როგორია „რთული“ ქალი და რატომ არ ლაპარაკობენ მამაკაცები მათთან ურთიერთობაზე ხმამაღლა
ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 09.01
ზოგიერთ ქალზე ხშირად ამბობენ: „რთულია“, „გაუგებარია“, „ემოციურია“... ასეთ შეფასებას, ძირითადად, დამოუკიდებელი, ძლიერი და საკუთარ სურვილებში დარწმუნებული ქალები „იმსახურებენ “.
კაცების მიმართ კი შემდეგ ფრაზებს მოისმენთ: „ეშინიათ ძლიერი ქალების“, „გარბიან პასუხისმგებლობისგან“, „აფრთხობთ ოჯახის ტვირთი“... მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა კაცი თავად აღიარებს, რომ მას უყვარს „რთული“ ქალი. არა იმიტომ, რომ ვერ იპოვა „მარტივი“, არამედ იმიტომ, რომ არ მოსწონს მდორე ცხოვრება, არ შეუძლია, თუ ყოველდღიურობა საინტერესო არ არის. მაინც როგორია „რთული “ ქალი და რა მოსწონს მასში ზოგიერთ მამაკაცს.
ვახო (43 წლის): დავიწყოთ იმით, „რთული“ ქალი არ არის ის, ვინც მუდამ ჩხუბობს, სკანდალებს აწყობს ან დრამას ქმნის. „რთული“ ქალი ის არის, ვინც ღრმად ფიქრობს. შენზეც და საკუთარ პასუხისმგებლობაზე ურთიერთობაში. ვინც არ აკეთებს ყველაფერს, რომ „გამოგიჭიროს“. ცდილობს, ყოველთვის გაგიგოს, ამასთან, შენ გვერდით სრულფასოვანი პიროვნება იყოს და არც შენი პიროვნება დააკნინოს. ეს ის ქალია, რომლის განწყობაც ყოველთვის მარტივად არ იკითხება და ვინც არ გთავაზობს საკუთარ თავს ინსტრუქციებთან ერთად.
– და რატომ უნდა გიყვარდეს ასეთი ქალი? არ არის მასთან ურთიერთობა დამღლელი?
– შეიძლება, დამღლელია, მაგრამ ამ სიტყვის კარგი გაგებით. მე ასე ვიტყოდი – კი არ გღლის, გაფხიზლებს და მოტივაციას გმატებს. მარტივ ქალთან შესაძლოა, მშვიდად ხარ, მაგრამ „რთულ“ ქალთან თავს ცოცხლად გრძნობ. აქტიურად. ასეთი ქალი გაიძულებს, საკუთარ თავში ჩაიხედო. დაინახო საკუთარი შესაძლებლობები და უფრო უკეთესი გახდე.
– ბევრ კაცს აშინებს ქალის „სირთულე.“ თქვენ რატომ არა?
– აშინებთ სუსტ კაცებს. თუ შიგნით არეულობა გაქვს, ამას ძლიერი და „რთული“ ქალი უკეთ დაგანახვებს. ის, ერთგვარი სარკეა. კი, ზოგჯერ ადამიანურად გაურბიხარ სირთულეებს. გინდა, რაღაც მომენტში რეალობას თვალი არ გაუსწორო. მაგრამ, მერე ხვდები, რომ პრობლემა ქალი კი არა, შენ ხარ, როცა მასთან ურთიერთობის მოგვარებას კი არა, მისგან გაქცევას ირჩევ.
– როგორი პარტნიორია „რთული“ ქალი სიყვარულში?
– სანახევროდ არ უყვარს – ან ბოლომდე შენთანაა, ან საერთოდ არა. ის არ გაძლევს საშუალებას, იყო სადღაც შუაში – „ისე რა“. მის გვერდით ან იზრდები, ან ქრები. „რთული“ ქალი არ ითხოვს შენგან სრულყოფილებას, მაგრამ ითხოვს სიმართლეს, გულწრფელობას ყველაფერში, მათ შორის, ურთიერთობაშიც.
– მაშინ რატომ ტოვებენ კაცები ასეთ ქალებს ხშირად?
– იმიტომ, რომ რთული ქალი არ გეხვეწება დარჩენას. თუმცა, ვერ ვიტყოდი, რომ მათ ხშირად ტოვებენ. უბრალოდ, რადგან მას მარტოობა ურჩევნია, ისეთ ურთიერთობას, სადაც დამცირებული და შეუმდგარი იქნება, უბრალოდ, ადგება და წავა.
– მაგრამ ხომ გქონია სურვილი, რომ ურთიერთობა უფრო მარტივი ყოფილიყო?
– ჩემთვის მარტივია. მე სრული კომფორტი მაქვს ჩემს რჩეულთან, მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი და პრინციპული ადამიანია. მოდი, ასე ვთქვათ: „რთული“ ქალი კაცს უფრო პასუხისმგებლიანსა და მოაზროვნეს ხდის.
– რა არის ყველაზე რთული „რთულ“ ქალთან?
– (იცინის) ის, რომ ვერ მოატყუებ ვერც სიტყვებით, ვერც ქცევით. ის ყველაფერს გრძნობს, მაშინაც კი, როცა შენ ჯერ ვერ აცნობიერებ და ეს საშიშია მხოლოდ იმ კაცისთვის, რომელიც საკუთარ ემოციებს ემალება. თუ ასეთი ქალი გიყვარს, არ არის შემთხვევითი. ეს არჩევანია – მისი და შენი.
– ბოლოს, რას ეტყოდით ქალებს, რომლებსაც „რთულს“ ეძახიან?
– არ გამარტივდეთ, იმიტომ რომ მართლა გამორჩეულები და საოცრად კარგები ხართ. არ დათრგუნოთ თქვენი პირადი, იმისთვის, რომ ვინმეს მოერგოთ. ის კაცი, ვისაც თქვენი სირთულე აშინებს, თქვენი არ არის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





