გულახდილი საუბრები

საყვარელი ადამიანის გამო ოჯახს დავუპირისპირდი

№21

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 05.06

ურთიერთობა
დაკოპირებულია

მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელ ადამიანად მზრდიდნენ, ოჯახის წევრებს ჩემ მიმართ გარკვეული მოთხოვნები ჰქონდათ. სულ მესმოდა დედისგან:

ვიცი, ჭკვიანი ბიჭი ხარ და გაითვალისწინებ, როგორი გოგოც მე მენდომება, ისეთს შეიყვარებ. ხომ იცი, როგორი გოგონები მომწონს, თან, შენ დასაც შეხედე, როგორია. უცხვირპიროსა და გაუნათლებელს ვერ ავიტანო. რასაკვირველია, უცხვირპირო და გაუნათლებელი გოგონები მეც არ მომწონდა, მაგრამ აი, ჩემი დისთვის რატომ უნდა შემეხედა და ჩემს რჩეულსა და ჩემს დას შორის პარალელი რატომ უნდა გამევლო, ამას ვერ ვხვდებოდი. გასაგებია, რომ დედას ჩემთვის კარგი ცოლი უნდოდა, მაგრამ სულ ვიცოდი, ისეთს ვერ შევიყვარებდი, როგორიც მას მოეწონებოდა. უცნაური ხასიათი აქვს დედაჩემსაც და ჩემს დასაც. მამა შედარებით დელიკატურია, როცა საქმე პირად ურთიერთობებს ეხება. ერთი სიტყვით, ჩემი და რომ გათხოვდა რაიონელ ბიჭზე, არც ბინა ჰქონდათ და არც შესაძლებლობა, რომ თავი დამოუკიდებლად ერჩინათ, დედაჩემსა და მამაჩემს ხმა არ ამოუღიათ. გარკვეული დრო, ჩვენთან ცხოვრობდნენ, მერე ქირით გადავიდნენ, ბანკიდან სესხი გამოიტანეს და ბინა იყიდეს. რასაკვირველია, ბანკის სესხის გადახდაში ჩემი და ჩემი სიძის მშობლებიც იყვნენ ჩართული. არასოდეს გამომითქვამს პრეტენზია და არც საყვედური მითქვამს. მესმოდა, რომ ერთმანეთი უყვარდათ და ერთმანეთის გვერდში დგომით, ყველაფერს მიაღწევდნენ. აი, ჩემს პირადზე რომ მიდგა საქმე, იქ ჩემმა მშობლებმა და დამაც „გაჭედეს“. მართლა არ არის ჩემი რჩეული გაუნათლებელი, ცხვირაწეული და შეუგნებელი გოგო, ლამაზიცაა და გემოვნებიანიც, მაგრამ ჩემებს თავი ვერ მოაწონა. თავიდანვე აითვალწუნეს. ერთადერთი, რასაც მისი დაწუნების გასამართლებლად ამბობდნენ, ის იყო, რომ ჯერ ჩემი და ჰყავდათ საზრუნავი და ჩემი ცოლის მოყვანა ადრე იყო. არადა, უკვე ოცდათორმეტი წლის ვარ, მიყვარს, ვიცი, ამ ადამიანთან ბედნიერი ვიქნები და რაღას ველოდო? როგორც ვხვდები, ჩემს დას სულ დასჭირდება დახმარება და ამის გამო უცოლო ხომ ევრ დავრჩებოდი. ერთი სიტყვით, არასდროს რომ არ შევწინააღმდეგებივარ ჩემს ოჯახს და არც ხმამაღალი სიტყვა მითქვამს, ისე გამომიყვანეს წყობიდან, კამათი მომივიდა და მათგან წამოვედი. ულტიმატუმი წამიყენეს: თუ ცოლად მაგ გოგოს მოიყვან, სადაც გინდათ, იქ წადით, სახლში არ დაგინახოთ მოსულიო. რომ ვეკითხებოდი, რის გამო, რას უწუნებთ-მეთქი, პასუხი იყო: ახლა სხვა რამეები გვაქვს მოსაგვარებელი. დაიცადე, ცოლს ყოველთვის მოიყვან, ხომ ხედავ, ჯერ შენ დას სჭირდება ფეხზე დაყენებაო. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ფაქტი იყო, ფრთაშესხმული ანგელოზი რომ მიმეყვანა სახლში, აზრს არ შეიცვლიდნენ. მე კი არ ვაპირებდი ჩემს პირად ბედნიერებაზე უარის თქმას. მოვკიდე ხელი ჩემს გოგოს, იუსტიციაში მივედით, მოვაწერეთ ხელი, ვიქირავეთ ბინა და იქ გადავედით საცხოვრებლად. ნამდვილად არ მაქვს იმდენი, ბინა ვიყიდო და არც ჩემი ცოლის ოჯახია ისე შეძლებული, ამ მხრივ დაგვეხმარონ. თუმცა, რაც შეუძლიათ, გვერდით გვიდგანან. ჩემები კი იმ აზრზე არიან, რომ ცოტა ხანში ვერ შევძლებ ქირით ცხოვრებას, გამიჭირდება და დავშორდები ცოლს. ჩემმა დამ ისიც კი მაკადრა: დედას გადასარევი, შეძლებული გოგო ჰყავდა შენთვის შერჩეული და ამას რას გადაეკიდეო. ამის მერე როგორ მომიბრუნდეს ენა და როგორ ვაკადრო ის, რაც იმწუთას მასზე გავიფიქრე. როგორ ვუთხრა, რომ ჩემი ასეთ მდგომარეობაში ყოფნა სწორედ მისი ბრალია, უქონელს და უპოვარს რომ გადაეკიდა და ოჯახის ბიუჯეტის ნახევარზე მეტი, მის ბედნიერად ცხოვრებაზე იხარჯება. მე კი წელებზე ფეხს ვიდგამ, რომ ჩემს ცოლთან ერთად თავი გავიტანო. არა უშავს, შრომა არ მეზარება და არც დავიღლები იმის გამო, რომ უკეთესი მომავალი შევიქმნა. არავისი არაფერი მჭირდება, იმ ასაკში ვარ ზუსტად ვაცნობიერებ, რა მინდა, ვისთან და როგორ. თუ ჩემი ოჯახი ჩემს ცოლს არ მიიღებს, არც მე მინდა მათ გვერდით ყოფნა. მირჩევნია, გარიყული ვიყო, მაგრამ დამოუკიდებელი და ბედნიერი, ვიდრე დედის მიერ არჩეული გოგოს გვერდით და მის მიერ დაგეგმილი ჩემი მომავლით, რომელიც მე არ მინდა.

ზუკა, 32 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა