გულახდილი საუბრები

საყვარელ მამაკაცზე გათხოვება რომ დავაპირე, მაშინ გავიგე, რომ ცოლიანი ყოფილა

№23

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 16.06

ქალის ამბავი
დაკოპირებულია

არასოდეს ვყოფილვარ ცანცარა და ბიჭებზე გადარეული გოგო. ყოველთვის თავშეკავებული და მორცხვი ვიყავი. ჩემი მეგობრები სულ ხუმრობდნენ:

მაგ შენი ხასიათის გამო ისე დაბერდები, არცერთ ბიჭს არ გაიკარებ და ქალიშვილი დარჩებიო. მიუხედავად იმისა, რომ მშობლები სრულ თავისუფლებას მაძლევდნენ, არც არსად წასვლას მიკრძალავდნენ, არც გვიან საღამომდე კაფეში ან ბარში ჯდომას და არც დაქალთან ღამით დარჩენას, მე მაინც სახლში ყოფნა მერჩივნა. ერთი სიტყვით, მხოლოდ სწავლაზე, სამსახურსა და ჩემს საქმეზე ვიყავი ორიენტირებული. ყველა ჩემი დაქალი რომ გათხოვდა და შვილები გაუჩნდათ, მერე დავფიქრდი, რომ მეც მჭირდებოდა საყვარელი მამაკაცი. ეს ერთგვარი სტიმულიც იქნებოდა, ცხოვრებაში სიახლეც და თან, უკვე დრო იყო, ოჯახი შემექმნა. რომ ვთქვა, თაყვანისმცემელი ბიჭებით გარშემორტყმული ვიყავი-მეთქი, მოვიტყუები. თუმცა, სიმპათიებს ვგრძნობდი. სამსახურიდან ტრენინგზე გამიშვეს კახეთში და სწორედ იქ გავიცანი დათო. ისიც სამსახურიდან იყო მოვლენილი. სასტუმროს ოთახში მარტო ვიყავი, არ მეძინებოდა და ვიფიქრე, ცოტას სუფთა ჰაერზე გავივლი-მეთქი. გადავიხედე აივნიდან და ეზოში არავინ ჩანდა. ყველა ისეთი დაღლილი იყო, ალბათ, ადრე დაძინება არჩიეს. მოკლედ, შემოვიხვიე პლედი და ჩავედი ეზოში. არ ვიცი, საიდან გაჩნდა ჩემ გვერდით დათო. როგორც მერე მითხრა, ფანჯრიდან დავუნახივარ. ბევრი ვისეირნეთ, მერე დავსხედით და ჭიქა ღვინოზე, ბევრი ვისაუბრეთ და უკვე გათენებას რომ აპირებდა და ირიჟრაჟა, ვუთხარი, წავიდეთ, დავიძინოთ-მეთქი. ისე კომფორტულად ვიყავი, ისე გავიდა მასთან საუბარში დრო, თითქოს შეჩერდა და ვიგრძენი, ეს ადამიანი ძალიან ახლობელი იყო ჩემთვის. იმდენი რამ მოვუყევი, ფაქტობრივად, უცხო ადამიანს, მერე თავად მიკვირდა. მოკლედ, დათომ მთხოვა: არ მეძინება და მოდი, მზის ამოსვლასაც ერთად ვუყუროთ, უბრალოდ, ნომერში ავიდეთ, ცოტა შემცივდაო. დავთანხმდი და მის ნომერში ავყევი. იმდენად სასიამოვნო გარემო იყო, მოხვევაზე და კოცნაზე კი არა, ინტიმურ კავშირზეც არ მითქვამს უარი. თან, წითელმა ღვინომაც იმოქმედა. თბილისში რომ ჩამოვედი, არც მაშინ მინანია, რაც იმ ღამით მოხდა. დათო თითქმის ყოველდღე მირეკავდა, კვირაში ერთხელ მხვდებოდა და ვგრძნობდი, თანდათან მიყვარდებოდა და მის გარეშე ყოფნა მიჭირდა. მისთვის არ მითქვამს, მაგრამ ჩემთვის დავსახე გეგმები, როგორ ვიცხოვრებდი მის გვერდით, როგორ მოვაწყობდი ბინას, როგორი დიასახლისი და ცოლი ვიქნებოდი. დედა ხშირად მეკითხებოდა: ამ ბოლო დროს უცნაურად გიციმციმებს თვალები, ოჯახის წევრებს აღარ გვეკონტაქტები და რა ხდებაო. მე კი მეღიმებოდა და არაფერს ვპასუხობდი. მინდოდა, დათოსთან გამერკვია სიტუაცია, დაგვეთქვა ხელის მოწერის დღე და მერე ვეტყოდი მის შესახებ მშობლებს. ასეც მოვიქეცი – დათომ რომ დამირეკა, არ აპირებდა შეხვედრას და ვთხოვე, აუცილებელი საქმე მაქვს და შემხვდი-მეთქი. უკვე ექვსი თვე იყო გასული ჩვენი გაცნობიდან და თან, მალულად, ნაქირავებ ბინაში კვირაში ერთხელ, ქურდივით მიპარვა და გამოპარვაც აღარ მინდოდა. გადავწყვიტე, დათოს სერიოზულად ურთიერთობის დაკანონებაზე დავლაპარაკებოდი, ხელი მოგვეწერა და თამამად, ყოველგვარი მალვის გარეშე გვეცხოვრა ერთად. რომ შემხვდა და ჩემი აზრი ვუთხარი, გაწითლდა, დაიბნა, ალუღლუღდა და ბოლოს ამოღერღა: ეს ვერ მოხდებაო. რომ ჩავეძიე, რატომ–მეთქი, მიპასუხა: მე არ მომიტყუებიხარ, მართლა კარგი ადამიანი ხარ, მსიამოვნებს შენს გვერდით ყოფნა, მაგრამ ცოლი მყავსო. არადა, ყველაფერზე ლაპარაკობდა, ცოლის გარდა და საიდან მივხვდებოდი, რომ ცოლიანია? ცივმა ოფლმა დამასხა, თუმცა თავი ხელში ავიყვანე და არაფერი მითქვამს, ისე ავდექი და მივატოვე. მას მერე მირეკავდა, მხვდებოდა სახლთან, სამსახურთან, მაგრამ ახლოს არ ვიკარებდი. ვაჩვენებდი, რომ კარგად ვიყავი, მაგრამ შიგნიდან ცეცხლი მწვავდა. მან კარგად იცოდა ჩემი შინაგანი სამყარო, ხასიათი და განცდები და იმასაც კარგად ხვდებოდა, როგორ ვინერვიულებდი. მაგრამ ჩემმა სვანურმა გენეტიკამ გაჭრა – ისე მაგრად დავდექი, ვერავინ შემამჩნევდა, რომ შიგნიდან ვინგრეოდი. მოკლედ, კარგა ხანს მდია და ბოლოს შემეშვა. მართლა ძალიან მიყვარდა და დღემდე მიყვარს, მაგრამ ვერასოდეს ვაპატიებ იმას, რომ არ მითხრა, მისი ოჯახური მდგომარეობა და მხოლოდ მომავლის ოცნებებში გამხადა ბედნიერი მეუღლე და დიასახლისი.

ხათუნა, 37 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №33

15-21 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

მამუკა ონაშვილი

როგორ აიტანა საშინელი ტკივილი მამუკა ონაშვილმა მეგ...