გულახდილი საუბრები

რომ არა ჩემი მული, დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი

№45

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 17.11, 2022 წელი

40 წლის ქალი
დაკოპირებულია

რთული ბავშვობა მქონდა. ჩემს ოჯახს ძალიან უჭირდა და ძლივს გვზრდიდნენ სამ შვილს. იმის გამო, რომ მშობლებს რეპეტიტორთან მომზადების ფული არ ჰქონდათ, ვერც უმაღლესში ჩავაბარე და ვერც შესაბამისი განათლება მივიღე. 

არადა, სკოლაში საკმაოდ კარგი მოსწავლე ვიყავი, მოწესრიგებული, ნიჭიერი. სიმართლე გითხრათ, არასოდეს გამომითქვამს პრეტენზია ჩემი მშობლების მიმართ, პირიქით, როგორც შემეძლო, გვერდით ვედექი. სკოლის დამთავრებისთანავე მაღაზიაში გამყიდველად დავიწყე მუშაობა და ხელფასს დედას ვაბარებდი, ჩემთვის, მხოლოდ გზის ფულს ვიტოვებდი. ძალიან კარგი სამეგობრო-სადაქალო მყავდა და რასაც გამოიცვლიდნენ, მე მჩუქნიდნენ, ამიტომ, ასე თუ ისე, ჩასაცმელი და ფეხსაცმელი არ მაკლდა. ჩვენს მაღაზიაში, ერთი დისტრიბუტორი ბიჭი მოდიოდა. თავიდანვე მომეწონა, ეტყობოდა რომ კარგ ოჯახში იყო გაზრდილი. თავიდანვე თბილად მექცეოდა და მერე სიყვარულშიც გამომიტყდა. რაიონიდან იყო ჩამოსული და ნაქირავებ ბინაში დასთან ერთად ცხოვრობდა. დამპატიჟა, გამაცნო თავისი და და იქ მთხოვა ხელი. უარი არ მითქვამს. როგორც მერე მითხრა, მეგონა, არ დამთანხმდებოდი, რადგან რაიონიდან ვიყავი და ბინა არ მქონდაო. ერთი სიტყვით, ცოლად გავყევი, მასთან გადავედი საცხოვრებლად და მე და მისი და მალე ისე ვიყავით, როგორც დები. იას მშობლები ფულს რომ უგზავნიდნენ, იმ ფულს თავისთვის ვერ იმეტებდა, ჩემთვის ყიდულობდა ტანსაცმელს, აქსესუარებს, ხან რას და ხან რას. მეც შეძლებისდაგვარად ვცემდი პატივს. შვილი რომ მეყოლა, ძალიან მეხმარებოდა მის გაზრდაში. ილია სამი წლის რომ იყო, სწორედ მაშინ დამატყდა თავს საშინელი ტრაგედია – ჩემი მეუღლე სამსახურის მანქანით ავარიაში მოყვა, რამდენიმე დღე რეანიმაციაში იწვა და გარდაიცვალა. მეგონა, იქ დასრულდა ჩემი ცხოვრება. თავის მოკვლა ვცადე და მულმა გადამარჩინა. მომისწრო და სასწრაფოს გამოუძახა. არც შვილი მახსოვდა და არც სხვა ვინმე, მეც ჩემი ქმრის გვერდით მინდოდა მიწაში ჩაწოლა. ასე იყო თუ ისე, რომ ამბობენ, ადამიანი ყველაფერს ეგუებაო, მეც შევეგუე ჩემს ბედს. მულთან ერთად განვაგრძე ცხოვრება და შვილის გაზრდა. ვიცოდი, ქმრის გარდა, სხვა კაცს არ შევხედავდი და ასეც იყო. თუმცა, არასოდეს თქვა არასოდესო, ასე დამემართა. ჩემი მულის კურსელი ხშირად მოდიოდა ჩვენთან. არაჩვეულებრივი გოგო იყო და ძალიან დავმეგობრდით. წასაყვანად ძმა აკითხავდა ხოლმე მანქანით. ერთ დღესაც ჩემმა მულმა სახლში ამოიპატიჟა და იმ დღიდან დაიწყო ჩვენთან ხშირად მოსვლა. ვითომ თავის დას აკითხავდა, მაგრამ ვგრძნობდი, სხვა თვალით მიყურებდა. თვალს არ მაცილებდა და უხერხულობისგან ვწითლდებოდი და ვცდილობდი, გავრიდებოდი. ბოლოს, ჩემი მულიც მიხვდა მის გამოხედვებს და მითხრა: ნელიკო, მგონი ნუგოს მოსწონხარ და არ არის ცუდი ბიჭი, თუ შენც მოგწონს, იქნებ გეცადა ურთიერთობის აწყობაო. სიმართლე გითხრათ, იასგან გამიკვირდა – სულ ხუთი წელი იყო მისი ძმის გარდაცვალებიდან გასული და არ მოველოდი ამას თუ მეტყოდა. გადავირიე, ვიუარე, ვუსაყვედურე: რას მეუბნები, გოგო, ჩემთვის მხოლოდ ერთი მამაკაცი იყო და ისიც შენი ძმა და მას სხვაში, სულ რომ ანგელოზი იყოს, არ გავცვლი-მეთქი. თუმცა, საქმე სხვანაირად აეწყო. თავად ჩემი მული და მისი დაქალი ჩაერივნენ და დღეს იმ ბიჭის ცოლი ვარ. ნუგო არაჩვეულებრივი ადამიანია, თან გვყვება მე და ჩემს შვილს. თავად პირველ ცოლს გაშორებულია და მისგან ერთი ბიჭი ჰყავს. ისიც ხშირად მოჰყავს ჩვენთან და ცდილობს, ერთმანეთს დაგვაახლოოს. მართალია, ჩემი პირველი ქმარი არასოდეს დამავიწყდება, მაგრამ ამასთანაც ბედნიერი ვარ. ჩემი მულის კი მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები, რომ ასე დამიდგა გვერდით, გადამატანინა ქმრის სიკვდილი, როცა ძმის დაკარგვის გამო თავადაც ძალიან უჭირდა და განიცდიდა, სიკვდილს გადამარჩინა და იზრუნა, ისევ ბედნიერი ვყოფილიყავი. ასეთი ადამიანები იშვიათია და მადლობა ღმერთს, ერთ-ერთი მე მარგუნა. ამ ამაგს, ზრუნვასა და სიკეთეს არასოდეს დავუვიწყებ და მუდამ მისი გულშემატკივარი ვიქნები.

ნელიკო, 33 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა