და სიყვარულებს გიგზავნისო. ერთი სიტყვით, ჩემი კურსელი გოგოთი გამოვიჭირე. საეჭვოდ მომეჩვენა ჩემი შეძენილი საჩუქრებისა და იმ გოგოს ნივთების დამთხვევა, თან თვეები გადიოდა და დედამისს არ წერდნენ საავადმყოფოდან. ჰოდა, ხრიკი მოვიგონე, მართალია გვიან, როცა უკვე ვალებში ვიხრჩობოდი, მაგრამ მაინც. მოკლედ, სამაჯური ვიყიდე, შიდა მხარეს ნიშანი ამოვატვიფრინე და ვაჟბატონს ჩემს ვითომ სადედამთილოსთან გავატანე. გავიდა რამდენიმე დღე და ის სამაჯური ჩემს კურსელ გოგოს უკეთია. ეს იყო ბოლო ზღვარი. მის თვალწინ დავურეკე იმ უნამუსოს და ვლანძღე და ვაგინე. ეს გოგო გაშტრებული კი მიყურებდა, მაგრამ ხვდებოდა, რაც დამემართა და თავადაც, თითქოს დამნაშავედ თვლიდა თავს. ის ვაჟბატონი კი დავიფრინე ჩემი ცხოვრებიდან, მაგრამ იმდენად მიყვარდა, ახლაც უდიდესი ტრავმა მაქვს გულში. არ დამავიწყდება, ის გოგო მეხვეწებოდა, ყველა საჩუქარს დაგიბრუნებ, უკან მოგიტან, მოგცემ, არ ინერვიულოო. იმის გამომრთმევი ვიყავი? ფაქტია, ისე გამაცურა და მატყუებდა, რომ არა ის გოგო, ალბათ, კარგა ხანს ტყუილში და ღრუბლებში „ვილივლივებდი“. ახლა კი ყველა თაყვანისმცემელ ბიჭს ეჭვის თვალით ვუყურებ. არც ყვავილებს ვიღებ და არც საჩუქრებს. არავის ვხვდები. იმდენად მაქვს გული ნატკენი და ისეთი შეურაცხყოფილი ვარ, დიდი ხანი ვერ მოვიშუშებ იარას. ვალებს კი ნელ-ნელა დღესაც ვიხდი.

ნიაკო, 24 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი