გულახდილი საუბრები

რომ არა ჩემი პირველი ქმარი, მე და ჩემი შვილები თავს ვერ გავიტანდით

№45

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 14.11

დედის აღსარება
დაკოპირებულია

ადრეულ ასაკში გავთხოვდი და ოჯახი მალევე დამენგრა. რასაკვირველია, როგორც უმეტეს შემთხვევაშია ხოლმე, ჩვენს ურთიერთობაშიც დედამთილი ერეოდა და მისმა ენებმა თუ საქციელმა მე და ჩემი მეუღლე ჯერ კონფლიქტამდე მიგვიყვანა, მერე ლამის ხელჩართულ ჩხუბამდე და საბოლოოდ სკანდალით დავშორდით ერთმანეთს.

თუმცა, ვაღიარებ, ეს არ იყო ბავშვური გატაცება, არც ვნება, პატარები კი ვიყავით ასაკით, მაგრამ სიგიჟემდე გვიყვარდა ერთმანეთი და განშორება ორივემ მტკივნეულად გადავიტანეთ. წლების განმავლობაში მეც ვინტერესდებოდი მისი ცხოვრებით და ისიც, თუმცა, ერთმანეთს ვუმალავდით, არც ვხვდებოდით და არც ვურეკავდით. მერე, თვალი რომ თვალს მოშორდა, თითქოს გულიც გაცივდა, სიყვარულიც განელდა და მივხვდი, ცხოვრება უნდა გამეგრძელებინა, ჩემი ბედი თავად შემექმნა, შვილები გამეჩინა და ოჯახი მქონოდა. ქმართან დაშორებიდან რვა წლის მერე გავთხოვდი. რომ გითხრათ სიყვარულით-მეთქი, მოვიტყუები. უბრალოდ, კარგი ბიჭი იყო, მშრომელი, თბილი, მეოჯახე და ცდილობდა, როგორც შეეძლო, გავენებივრებინე. ორი ბიჭი გაგვიჩნდა და როცა ნელ-ნელა ფეხზე წამოვდექით, მატერიალურად წელში გავიმართეთ, სამწუხაროდ, ქმარი გულის შეტევით ხელიდან გამომეცალა. დავრჩი ჩემს ორ შვილთან ერთად სრულიად მარტო, უმუშევარი, ყოველგვარი შემოსავლის წყაროს გარეშე. აღარ ვიცოდი, ჩემი ბედი მეტირა, გარდაცვლილი ქმარი თუ ის მდგომარეობა, რომელშიც ჩემი შვილები აღმოჩნდნენ. ძალიან გაგვიჭირდა. რაც ფასეული მქონდა, გავყიდე, მეხმარებოდნენ ჩემებიც, მაგრამ ვერავინ მოგცემს იმდენს, სამყოფი იყოს. თან, მხოლოდ საჭმელი და ჩასაცმელი ხომ არ არის? მოზარდ ბავშვებს ათასი რამ უნდათ. სახლებს ვალაგებდი და იმ ფულით, ვცდილობდი, შვილებისთვის ელემენტარული გამეკეთებინა, მაგრამ ესეც არ იყო საკმარისი. ერთ მშვენიერ დილას, ჩემი მეგობარი მოვიდა და მითხრა: შენი პირველი ქმარი შემხვდა ქუჩაში, მოვიკითხეთ ერთმანეთი, შენზე ვუთხარი და ძალიან განიცადა. შენი მისამართი და ტელეფონის ნომერი მთხოვა და მივეცი. არ გამიბრაზდე, შენი ბედით მართლა ისე შეწუხდა, ლამის იტირა კაცმა და ვერ დავუმალავდიო. გეფიცებით, მაშინ მივხვდი, რომ ამ სამყაროში ადამიანები ერთმანეთს უბრალოდ არ ვხვდებით, ყველაფერი ზეცაშია გაწერილი და რაც შუბლზე გვაწერია, ვერ ავცდებით. ბევრი რომ არ ვილაპარაკო და ვწერო, რამდენიმე დღეში დამირეკა, მომიკითხა, ჩვენი ამბავი გაიგო და მთხოვა, თუ უხერხული არ იქნება, პირადად გნახავო. არც კი დავფიქრებულვარ, ისე დავთანხმდი. ბავშვები სკოლაში რომ გავუშვი, მოვიდა და გეფიცებით, კარი რომ გავაღე და მის წინაშე პირისპირ აღმოვჩნდი, კინაღამ გული წამივიდა. ამდენი წლის შემდეგ ძალიან ემოციური იყო ჩვენი შეხვედრა. ჩახუტებულები კარგა ხანს ღია კარში ვიდექით, ერთმანეთისთვის ხმაც არ გაგვიცია. იმ დღიდან სწორედ ეს ადამიანია ჩემი მფარველი ანგელოზი. რომ არა ის, ალბათ, ნამდვილად ვერ გავუძლებდით ამ დუხჭირ ცხოვრებას მე და ჩემი შვილები. საჭმელ-სასმელს რომ თავი დავანებოთ, ზაფხულში დასასვენებლად თავად გვიჯავშნის სასტუმროს კურორტზე, ფინანსურად გვეხმარება და სახლშიც თუ რამეა საჭირო, ყველაფერს ყიდულობს და აგვარებს. სამწუხაროდ, ერთად ვერ ვიქნებით, რადგან შვილებს ტრავმას ვერ მივაყენებ და არც ხანში შესული დედამისის განერვიულება მინდა. უბრალოდ, ვცხოვრობთ ასე, ერთმანეთის დისტანციური სიყვარულით და გვეენანება ყოველი უერთმანეთოდ გატარებული წამი. მართალია, არც მეგობრები ვართ, არც ცოლ-ქმარი, არც საყვარლები და არც ნათესავები, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ თავის დროზე ამ ადამიანს შემახვედრა, გამაცნო და როცა ყველაზე მეტად მიჭირდა, სწორედ მაშინ გამომიგზავნა.

ნინო, 37 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა