გულახდილი საუბრები

როგორია მოტაცებული ქალის ცხოვრება და რა უნდა შეცვალოს მან ბედნიერებისთვის

№1

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 17.01

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

თანამედროვე რეალობაში ქალის მოტაცება ისეთი ხშირი მოვლენა აღარ არის, როგორც ეს 30-წლის წინ იყო. ახალგაზრდა ქალები ბევრად უფრო დამოუკიდებლები გახდნენ. უკეთესად იციან საკუთარი უფლებები და მარტივად აღარ ემორჩილებიან, ეგრეთ წოდებულ, საზოგადოებრივ აზრს. თუმცა, ცაკლეული შემთხვევები ისევ ხდება და ეს ყოველთვის მტკივნეულია. ასეთ ნაძალადევ ურთიერთობაში მყოფი ქალები არ არიან ბედნიერები. მათ ეს უფლება წაართვეს და სანაცვლოდ ვერაფერი შესთავაზეს. ცინიზმია, დაარქვა ოჯახი ისეთ ურთიერთობას, სადაც სიყვარულს ადგილი არ აქვს.

მარინა (57 წლის): მოვყევბი ჩემს სევდიან ამბავს, რომელიც შესაძლოა, ბევრი ქალის ცხოვრებას ჰგავდეს. ერთმანეთი ბავშვობიდან გვიყვარდა. პატარები ვიყავით და ბავშვურად ვგეგმავდით მომავალს. ჯარში რომ წავიდა, ყოველღამე ვტიროდი, ორი წელი მის გარეშე რა გამაძლებინებს-მეთქი?!. მაგრამ მისი ლოდინი არ დამცალდა. იმ წელს, როცა სკოლას ვამთავრებდი, ნოდარის მეზობელმა მომიტაცა, რომელიც წლების განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა. ყველამ იცის, იმ დროს მოტაცებული ქალების ბედი. გინდოდა თუ არა, მომტაცებელთან უნდა დარჩენილიყავი და შეგექმნა „ბედნიერი ოჯახი“. რამდენიმე თვე თითქოს ბურანში ვიყავი. თავის მოკვლაც კი ვცადე, მაგრამ გადამარჩინეს. არავის დანახვა არ მინდოდა. ქორწილის დღეს „საპატარძლო კუთხეში“ სულ რაღაც ორი საათი გავჩერდი, მერე კი დასაძინებლად წავედი. ჩემი ქმრის ნათესავები გაოცებული იყვნენ, ეს რა უჟმური ხასიათი აქვსო.

– ქმარი როგორ იტანდა თქვენს ასეთ ქცევას?

– არ ვიცი, როგორღაც იტანდა. რამდენჯერმე სცადა, მდგომარეობიდან ჩემი გამოყვანა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მეგონა, შვილმა ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი შეცვალა, მხოლოდ დედა ვიყავი და არანაირი პირადი ჩემთვის აღარ არსებობდა, მაგრამ როგორც კი ჩემი ბავშვობის სიყვარულს მოვკარი თვალი, მივხვდი, რომ ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ თავს ვიტყუებდი. უფრო მეტად ჩავიკეტე სახლში – მას ვემალებოდი. დედამთილ-მამამთილი თავიდან გაოცებული იყო ჩემი საქციელით, მაგრამ მერე შეეგუვნენ. თან, ჩემი ქმარიც ხმას არ იღებდა. ახლობლებს ეცოდებოდათ კიდეც: საწყალს როგორ არ გაუმართლა, რა საშინელი ხასიათის ცოლი შეხვდაო.

– ქმარმა იცოდა, თქვენი ქცევის მიზეზი რაც იყო?

– ერთხელ შემომისწრო, შეყვარებულის ძველ წერილებს რომ ვკითხულობდი. პირდაპირ ვუთხარი, მიყვარს და მთელი ცხოვრება მეყვარება, თუ გინდა, შეეგუე, თუ არა და, დავშორდეთ-მეთქი... დრო გადიოდა, ხასიათი გაუფუჭდა. ნერვროზი დაეწყო. ბავშვი როგორც კი წამოიტირებდა, სახლიდან გარბოდა – მისი მოსმენა არ შემიძლიაო. ეგოისტიც გახდა. ბოლოს საქმე მაინც განქორწინებამდე მივიდა – უკვე ორივეს გვინდოდა. ქმარმა ისიც კი მითხრა: ვატყობ, იმ საცოდავს დღემდე უყვარხარ, ცოლი არ ჰყოლია და თუ მისმა მშობლებმა შენი შერთვის ნება დართეს, ნურც შენ ეტყვი უარსო. დედამთილ-მამამთილმა ბავშვის წართმევა მონდომეს – შენ ახალგაზრდა ხარ და კიდევ გათხოვდები, ჩვენ კი ამის მეტი არავინ გვაბადიაო. მამამისი გაზრდის. ეს ცოლს აღარ მოიყვანსო. რა თქმა უნდა, არ დავთმე. თან, ჩემი ოჯახიც ხელს მიწყობდა. ცდილობდნენ, არაფერი მოეკლოთ. მამაჩემი ტრადიციების მიმდევარი კაცია და არ ველოდი, თუ გამიგებდა, მაგრამ სულ თვალებში შემომციცინებდა.

– ძველ შეყვარებულთან განაახლეთ ურთიერთობა?

– ორი წლის შემდეგ ერთმანეთს ქუჩაში შემთხვევით შევხვდით. ბავშვს მოეფერა, თან, გამომელაპარაკა. პირველ შეხვედრას მეორე და მესამეც მოჰყვა. ერთ დღესაც ვუთხარი, შენი ყველა წერილი შენახული მაქვს-მეთქი. იმავე დღეს ორივემ ჩვენს ოჯახებს შევატყობინეთ, რომ ერთად ცხოვრება გადავწყვიტეთ. დედამისს გული წასვლია - ჩემს შვილს ბავშვიანი ქალი მოჰყავს ცოლადო. მაგრამ, მისმა დებმა კბილებით დამიცვეს: ერთმანეთი ბავშვობიდან უყვარდათ და ამ სიყვარულის გამო ბევრი რამე უნდა დავთმოთო. დიდი დავიდარაბის შემდეგ, მაინც დავქორწინდით. ქმარზე მზე და მთვარე ამომდიოდა. მისგანაც ყოველ წამს მხარდაჭერასა და მზრუნველობას ვგრძნობდი. სამყაროს მისი თვალებით ვუყურებდი. გავიდა რამდენიმე წელი და შეიცვალა, ხან სამსახურს იმიზეზებდა, ხანაც – მეგობრებს და ცდილობდა, სახლში გვიან მოსულიყო. მოსვენება დავკარგე. ჩაძიებაც არ მინდოდა, უფრო მეტად არ დაგვეძაბოს ურთიერთობა-მეთქი. დარდს გულში ვიკლავდი. მერე ახლობლისგან გავიგე, რომ საყვარელი ჰყავდა. იმდენად მიყვარდა და მის გვერდით ისეთი ბედნიერი ვიყავი, ამ მოულოდნელმა ამბავმა მიწაზე დამანარცხა. ამისთვის მზად არ ვიყავი. სანამ შევძლებ, ვიცხოვრებ ასე, მის მოლოდინში და მერე, თუ არაფერი შეიცვალა, გავშორდები-მეთქი. ქმარი სახლში მხოლოდ კვირაში ერთხელ მოდიოდა, თავს მოიწესრიგებდა, ფულს დამიტოვებდა და ისევ მთელი კვირით გაქრებოდა. შეიძლება, არ დამიჯეროთ, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ჩვეულებრივი ნაცნობებივით ვხვდებოდით ერთმანეთს და ერთხელაც არ გვიკამათია. ჩემი შვილი დაინახავდა თუ არა, მუხლებზე შემოეხვეოდა - მამიკო, როგორ მომენატრეო!.. ამ ჯოჯოხეთში ორი წელი გავატარე.

– მერე დაშორდით?

– ერთ დღესაც, ნამტირალევი, დაღლილი და გატანჯული მოვიდა და მუხლებში ჩამივარდა, მითხრა, მაპატიე, შენი დიდი სიყვარული ვერ დავაფასეო. ისევ ისეთი თბილი და მზრუნველი ქმარი გახდა. დღემდე თვალებში მიყურებს. იმდენად გვიყვარს ერთმანეთი, ზოგჯერ ჩემი შვილი მეუბნება, დედა, როდის დამთავრდება თქვენი თაფლობის თვე და როდის მიხვდებით, რომ ამ სახლში მეც ვარო.

– შვილი, ალბათ, უკვე დიდია... იცის, მამა ვინ არის?

– რა თქმა უნდა. მამის ნათესავებთანაც აქვს ურთიერთობა. ჩემი ყოფილი ქმარი გარდაიცვალა. ბებია-ბაბუას მის მეტი არავინ ჰყავს და ხომ არ დავაკარგვინებდი!

– თქვენი მეუღლე როგორი მამობილია?

– ძალიან კარგი მამაა. ბევრი ნამდვილი მამა ვერ გააკეთებდა შვილისთვის იმას, რასაც ჩემი მეუღლე აკეთებს. მეგობრებივით არიან. ზოგჯერ, როცა მე და ჩემი შვილი წავკინკლავდებით, ამ დროს ჩაერევა და მომრიგებლის მისიას კისრულობს. გაჭირვებამ და ბარიერებმა ჩემს ხასიათს თავისი დაღი დაასვა და რაღაც სიტუაციებში, ზედმეტად ემოციური ვარ. იმდენი რამე გადავიტანეთ ერთად, რომ უკვე თვალდახუჭული ვენდობით ერთმანეთს. ყოფილა შემთხვევა, რომ უცხოებთან ვყოფილვართ სტუმრად და სუფრის წევრებს საყვარლები ვგონებივართ: ამ ხნის ცოლ-ქმარს როგორ შეიძლება, ერთმანეთი დღემდე ასე უყვარდეთო?!. მაგრამ მართლა ასეა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

27 იანვარი - 2 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა