გულახდილი საუბრები

საყვარელი გოგოს გამო ციხეში აღმოვჩნდი, ის კი გათხოვდა

№50

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 23.12, 2021 წელი

ურთიერთობა
დაკოპირებულია

ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ სიყვარული ასე დამღუპავდა, სისულელეებს ჩამადენინებდა და ცხოვრება თავზე დამენგრეოდა. არ ვიცი, როგორ დამიბნელდა თვალები, რა დამემართა, რის გამო ჩავიდინე ის საქციელი, რაც ნამდვილად არ მეკადრებოდა. 

მოკლედ, ერთი გოგონა მომეწონა, ვცდილობდი, თავი შემეყვარებინა და მის გამო ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი. ჩემი ოჯახი არ იყო ისეთი შეძლებული, ყოველდღიურად მისთვის ასი წითელი ვარდი, ფრანგული სუნამო ან სხვა ძვირფასი საჩუქრები მიმერთმია. რამდენიმეჯერ ძლივს დავითანხმე, ბარში წამომყოლოდა და იქ გადახდილი ფულიც ვალად ავიკიდე. მერიდებოდა, ყოველდღიურად მშობლებისთვის ფულის გამორთმევა. აბა, სტუდენტს რა ფული უნდა მქონონდა, არც ვმუშაობდი. მოკლედ, მისი დაბადების დღე მოდიოდა. ბევრი ვიფიქრე, რა მეჩუქებინდა და ოქროს სამკაულის ყიდვა გადავწყვიტე. მივდექ-მოვდექი ძმაკაცებში ფულის სასესხებლად, მაგრამ არავის აღმოაჩნდა. მშობლებს, იმ პერიოდში ფინანსური კრიზისი ჰქონდათ და ვერ ვთხოვდი, მაინც ვერ მომცემდნენ. ვიფიქრე, წავალ ოქროს ბირჟაზე, ფასებს გადავხედავ და იქნებ, იმის მიხედვით რამე ნივთი გავყიდო სახლიდან და იმით ვუყიდო-მეთქი. წავედი და ისეთი სილამაზეები ვნახე, ცდუნებამ მძლია. ჩემდა სამწუხაროდ, ვერ მოვთოკე თავი და მოპარვა გადავწყვიტე. ერთ გამყიდველთან შევჩერდი. ისეთი ჩაცმული ვიყავი, ვერც კი იფიქრებდა, რა განზრახვა მქონდა. ბევრი ბეჭედი გადმოვაღებინე, ვარჩიე, ვარჩიე და ბოლოს იმდენი მოვახერხე, სხვა ბეჭდების გადმოსაღებად და საჩვენებლად რომ დაიხარა, მოვასწარი და ერთი ბეჭედი პირში ჩავიდე. იმწუთას არ წამოვსულვარ. კიდევ ვარჩიე და ბოლოს ვუთხარი: ვერ ავარჩიე, მირჩევნია, თავად მოვიყვან იუბილარს, მან აარჩიოს და მერე ვუყიდი, ასე ჯობია-მეთქი. გამყიდველიც დამეთანხმა და გამიღიმა. კარში არ ვიყავი გასული, დაცვამ რომ ხელი ჩამავლო. იმ ქალისთვის, გვერდით მდგომ გამყიდველ ქალს უთქვამს, საეჭვოდ მომეჩვენა, შენ რომ დაიხარე, პირში რაღაც ჩაიდო და გადაამოწმეო. მოკლედ, ასე ავღმოვჩნდი საბრალდებო სკამზე და თავიც დავიღუპე. რასაკვირველია, ჩემმა ძმაკაცებმა იმ გოგოს აუხსნეს, რაც მოხდა და გადასცეს ჩემი დაბარებული, რომ ძალიან მიყვარდა, მის გამო ჩავიდინე დანაშაული. ვთხოვდი, დამლოდებოდა, არ გათხოვილიყო და შეცდომას აუცილებლად გამოვასწორებდი. ძმაკაცებს ეს რომ უთქვამთ, იმ გოგოს უტირია. ამან კიდევ უფრო დიდი იმედები ჩამისახა და დარწმუნებული ვიყავი, დამელოდებოდა. მოკლედ, ქურდობისთვის სამი წელი მომისაჯეს. ოჯახი გავანადგურე. გეფიცებით, ციხეში ყოფნისას, მხოლოდ ჩემს საყვარელ გოგოზე ვფიქრობდი, ვოცნებობდი ისევ როდის ვნახავდი, გონებაში ვაწყობდი სიტყვებს, რას ვეტყოდი და მასზე ფიქრში გამყავდა დღეები და ღამეები. თურმე, სულ ტყუილად დავინგრიე ცხოვრება, გავაუბედურე მშობლები და ნაციხარის სახელი დავირქვი. ერთი წელიც არ იყო გასული, რომ გათხოვდა. ჩემი ძმაკაცებისთვის უთქვამს: გადაეცით, რომ გამოვა, არ შემაწუხოს, ჩემი სახელიც არ ახსენოს, ნაციხარ ადამიანთან არაფერი მესაქმება. რომ ვიცნობდი, ისიც „მიტყდებაო“. მინდიდა, იმ წამს მოვმკვდარიყავი. სამი წელი ვიტანჯე და თავისუფლებაზე გამოსული, კიდევ უფრო ვიტანჯები. რის გამო შევწირე ჩემი მომავალი იმ გოგოს, რის გამო გავაუბედურე ჩემი ოჯახი და საუკეთესო წლები ციხეში გამოვიკეტე? ღირდა ამად ის სიყვარული, რომლის გამოც ყველაფერი დავთმე? ახლა ვერაფერს შევცვლი, მაგრამ აუცილებლად შევხვდები ოდესმე იმ გოგოს, რომელზე ოცნებამაც გამანადგურა, თვალებში ჩავხედავ და ვეტყვი, რომ დამნაშავე ვარ, მაგრამ ჩემს საქციელს არ ვნანობ, უბრალოდ, საკუთარი თავი მებრალება ასეთი თავგანწირვისთვის და უიღბლო სიყვარულისთვის.

ნიკუშა, 26 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი