რომ არა ჩემი სიყვარელი, არც კი ვიცი, დღეს ვინ ვიქნებოდი
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 16.10

ყოველთვის მშურდა ჩემი თანაკლასელი გოგონების, რომლებიც ნორმალურ ოჯახებში იზრდებოდნენ და დედ-მამის სიყვარული და სითბო არ აკლდათ. ეს ყველაფერი ჩემთვის ისეთი უცხო იყო, ვერც კი წარმომედგინა, თუ დედა შვილს ჩემო პატარას, ჩემო ლამაზოს ან ჩემო საყვარელოს ეძახდა და ძილის წინ ზღაპრებს უკითხავდა. არც ის მახსოვს აბაზანაში დედას ვებანავებინე ან ხელით ეჭმია ჩემთვის. ბებია მზრდიდა, დედის დედა და სამწუხაროდ, სამი წლის რომ ვიყავი, მანქანა დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა. ის რომ ცოცხალი მყოლოდა, ალბათ, სხვანაირად გავიზრდებოდი, არ ვნახავდი იმ სიბინძურეს, რასაც ბავშვობიდან დედაჩემისა და მისი საყვარლების გარემოცვაში ვხედავდი.
მოკლედ, დედამ ისე გამაჩინა, დაქორწინებული არ ყოფილა. საყვარელი ადამიანისგან დაფეხმძიმდა, იმ მამაკაცმა კი უარი თქვა მის ცოლად შერთვაზე. დედამ აბორტი არ გაიკეთა იმ იმედით, რომ შვილს რომ გაუჩენდა, ის კაცი იძულებული გახდებოდა, ცოლად მოეყვანა. მამამ კი საერთოდ არ მიმიღო, არც გვარი მომცა და თვალითაც არასოდეს მინახავს. ამის გამო დედას ძალიან აერია ცხოვრება, დეპრესიაში ჩავარდნილი, დანევროზებული, ათას სისულელეს აკეთებდა. ხან ერთ მამაკაცთან იჭერდა საქმეს და ხან – მეორესთან. სანამ ბებია ცოცხალი იყო, მისი რიდი ჰქონდა, მისი სიკვდილის მერე კი, სულ აიშვა. ალბათ, იმ კაცის ბოღმას, ვინც ჩემი მამა იყო და ცოლად არ მოიყვანა, ჩემზე ანთხევდა. არ ვუყვარდი, თორემ ისე საშინლად არ მომექცეოდა. არ დამავიწყდება, მოიყვანდა ვიღაც ახლად გაცნობილ მამაკაცს სახლში, მე გამომკეტავდა ლოჯში და ოთახიდან ისეთი ხმები ისმოდა, გახსენებაც კი მზარავს. სულ ნასვამი დადიოდა, ბევრს ეწეოდა და იმდენ ფულს ხარჯავდა სასმელსა და სიგარეტში, ჩემთვის საჭმლის ფული არ რჩებოდა. მეზობლები რომ არა, ალბათ, შიმშილით მოვკვდებოდი. რადგან ვერ ვსწავლობდი, სკოლა ვერ დავამთავრე და სასტუმროში დამლაგებლად დავიწყე მუშაობა. ჩემი ფული რომ მქონდა, ცოტა ამოვისუნთქე: სახლში საჭმელიც გაჩნდა, სითბოც და კარადაში – ტანსაცმელიც. ჩემს უბანში ხშირად მოდიოდნენ უცხო ბიჭები და სკვერში იკრიბებოდნენ. ერთ-ერთს შევუმჩნევივარ, უკითხია, ვინ არისო. სხვათა შორის, ცუდად არ დავუხასიათებივართ უბანში, უთქვამთ: კარგი გოგოა, წესიერი, მაგრამ დედა არ უვარგაო. არ ვიცი, რატომ დაინტერესდა ამის მოსმენის მერე ჩემით, მაგრამ ერთ დღეს გამაჩერა და მთხოვა: ძალიან მომწონხარ, დიდი ხანია, გაკვირდები და მინდა, სადმე დაგპატიჟო. ცუდად არ გამიგოო... მართლა ისეთი ბიჭი აღმოჩნდა, რომელმაც ცხოვრების აზრი მომცა, უბედნიერეს ადამიანად მაქცია და მისი უზომოდ მადლიერი ვარ. უკვე წელიწად-ნახევარია ნაქირავებ ბინაში ვართ, რადგან მისმა მშობლებმა დედაჩემის გამო არ მიმიღეს. მასზე არც ამას უმოქმედია, ჩემი მხარე დაიჭირა და არ მიმატოვა. მე კი ისე მიყვარს, მგონია, მის გარეშე სუნთქვა გამიჭირდება.
ნინი, 22 წლის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან