რომ არა ჩემი ქმრის მშობლები, დღეს განათხოვარი მერქმეოდა
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 28.09, 2023 წელი

ბევრი ახალგაზრდისთვის შესაძლოა, დაუჯერებელია ჩემი ისტორია, მაგრამ ნამდვილად არ ვტყუი. იმხელა ცხოვრების გზა გამოვიარე – განცდებით, ტკივილებით, ღალატით თუ შეურაცხყოფით საყვარელი ადამიანისგან, რომ ალბათ, რომ არა ჩემი დედამთილ-მამამთილი, დღეს ოჯახი არ მექნებოდა. არავის ვახვევ თავს ჩემს მოსაზრებას, მაგრამ მინდა, ახალგაზრდებმა გაითვალისწინონ უფროსი თაობის გამოცდილება, ცოტა დათმობა ისწავლონ, რასაკვირველია, მე შეურაცხყოფისა და დამცირების ატანას არ ვგულისხმობ. იმდენი ოჯახი ინგრევა უბრალო მიზეზის გამო, უბრალოდ, გული მტკივა.
მოკლედ, სიყვარულით გავთხოვდი და ისეთი ოჯახი შევქმენი, როგორზეც ვოცნებობდი. არაჩვეულებრივ ოჯახში შევედი. თვრამეტი წლის გოგო ქმრის დედ-მამამ ქალიშვილად მიმიღო და არა რძლად. მათგან ერთი გადაბრუნებული სიტყვაც კი არ მახსოვს. ნებისმიერ სიტუაციაში გვერდით მედგნენ და ცდილობდნენ, ისე მოქცეულიყვნენ, როგორც მე მესიამოვნებოდა. რასაკვირველია, ყველაფერში მართალი ვერ ვიქნებოდი, მაგრამ მათგან შენიშვნაც კი არ მახსოვს. თავიდან ქმართან იდეალური ურთიერთობა მქონდა. ის ჩემზე ორი წლით უფროსი იყო და ოცდაოთხი წლის ასაკში, ქორწინებიდან ოთხ წელში მიღალატა. სხვათა შორის, არ დაუმალავს, თავად მითხრა, შევცდი და მაპატიეო. ერთი ამბავი ავტეხე, ვიჩხუბეთ და სახლიდან წავიდა. ამ ამბავში მისი მშობლები გვერდით დამიდგნენ, მოგვცეს დრო გაგვეაზრებინა სიტუაცია და დაახლოებით, ერთ თვეში, შევრიგდით. მივხვდი, მართლა ვნებაზე აყოლა იყო იმ გოგოსთან სექსი და ამიტომ უკან დავიხიე. წლების შემდეგ, ისევ ოჯახის დანგრევამდე მივედი, როცა გავიგე, ჩემი მეუღლე კაზინოში თამაშობდა და მთელი მისი ხელფასი წყალში იყრებოდა. იმ პერიოდშიც, სწორედ, დედამთილ-მამამთილს დავუჯერე და მათი რჩევით, ქმარი თბილისს გავაცილე და დროებით საცხოვრებლად რაიონში წავედით. რთული იყო, თუმცა, სხვაგვარად მის საძმაკაცოს, რომლებზეც აყოლილი იყო, ვერ ჩამოვაცილებდი. ბავშვები დედამთილ-მამამთილთან დავტოვე და ქმართან ერთად რაჭაში გადავსახლდი. მართალია, ჩემმა ქმარმა სამსახური დაკარგა, მაგრამ მიღირდა. იქ ჩვენ, ორნი, ბევრ რამეს მივხვდით, ყველა დეტალი გავაანალიზეთ, ფსიქოლოგიურად განვიტვირთეთ და დაბრუნებულებმა თავიდან დავიწყეთ ცხოვრება. გეფიცებით, მართლა ქმრის მშობლების ხათრით ვაკეთებდი და ვითმენდი ჩემი ქმრის სისულელეებს და დათმობებზეც მათ გამო მივდიოდი. საოცარი ადამიანები იყვნენ. სამწუხაროდ, ცოცხალი არცერთი აღარ არის და მათ იმქვეყნად წასვლას კინაღამ გადავყევი. მოკლედ, სანამ ჩემი მეუღლე ასაკში არ შევიდა, ხან ვნებებს აჰყვა, ხან – აზარტულ ძმაკაცებს, ხანაც – მსმელ სამეზობლოს. სხვათა შორის, მეზობლის ბიჭებთან სმა რომ დაიწყო, ძალიან რთული პერიოდი გვქონდა. ისე ითიშებოდა, სახლში ამოჰქონდათ და კართან აყუდებდნენ. სიმართლე გითხრათ, არაერთხელ ვიფიქრე ქმრისგან წასვლა, მაგრამ ვერაფრით ველეოდი მის მშობლებს. ბევრს ბიოლოგიურ მშობლებთან არ აქვთ ისეთი დამოკიდებულება, როგორიც მე მათ მიმართ მქონდა. ზუსტად ვიცი, მე რომ ჩემი ქმარი მიმეტოვებინა, სმას მიჰყოფდა ხელს და სულ დაიღუპებოდა. დღეს კი არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს. მართალია, ასაკში, მაგრამ მაინც მოვიდა ჭკუაზე, მიხვდა, როცა ვეჩხუბებოდი, მისთვის მხოლოდ კარგი მინდოდა.
ნანა, 60 წლის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან