საკუთარი შვილი არ მყავს, მაგრამ ქმრის შვილები მაბედნიერებენ
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 18.09

გათხოვილი ვიყავი, სამი წელი შვილი არ გამიჩნდა და ამის გამო ოჯახი დამენგრა. ქმარს არ ჰქონდა პრობლემა, არც ექიმთან წასვლაზე ამბობდა უარს და არც ფულის ხარჯვაზე. იმედიანადაც იყო, რომ შვილი გვეყოლებოდა, მაგრამ დედამისი უჩიჩხინებდა, არ ასვენებდა. ვიცოდი, რომ პრობლემა ჩემში იყო და სრულფასოვანი და სწორი მკურნალობის მერე აუცილებლად გავხდებოდი დედა, მაგრამ ჩემი მკურნალობა კოლოსალურ თანხებთან იყო დაკავშირებული და ამიტომ, ნელ-ნელა ვაგროვებდი ფულს. ჩემი ყურით გავიგონე, ვითომ ჩუმად რომ ეუბნებოდა დედამთილი ჩემს ქმარს:
შვილო, სანამ დროა, დროულად გაშორდი. რატომ უნდა დახარჯო ამდენი ფული და ათას ექიმთან იწოწიალო. მაგას შვილი ან ეყოლება და ან არა. შენს ბედს ეწიე და ისეთი გოგო მოიყვანე, ვინც შვილს გაგიჩენს, რომ სიბერეში მომვლელი გვყავდესო. გული ჩამეთუთქა, მაგრამ არაფერი მითქვამს, არ შევიმჩნიე, რომ გავიგონე. მოკლედ, იმდენი ქნა, სანამ არ დაგვაშორა. ორი წელი არ იყო გასული, რომ ინტერნეტით გავიცანი მამაკაცი, რომელსაც ცოლი ავტოავარიაში ჰყავდა დაღუპული და ორ შვილს მარტო ზრდიდა. ხუთი თვე ვსაუბრობდით სოციალური ქსელით, ხშირად მაჩვენებდა თავისი შვილების ვიდეოებს და მართლა სამაგალითო მამა გახლდათ. რომ შევხვდი, იმ დღესვე მივხვდი, რომ ეს კაცი ჩემი ბედი იყო, მის გვერდით, ერთ ჭერქვეშ მშვიდად ვიცხოვრებდი და მისი შვილებიც როგორც საკუთარი, ისე მეყვარებოდა. ერთი წელი ვიარეთ ერთად, სახლშიც ავყავდი, რომ ბავშვები შემჩვეოდნენ და მერე, დავქორწინდით. სხვათა შორის, მისი გარდაცვლილი ცოლის მშობლები და ნათესავებიც გავიცანი. ძალიან კარგი, თბილი და შეგნებული ხალხია. ბავშვები კი, კარგად აღზრდილები, საოცრად კულტურულები და საყვარლები. ისე მექცევიან, გაკვირვებული ვარ. ბიჭი თორმეტი წლისაა, გოგონა კი – ათის. 3 მარტს დედის დღე მომილოცეს, ყვავილები მაჩუქეს და თავიანთი ხელით დაწერილი და გაფორმებული ბარათიც მომცეს, სადაც ეწერა: გვიყვარხარ, ვგრძნობთ, რომ ჩვენზე ზრუნავ და სამაგიეროს კარგი სწავლით გადაგიხდით და არ გაგაბრაზებთო. ისეთი ემოციური იყო ეს ყველაფერი, თავი ვერ შევიკავე, ორივე გულში ჩავიკარი და ვიტირე. ისინი ხშირად დამყავს დედის საფლავზეც და სულ ვეუბნები: დედას ვერავინ შეგიცვლით, ის ერთადერთია, მაგრამ იცოდეთ, მე ისე მიყვარხართ, როგორც მას უყვარდით. ჩათვალეთ, მან გამომგზავნა თქვენთან, რომ სულ ბედნიერები და წარმატებულები იყოთ და ამისთვის არაფერს დავიშურებ-მეთქი. ჩემი ქმარი ჩვენს ასეთ გულწრფელ დამოკიდებულებას რომ ხედავს, უხარია და რაც შეუძლია, ცდილობს, ყველაფერი გააკეთოს, ჩვენ არაფერი მოგვაკლოს და უზრუნველყოფილი ვყავდეთ. მუშაობის დაწყება მინდოდა, მაგრამ მთხოვა: არ გიშლი მუშაობას, მაგრამ მირჩევნია, ბავშვებს მიხედო, ახლა უნდათ და სჭირდებათ შენი ხელიო. სკოლაში მისვლა მიხარია, მასწავლებლები სულ მათ ქებაში არიან. ვიცი, წარმატებული ადამიანები გაიზრდებიან და ბევრ ბედნიერ დღეს მაჩუქებენ. მე კი მათ გამო ვცოცხლობ და ვცდილობ, შეცდომა არ დავუშვა. გააზრებული მაქვს, რომ ღმერთმა ამხელა ბედნიერება მაჩუქა და მას უნდა გავუფრთხილდე. ჩემი ყოფილი ქმარი კი დღემდე უცოლოა, დედაც გარდაეცვალა. როგორც მითრეს, ძალიან ნანობს, რომ დამშორდა. ახლა გვიანია, მე ჩემი გზა და ბედნიერება დიდი ტკივილის მერე ვიპოვე და მას არავისში გავცვლი. ალბათ, უფალმა შეისმინა ჩემი თვალცრემლიანი ვედრება, შვილი ეჩუქებინა და ერთის მაგივრად, ორი ანგელოზი გამომიგზავნა, რომლებიც ჩემს სიცოცხლეს მირჩევნია. ქმარზე კი ლაპარაკიც ზედმეტია, იმდენად გამიმართლა ამ ადამიანში. ასეა, დიდი ტკივილის შემდეგ ადამიანის ცხოვრებაში დიდი ბედნიერება მოდის და მე ეს ბედნიერება ღმერთმა გამოვლილი ტკივილის, ცრემლების, დარდით გათენებული ღამეების მერე, გაორმაგებულად მარგუნა, რისთვისაც ყოველ დილას მადლობას ვწირავ ღმერთს.
ნანიკო, 37 წლის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან