როგორია იმ ქალების ცხოვრება, რომლებსაც სიყვარული არ აქვთ
ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 02.05

ზოგჯერ ქალის ტკივილი არ გამოხატავს სიავეს, არც ბრაზს – ის, უბრალოდ, ჩუმია, გათენებული ღამეებითა და კითხვებით, რომლებსაც ხმამაღლა ვერ სვამს. ის ვერ ამბობს, რომ არ უყვარს, ვერ ამბობს, რომ აღარ უყვარს… ვერ ამბობს, რომ უბრალოდ, სხვაგვარად უნდა. ეს არ არის ტრაგედია, ეს არის ის ყოველდღიურობა, რომელსაც ხშირად ვხვდებით ჩვენ გარშემო. ეს ამბებია იმ ქალებზე, ვინც ბოლომდე გაიგო პარტნიორთან ურთიერთობის გემო და მაინც დარჩა იმ განცდით, რომ სადღაც საკუთარი თავი დაკარგა.
ეს არის ორი ამბავი, ორი გზა, ორი ხმა, რომლებიც ათასობით ქალის სურვილსა და თხოვნას აერთიანებს. ერთი ქალი წავიდა, მაგრამ ვერ აუხსნა, რატომ.
მეორე ქალი დარჩა, მაგრამ არ იცის, კიდევ რამდენ ხანს გაუძლებს საკუთარ დუმილს. ეს არის ისტორიები სიყვარულზე, რომელიც შეიძლება, არსებობდეს მხოლოდ ერთ მხარეს და მაინც, იყოს იმედი.
ისტორია პირველი
ლიკუნა (35 წლის): მშვიდად ვიყავი. მაგრამ არა ბედნიერად. ვსაუბრობ ჩემი და ჩემი ქმრის ურთიერთობაზე.
– როგორ დაიწყეთ ურთიერთობა?
– მშვიდად. არაფრით გამორჩეულად. არც ცეცხლი იყო, არც ბუშტები, არც მუცელში პეპლები... მითხრა, რომ მოვწონდი. მითხრეს, რომ კარგი ბიჭია. იქნებ, უნდა მეფიქრა, მაგრამ მარწმუნებდნენ, ყველაფერს თავისი დრო აქვსო. მეც ვუთხარი საკუთარ თავს: იქნებ, სიყვარული ნელა მოდის? მერე, ურთიერთობაში. და დავსაჯე სწორედ ამ „ნელას” ლოდინში.
– როგორი იყო ყოველდღიურობა?
– საგანგაშო არაფერი გვჭირდა. ჩვეულებრივად ვცხოვრობდით, მშვიდად, უამრავი სხვა წყვილის მსგავსად. არ ვჩხუბობდით, არ ვყვიროდით, არ ვკლავდით დროს სითბოთი – უბრალოდ ვიყავით სიჩუმეში, რომელიც ბოლოს აუტანელი გახდა.
– იყო ისეთი მომენტები, როცა თავს სიყვარულში გრძნობდით?
– მგონი, უფრო იმაში, რომ ცარიელ სივრცეს ვავსებდით. არც იმას მოუხაროდა ამ სახლში, არც მე ველოდი ღამით მის ნაბიჯებს. გემრიელი საჭმელი, ერთი-ორი შაბათ-კვირა, შვებულება ზღვაზე... თითქოს ყველაფერი რიგზე იყო.
და მაინც, ყოველ ღამით ჩემს თავს ვეკითხებოდი: ეს სიყვარულია თუ მხოლოდ სიმშვიდეა? არანაირი ბედნიერების განცდა, აღმაფრენა. თავს ვაჯერებდი, რომ ასეც უნდა ყოფილიყო.
– და როცა გადაწყვიტეთ წასვლა… რას გეუბნებოდნენ?
– მკითხეს: „რა დაგაკლდა?“ და ვერ ვუთხარი, რა მენატრებოდა. ვერ ავუხსენი, როგორია, როცა უბრალოდ გინდა, რომ თვალებში ჩაგხედონ, ისე, რომ ჯერ აღმოგაჩინონ და მერე გაგიგონ. უნდა მეთქვა ეს ყველაფერი ჩემი ქმრისთვის? რა აზრი ჰქონდა, მაინც ვერასოდეს გაიგებდა.
– გაბრაზდა? გთხოვათ, რომ დარჩენილიყავით?
– არა. მითხრა, რომ მისთვის ეს მოულოდნელი იყო. ვერ გაიგო. მაგრამ არც ეცადა, ჩემთვის გაეგო. და ვიფიქრე: თუ სიყვარული ჩვენ შორის ჯერ კიდევ სადმე მცირედ მაინც არსებობდა, ახლა უნდა ეყვირა. ის კი ჩუმად შევიდა ოთახში.
– გაქვთ დანაშაულის გრძნობა?
– სწორედ ესაა ყველაზე მტკივნეული, რომ არა. არ მტკივა მისი დაკარგვა. მტკივა ის წლები, როცა საკუთარი თავი დავარწმუნე, რომ წყნარად და მშვიდად ყოფნა ნიშნავს კარგად ყოფნას, სიხარულს, სიყვარულს, ბედნიერებას. მე ვხედავ წყვილებს, რომლებსაც ქარიშხალი აქვთ ურთიერთობაში, ჩხუბობენ კიდეც, მაგრამ ბედნიერები არიან.
– ახლა როგორ ხართ?
– ახლა ნამდვილად მარტო ვარ. მაგრამ გულწრფელად. და ეს გულწრფელობა პირველად მაძლევს თავისუფლად სუნთქვის საშუალებას. არ ვამბობ, რომ ბედნიერი ვარ. უბრალოდ, მართალი ჩემს თავთან და მასთანაც. მჯერა, რომ სიყვარული არსებობს, მჯერა, რომ არის ადამიანი, ვინც უბრალოდ, გამომყვება გზაზე, სადაც მე აღარ გავიმეტებ საკუთარ თავს სიყვარულის იმიტაციისთვის.
ისტორია მეორე
მაიკო (43 წლის): მე დავრჩი… და სიყვარული წავიდა. აი, ასე მოკლედ შემიძლია ვთქვა ჩემი ამბავი.
– როგორ იყო თავიდან?
– ის ნამდვილად მხიბლავდა. მგონი, ერთდროულად იყო დინამიკა, სითბო და რაღაც ნათება. გაუაზრებლად შევიყვარე ისეთი, როგორიც იყო. მქონდა შეგრძნება, რომ ეს იყო ის კაცი, რომელსაც მთელი ცხოვრება ვეძებდი.
– და მერე რა შეიცვალა?
– მე მოვიქეცი ცუდად – საკუთარი თავისგან მისთვის უფრო მოსახერხებელი ვარიანტის გამოძერწვა დავიწყე. რაც წარმოუდგენელი შეცდომა იყო. ერთი ნაბიჯით უკან ვდგებოდი, რადგან მიყვარდა. საკუთარი პიროვნება წავშალე. შესაბამისადაც მომექცა. დაკარგა ჩემდამი პატივისცემა. სიყვარულიც გაქრა…
– ამბობთ, რომ არ წასულხართ. რატომ?
– იმიტომ რომ მე „კარგი გოგო“ ვიყავი. იმაზე ვფიქრობდი, სხვები რას იტყოდნენ? ის ხომ არ მებუტებოდა, არ მღალატობდა, სახლში მოდიოდა.
– არ გიფიქრიათ, სად იყო გაუცხოების მიზეზი?
– ამაზე სულ ვფიქრობ და ეს ამბავი არა მხოლოდ მღლის, გამომფიტა. არავის ვუყვარვარ ისე, როგორც მე მიყვარს ისინი. და ამდენი წლის შემდეგ ვსწავლობ იმ დიდ გაკვეთილს, რომ სიყვარული ვერ არის მხოლოდ ის, რასაც შენ აკეთებ და გინდა.
– და მაინც, დარჩით.
– დავრჩი, რადგან ვერც საკუთარ თავს ვეტყოდი სიმართლეს, რომ ჩემთან აღარ ცხოვრობს გრძნობა. მხოლოდ ყოველდღიურობაა – უსიტყვო შეთანხმება. ჩვენ უკვე დიდი ხანია, აღარ გვაინტერესებს ერთმანეთი. მხოლოდ შვილები გვაერთიანებენ. უბრალოდ, ვიცით, რომ ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობთ, ერთმანეთის ჩრდილში. მე გავუშვი წასვლის მომენტი.
– რას ეტყოდი ქალს, ვინც ახლა იმ ზღვარზე დგას, სადაც თქვენ იდექით?
– ვეტყოდი: არ გაგაბრუოს სიმშვიდემ, რომელსაც სიყვარული არ ამაგრებს. არ დაიბნე, იმიტომ რომ გრძნობაში ეჭვი არ უნდა გეპარებოდეს. თუ საკუთარ თავს ეკითხები, გიყვარს თუ არ გიყვარს – ეს უკვე პასუხია.
– ახლა რა გაძლევთ ძალას?
– შვილები და იმედი, რომ ერთხელაც, ჩემშიც ჩაიხედავს ის, ვისაც მართლა დავაინტერესებ როგორც მე, არა როგორც მოსახერხებელი პარტნიორი, კარგი მზარეული, მზრუნველი თანამობინადრე ან თავშეკავებული, მშვიდი ცოლი,
არამედ როგორც ქალი, ვინც იმსახურებს სიყვარულს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან