გულახდილი საუბრები

როგორი წარმოუდგენიათ ქალებს იდეალური ოჯახი და არსებობს თუ არა ის რეალურად

№17

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 06.05, 2022 წელი

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

ბავშვობაში, ალბათ, ყველას წარმოგვედგინა იდეალური ოჯახი: ლამაზი სახლი, მოსიყვარულე დედა და მამა, შვილები თამაშობენ, ჟრიამულობენ. ოთახში სადილის მადისაღმძვრელი სურნელია, რომელიც დედამ სიყვარულით მოამზადა. ეზოში ფუმფულა ცუგა დარბის და ერთი სული აქვს, როდის დართავენ ნებას, საერთო მხიარულებას შეუერთდეს. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ამ ტიპის ილუზიებით ადამიანის აღზრდა უხეში და საბედისწერო შეცდომაა. ჯობს ბავშვმა იმთავითვე იცოდეს, რომ იდეალური ოჯახი, ისევე როგორც იდეალური ადამიანი, არ არსებობს. საზოგადოდ, ოჯახი ცვალებადი ფენომენია. შესაძლოა, თქვენ სტერეოტიპულ, ტრადიციულ ოჯახში გაიზარდეთ, სადაც მამა დილიდან საღამომდე სამუშაოდ იყო წასული, ხოლო დედა – დიასახლისი ბავშვებსა და სახლის საქმეებზე ზრუნავდა, მაგრამ დღეს, როდესაც ქალები დასაქმებულთა დიდ ნაწილს წარმოადგენენ, უფრო და უფრო იზრდება განქორწინებათა მაჩვენებელი და ისე ხშირია მარტოხელა დედის ან მამის ფენომენი, ოჯახის ტრადიციულმა სტრუქტურამ – „დედა-მამა-შვილი“ აქტუალობა დაკარგა და წინა პლანზე სხვა ფორმებმა წამოიწია.

ლიკა (43 წლის): თუ თქვენც ბავშვობიდანვე გიტენიდნენ თავში ლამაზ ზღაპრებს, ისეთივე პრობლემებთან მოგიხდებოდათ შეჭიდება, როგორსაც მე გადავაწყდი. მახსოვს, დედა და მამა როგორი გააფთრებით ცდილობდნენ, მათი პირადი ურთიერთობების შეფუთვასა და ჩვენ წინაშე სხვაგვარად წარმოჩენას. ისინი იდეალურ წყვილად გვაჩვენებდნენ თავს. დედაჩემი უბედნიერესი ქალი მეგონა, სანამ კარგად არ გავიზარდე და ოჯახი მე თვითონაც არ შევქმენი. შოკი მქონდა, როცა აღმოვაჩინე, რომ დედაჩემს თავისი აზრი არ გააჩნდა. გათხოვების მერე არცერთი დღე საკუთარი სურვილებით არ უცხოვრია, საჭმელიც კი არ შეუჭამია, რომელიც თვითონ უყვარდა. დღემდე გაწვრთნილი ძაღლივით შესცქერის მამაჩემს თვალებში და მეც იგივე რომ არ მსურს, მეჩხუბება.

– ანუ, მამათქვენი მოძალადეა?

– მაგ თაობის ქალების უმრავლესობა ფსიქოლოგიურ წნეხს სულაც არ მიიჩნევს ძალადობად. შეიძლება, მამაჩემიც ვერ აცნობიერებს, რომ მოძალადეა. ალბათ, ისიც გაუგებრობაშია, მაგრამ რომ დაველაპარაკო ამ თემაზე, მაინც ვერ გადავარწმუნებ. კიდევ უფრო ცუდია დაშტამპული ცუდი მოდელის გადმოტანა თქვენს ცხოვრებაში. იმის თქმა მინდა, რომ თუ თქვენი ახალი ოჯახი არ ჰგავს იმ ოჯახს, სადაც აღიზარდეთ, ნუ მიიჩნევთ ამას პრობლემად. დღეს ხომ უამრავი განსხვავებული ოჯახური სიტუაცია არსებობს. ზოგ შემთხვევაში ოჯახს უძღვება მარტოხელა, ქვრივი, ქმარს ან ცოლს გაშორებული მშობელი, რომელიც ერთმანეთს უთავსებს მუშაობასა და ბავშვის აღზრდას. ბავშვების გარკვეული ნაწილი ცხოვრობს ოჯახში, რომელმაც იშვილა ან დედინაცვალთან მამინაცვალთან იყოფს ოჯახურ კერას. რატომ უნდა მოვიქციოთ თავი სტერეოტიპების ტყვეობაში. რატომ არ უნდა ვიყოთ ბედნიერები, რომელიც თავისუფალი არჩევანის გარეშე შეუძლებელია.

– ოჯახში თავისუფლებას ბევრი ცუდი ინტერპრეტაცია აქვს.

– გეთანხმებით. იმიტომ, რომ ჩვენი წინა თაობა გააფთრებით ეწინააღმდეგება ყველაფერ ახალს. თვითონ როგორც იცხოვრა, ისე უნდა გაცხოვროს შენც და ძალადობს, გექაჩება, გითრევს, მიგითითებს, ეს ცუდია. რეალობას ვერავინ გაექცევა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი ოჯახი ჯდება ტრადიციული ოჯახის ჩარჩოებში, ადრე თუ გვიან თქვენს შვილებს აუცილებლად ექნებათ შეხება ბავშვებთან, რომლებიც განსხვავებულ ოჯახურ სიტუაციაში ცხოვრობენ. დროდადრო თქვენი პატარა ასეთ კითხვებსაც დაგისვამთ: „რატომ შორდებიან მშობლები ერთმანეთს?“ „რატომ არ ცხოვრობენ ჩემი კლასელის მშობლები ერთად?“ „რატომ ცხოვრობს ჩემი კლასელის მამა არა მათთან, არამედ სხვა ქალთან ერთად?“... შემოიფარგლებით მოკლე და შაბლონური პასუხებით? – მხოლოდ დააფრთხობთ ბავშვს. ამ კითხვების მეშვეობით ბავშვი ოჯახის შესახებ ორი რამის გარკვევას ცდილობს: სურს, გაეცნოს ოჯახის განსხვავებულ სტრუქტურებს და მიიღოს ის ფაქტი, რომ ოჯახური სიტუაცია, ცხოვრების სტილი და ურთიერთობები შესაძლოა, შეიცვალოს.

– ჩვენი უმრავლესობა აიდეალურებს იმ გარემოს, რომელშიც ცხოვრობს.

– მართალია, ოჯახური ცხოვრება ხშირად რომანტიზებულია. რატომღაც მოგვწონს ტყუილში ცხოვრება – არ გვინდა ვაღიაროთ, რომ რეალურად ოჯახი კონფლიქტისა და დაძაბულობის გარეშე წარმოუდგენელია. ცოლქმრული კამათი ჩვეულებრივი მოვლენაა, რომელიც შეიძლება, წარმოიშვას წვრილმანი, ყოფითი საკითხების გამოც. რატომ უნდა სცადო ამის მიჩქმალვა. ამას კარგი არაფერი მოაქვს.

– ოჯახში დაძაბულ სიატუაციას კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ ახლო ნათესავები და ახლობლები მუდმივად სტაბილურობისა და სიმშვიდის მოლოდინში არიან

– დიახ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არარეალური მოლოდინი აქვთ სხვების ოჯახური ცხოვრების მიმართ. ამიტომ აუცილებელია, ყველამ და განსაკუთრებით შენმა ახლობლებმა გაიაზრონ, რომ სტრესი, კონფლიქტი და უთანხმოება ოჯახური ცხოვრებისთვის ჩვეულებრივი მოვლენებია და მათი მოგვარება შესაძლებელია. უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ განურჩევლად იმისა, რა განსაცდელის წინაშე დაგვაყენებს ცხოვრება, სტაბილურობა არ არის ოჯახის წარმატების განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორი. პირიქით, სამყაროს მაჩვენებელი სწორედ უსიამოვნო სიურპრიზების ერთობლივი ძალებით გადალახვაა. მაგალითად, მე მომხრე ვარ ოჯახის შიდა წესების. რომელიც თქვენია და არა გადმოღებული. მაგალითად, ჩემთვის ოჯახურ ჰარმონიას ქმნის ერთობლივი საუზმე ან ვახშამი, დილის რიტუალები, დაგეგმილი საოჯახო დღესასწაულები, დაბადების დღეები, არდადეგები. როდესაც მსგავს სიტუაციებში ოჯახი გარკვეულ სქემას მიჰყვება ბავშვის ფსიქიკაზეც დადებითად მოქმედებს. მომწონს ჯანსაღი კონტაქტი ნათესავებთან და მეგობრებთან, ნუ გაემიჯნებით ამ ურთიერთობებს. როდესაც გაქვთ ნათესავებისა და მეგობრების იმედი, იცით, რომ რთულ სიტუაციაში გვერდით დაგიდგებიან, ეს ოჯახურ ატმოსფეროზეც დადებითად მოქმედებს. მოკლედ რომ ვთქვა, გქონდეთ რეალური მოლოდინები ოჯახის წევრებისგან. გახსოვდეთ, რომ არც თქვენი შვილები და არც თქვენ სუპერგმირები არ ხართ, ამიტომ ნუ მოსთხოვთ ნურც მათ და ნურც საკუთარ თავს იმას, რაც თქვენს შესაძლებლობებს აღემატება. არ დაივიწყოთ საკუთარი სურვილები და მოთხოვნილებები. რა თქმა უნდა, ოჯახის მიმართ პასუხისმგებლობას თავს ვერ აარიდებთ, მაგრამ აუცილებლად გამონახეთ თუნდაც მცირე დრო იმისთვის, რისი კეთებაც სიამოვნებას განიჭებთ. ემოციურად გაწონასწორებული და ბედნიერი დედა უკეთ ზრუნავს შვილებზეც და ოჯახის კეთილდღეობაზეც.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი