გულახდილი საუბრები

საკუთარმა შვილმა ზურგი შემაქცია და მამინაცვალს შეეკრა

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 05.08, 2021 წელი

ოჯახური ურთიერთობა
დაკოპირებულია

ქმარს რომ დავშორდი, ლუკა 2 წლისაც არ იყო. ნასვამმა ფიზიკურად იძალადა ჩემზე და ეს არ ვაპატიე.

არ ეგონა, თუ პატრულს გამოვიძახებდი და სამართლებრივად გავურჩევდი საქმეს. თუმცა, ეს პირველი ძალადობა არ იყო. მანამდეც ხშირად გამოუწევია ჩემზე, ორსულზეც კი. მიუხედავად ყველაფრისა, არ მინდოდა, შვილს მამის მიმართ ცუდი განწყობა ჰქონოდა და ვცდილობდი, ხშირად ენახა. თუმცა, მამამისმა არ მოინდომა მასთან ურთიერთობა. რომ დავურეკავდი და ვეტყოდი, ბავშვი ნახე, მამა არ დაავიწყდეს-მეთქი, მპასუხიბდა: რაც შენ ხარ, შენი გაზრდილი შვილიც ის იქნება, ორივემ თავი დამანებეთო. სანათესავოც კი ჩავრიე და ერთსა და იმავეს გაიძახოდა: ჩემგან მხოლოდ ფული უნდა, ის და მისი შვილი შორიდან უნდა ვარჩინო და თავად სხვა კაცებთან იპარპაშოს და იგულაოს. თუ მე ვუნდოდი, იყო ჩემ გვერდით და ისეთი ავეტანე, როგორიც ვარ. ახლა კი ჰყავდეს მისი შვილი და ზარდოს მარტომ.

ბევრჯერ მომინატრებს და გვიანი იქნებაო. მოკლედ, ბევრი მცდელობის შემდეგ, რომ არაფერი გამომივიდა, თავი დავანებე. ვიფიქრე, ბავშვი გაიზრდება და ურთიერთობას თავად მოაგვარებს-მეთქი. ქმართან გაშორების მერე, ორ წელში, ისევ გავთხოვდი. ლუკას მამინაცვალი ძალიან თბილად ექცეოდა, ცივ ნიავს არ აკარებდა, თავად აძინებდა და აბანავებდა. არ დამავიწყდება, ერთხელ ბავშვი გაცივდა, მაღალი სიცხე მისცა, სასწრაფოს ექიმმა საავადმყოფოში გადაყვანა გვირჩია და კინაღამ გაგიჟდა მირზა: ბავშვს იმ პირობით გადავიყვან საავადმყოფოში, თუ მეც მის გვერდით ვიქნებიო. მკურნალმა ექიმმა გვარები რომ წაიკითხა და სხვადასხვა აღმოჩნდა, ამით მიხვდა, რომ მირზა ლუკას ნამდვილი მამა არ იყო, გადაირია. მოკლედ, ასეთ სიყვარულში გაიზარდა ჩემი შვილი. მართალია, მირზასთან შვილი არ გამიჩნდა, მაგრამ არასოდეს უთქვამს საყვედური. ერთ ზაფხულს მე და ლუკა საირმეში ვისვენებდით და იქ შემთხვევით შეგვხვდა მამამისი.

რომ გითხრათ, ყოფილი ქმრის დანახვა არ მესიამოვნა-მეთქი, მოგატყუებთ. თვალწინ დამიდგა ჩვენი შეხვედრები, რომანტიკული საღამოები, შეყვარებულობის პერიოდი... ის ცუდი დღეები კი, რაც მასთან მაკავშირებდა, თითქოს სადღაც გაქრა. ლუკამ მამა, რა თქმა უნდა, ვერ იცნო. რომ დაინახა შვილი, თვალები გაუბრწყინდა, მოვიდა, ჩაეხუტა და ტირილი დაიწყო. უხეშად არაფერი მითქვამს, თუმცა შემეძლო, გამელანძღა, შვილი ამდენ ხანს რომ არ ნახა. ლუკა უკვე 12 წლის იყო. იქვე პარკში დავსხედით. ბავშვს ნაყინი უყიდა, ჩვენ კი საუბარი გავაბით. აღმოჩნდა, რომ ცოლიც ჰყავდა და შვილებიც. საირმეში საქმეზე იყო ჩამოსული. მე მაბრალებდა ჩვენი ოჯახის დანგრევას, ბავშვთან დაშორებას და თანაცხოვრების ყველა დეტალს ისე მიყვებოდა, თითქოს იმ დროს მის გვერდით მე არ ვიყავი. არაფერი დავიწყებია. ისიც მითხრა: რომ გათხოვდი, გავიგე და ძალიან მეწყინა და გულიც მეტკინა, თუმცა არ ვიმჩნევდი, ვიცოდი, ერთად აღარ ვიქნებოდითო. ბავშვზე სიტყვას არ ძრავდა. მასთან განშორება გამიჭირდა, თუმცა ლუკამ დაიჩემა, მალე წავიდეთ, მომწყინდაო.

მამამისმა ნომერი ჩამაწერინა, თუ რამე დაგჭირდეთ, არ მოგერიდოს, დამირეკეო. სახლში რომ მივედით, ავფორიაქდი, ისევ ძველ ამბებში მომინდა დაბრუნება, ყველაფერი ცუდი დამავიწყდა, თითქოს ჩემში ძველმა სიყვარულმაც გაიღვიძა. დავურეკე და მოსვლა ვთხოვე. ზუსტად 10 წუთში გაჩნდა. იმ ღამით ჩვენთან დარჩა, თუმცა, ბავშვმა არ გაიკარა, გავიდა მეორე ოთახში და დაიძინა. ჩვენ კი, გავიხსენეთ ძველი დრო და ერთმანეთს მთელი ღამე ვესიყვარულეთ. დილით ლუკა რომ ადგა და მამამისი ისევ ჩვენთან დახვდა, გავიდა მეორე ოთახში და მამინაცვალს, რომელსაც მამას ეძახის, დაურეკა. მოუყვა ყველაფერი. ისე გადაირია, დილითვე ჩამოვიდა, ჩამალაგებინა ბარგი და თბილისში წამოგვიყვანა. გზაში არ გაჩერებულა, მლანძღავდა, მაგინებდა: როგორ გაბედე მასთან შეხვედრა და სახლში მითრევა; როგორ აიძულე ბავშვი, რომელზეც უარი თქვა და მიაგდო, მის გვერდით მჯდარიყოო. ერთი სიტყვით, ასეთი გაბრაზებული და წყობიდან გამოსული ჩემი ქმარი არასოდეს მინახავს. მას შემდეგ კარგა ხანი გავიდა, მაგრამ გაბრაზებამ არ გაუარა. ბავშვი კი ზედაც არ მიყურებს, მას შეეკრა და ცდილობს, თავისი საქციელებით გული მატკინოს. ვიცი, ორივე ძალიან ნაწყენია, მაგრამ რა ვქნა, ვნება ვერ მოვთოკე, თან მინდოდა ბავშვს მამა გაეცნო და მოსიყვარულებოდა. ლუკა საკმაოდ მოაზროვნე ბიჭია და რაც იმ ღამეს მოხდა, ალბათ, მიხვდა და არ მაპატიებს, მამინაცვალს ამჯობინებს ჩემს თავს და მთელი ცხოვრება წამომაძახებს იმ დღეს, როცა მამამისს შევხვდი.

ეკა, 38 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი