გულახდილი საუბრები

როგორია ქალი, რომელიც ქართველ მამაკაცებს „სახლისთვის უნდათ “

№8

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 04.03, 2022 წელი

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

„ქალი რომ მოგეწონება და შენთვის რომ გინდა“, „სახლისთვის რომ გინდა“, – აი, ასე პრიმიტიულად ესმით საქართველოში ქალთა უფლებები. ძირითადად სტერეოტიპული მიდგომით და ძველმოდურად. ქალებს უყვართ ბევრი ლაპარაკი ყველაფერზე, საკუთარ უფლებებზე კი – ცოტა. მაგალითად, სიტყვები „ქალი და პოლიტიკა“ ბევრ ადამიანში დღემდე იწვევს უარყოფით რეაქციას. ერთი შეხედვით „პროგრესული“ მამაკაცებისგანაც კი გაიგონებთ ფრაზას – ქალის ადგილი პოლიტიკაში კი არა, ოჯახშიაო.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, გენდერული თანასწორობა ადამიანის უფლებათა ნაწილია, რომელიც გულისხმობს ქალისა და მამაკაცის თანასწორ უფლება-მოვალეობებს, პასუხისმგებლობასა და თანასწორუფლებიან მონაწილეობას პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. თუმცა, ამ ჩანაწერის შინაარსი დღემდე ძალიან ცოტას თუ ესმის.

ნათია (35 წლის): მიუხედავად იმისა, რომ ქალებმა უფლებები საკმაოდ ახლო წარსულში მოვიპოვეთ, მოვახერხეთ და კუთვნილი ადგილი დავიმკვიდრეთ ყველა იმ სფეროში, რომელიც აქამდე მხოლოდ მამაკაცის პრივილეგიად ითვლებოდა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქალები მთელი მსოფლიოს მუშახელის თითქმის ნახევარს შეადგენენ და ძალიან ხშირად წამყვან თანამდებობებზეც გვხვდებიან, კაცების საკმაოდ დიდი პროცენტი მიიჩნევს, რომ ქალი უფრო მეტად ფასობს ოჯახით, ვიდრე სამსახურში წარმატებით. ისევ ხშირად გამოიყენება ტერმინები – „კავკასიური“ და „ქართული მენტალიტეტი“.

– როგორ გგონიათ, რას მოიაზრებენ ამ ტერმინში?

– ეს ტერმინი ჩვეულებრივი კლიშეა და ქალის მთავარ ფუნქციად ოჯახის მოვლას მიიჩნევს. სწორედ ესაა ის, რაც საქართველოში უპირატესობას კაცს ანიჭებს. აბსოლუტურად სტერეოტიპული მიდგომაა და ხელს უწყობს ჩვენს ქვეყანაში ქალთა მიმართ უთანასწორო მოპყრობის წახალისებას. რამდენიც უნდა მიმტკიცოს ვინმემ, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება, ფაქტები ჩემს ნათქვამს ადასტურებს. ნებისმიერ ქართველ კაცს ურჩევნია, ცოლი სახლში იჯდეს და ქმარ-შვილს ემსახურებოდეს. სულერთია, „პროდვინუტი“ იქნება კაცი თუ ნაკლებად განათლებული, ყველა ერთნაირად აზროვნებს.

– გეთანხმებით. საქართველოში გენდერული უთანასწორობა ნამდვილად რეალობაა.

– რა თქმა უნდა. მე მიმაჩნია, რომ თავმოყვარე, განათლებულ მამაკაცს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი ამბიცია, დააფასოს ადამიანი ინტელექტუალური და პიროვნული მიღწევების და არა სქესის გამო. უმრავლესობამ ისიც ვერ გაიგო, რომ გენდერული თანასწორობა არ გულისხმობს კაცების ჩაგვრასა და ქალების კაცებზე უპირატესობას ან იმას, რომ ქალმა უარი უნდა თქვას დიასახლისობაზე, ბავშვების გაჩენაზე ან მოვლაზე. ყველა ადამიანს, განურჩევლად სქესისა, უნდა ჰქონდეს თავისუფლება, აირჩიოს თავისი ცხოვრების სტილი საზოგადოების მხრიდან დაღის დასმის შიშის გარეშე. დროა, გავითავისოთ ის, რომ გენდერული თანასწორობა ყველა სფეროში წინსვლისა და წარმატების გარანტიაა. რატომ უნდა დაკარგოს ქალმა საკუთარი შემოსავალი გათხოვების შემდეგ. მას საკუთარი შრომით მიღებული შემოსავალი უნდა ჰქონდეს მაშინაც კი, როცა ეს თანხა ოჯახის ბიუჯეტს მხოლოდ უმნიშვნელოდ ზრდის. ამით ქალი მოსამსახურის პოზიციიდან პარტნიორამდე მაღლდება.

– ანუ, თუ ქალი დასაქმებული არ არის და მხოლოდ საოჯახო საქმეებით შემოიფარგლება, მამაკაცის თვალში ის მოსამსახურეა?

– სწორედაც რომ ასეა. კაცების უმრავლესობა ეძებს სუსტს, მასზე ნაკლებად ჭკვიან, ნაკლებად მოხერხებულ და გამჭრიახ ქალს, ალბათ, ერთი მხრივ, თავისი უპირატესობის მეტად ხაზგასასმელად, ნებისმიერ შემთხვევაში მას სურს ქალთან მიმართებაში დიდი უპირატესობა ჰქონდეს ყველა სიტუაციაში, შინ თუ გარეთ. დღესაც კი ბევრ ოჯახში ქალის როლი მკაცრად განისაზღვრება მისი რეპროდუქციული უნარით. ითვლება, რომ რადგან ბავშვს აჩენ, ბავშვზეც და ქმარზეც უნდა იზრუნო, იმიტომ რომ ეს „ბუნებრივად“ გაქვს მონიჭებული. ქალბატონებო, დროა ჩვენი როლები 10-იანზე შევასრულოთ და მამაკაცისგან იმავეს მოთხოვნის ყველაზე სამართლიანი უფლება მოვიპოვოთ, რადგან ორივე სქესი ბუნების შვილია. თანასწორი და თანაბარუფლებიანი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი