როგორ უშლის ხელს დაოჯახებასა და ბედნიერებაში „ოჯახური მზრუნველობა“ ზოგიერთ მამაკაცს
ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 13.12
ჩვენი საზოგადოება ძალიან ბევრ საკითხში ჯერაც სტერეოტიპების ტყვეობაში რჩება. ადამიანებმა ვერ გააცნობიერეს, რას ნიშნავს პიროვნული თავისუფლება და სხვისი ცხოვრების პატივისცემა, თუნდაც, ეს სხვა მისი საკუთარი შვილი იყოს. ამ მხრივ, ყველაზე აქტიური დედები არიან ხოლმე და ეს ზღვარგადასული აქტიურობა სიყვარულის „შალითაში “ იფუთება. ასეთ დედებს მიაჩნიათ, რომ შვილის ბედნიერებისთვის იბრძვიან, რეალურად კი მას ამ ბედნიერების ყველანაირ შანსს უსპობენ.
თინა (72 წლის): სულ თვალს ვადევნებ თქვენს გვერდს და რამდენიმე წერილმა ძალიან ამაფორიაქა. ზოგიერთ ქალში საკუთარი თავი ვიპოვე. ალბათ, ბევრი მშობელი, ვინც კი ოდესმე ჩარეულა შვილის პირად ცხოვრებაში, ამგვარად იფიქრებს. ნეტავი უფრო ადრე ვყოფილიყავი იმ აზრზე, როგორზეც ახლა ვარ. იმდენი რამე გადავაფასე, მაგრამ უკვე გვიანია.
– შვილის ცხოვრებაში ჩაერიეთ?
– მრცხვენია, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა სწორედ ეს იყო. 72 წლის გახლავართ. დღემდე ვწუხვარ, რომ შვილთან შევცოდე. დამნაშავე ვარ, რომ ხელი ვერ შევუწყვე დაოჯახებაში. უფრო შევუშალე. ქალიშვილიც მყავს. მან არც მკითხა, ისე გაჰყვა თავის შეყვარებულს. აგერ უკვე 25 წელია, ერთად არიან. მართალია, ხშირად ჰქონიათ კამათი, მაგრამ არ მინაღვლია, რადგან ვიცი, ერთმანეთი უყვართ. მაშინ გოგონას გაპარვა ისე განვიცადე, რომ ბიჭმა პირობა მომცა, ასე არ განერვიულებ და დაუკითხავად ცოლს არ მოვიყვანო. მერე სტუდენტი გახდა და მალევე გამომიცხადა, შეყვარებული მყავსო. რომელ დედას უნდა, შვილმა ადრეულ ასაკში დაიდგას ოჯახის უღელი. მეც არ მინდოდა, 18-19 წლისას ამხელა ტვირთი წამოეკიდა ზურგზე, ამიტომაც ვუთხარი: ნუ იჩქარებ, წინ დიდი დრო გაქვს, შენს ცხოვრებაში კიდევ ბევრი გოგო გამოჩნდება-მეთქი.
– ისე უთხარით ეს ყველაფერი, რომ იმ გოგოს არც იცნობდით?
– კი გავიცანი და დიდად არ მომწონებია. მოგვიანებით მივხვდი, ეს ეგოისტობით მომივიდა, თორემ მას ჩემი დასაწუნი არაფერი ჰქონდა.
– შვილს აგრძნობინეთ, რომ მისი რჩეული არ მოგეწონათ?
– დიახ, ჩემდა სამარცხვინოდ, ვაგრძნობინე. შევატყვე, ძალიან დასწყდა გული, ერთი კი ჩაილაპარაკა: ვინც მთავარია, იმას მოსწონსო... მაშინვე არ დაუნებებია თავი. ვიცოდი, ისევ ერთად დადიოდნენ, მაგრამ ჩემს შვილს თავისი შეყვარებული შინ აღარ მოუყვანია. ორი წლის მერე მეუღლე გარდამეცვალა. ამის შემდეგ კიდევ უფრო ჩავებღაუჭე შვილს. მინდოდა, სულ ჩემ გვერდით ყოფილიყო. ერთხელ გამომიცხადა, ხელის მოწერას ვაპირებთ და ცალკე გვინდა ბინა ვიქირავოთო. კინაღამ გავგიჟდი, სარძლო მწარედ შემომელანძღა – ალბათ, ის გაქეზებს, თორემ ჩემგან წასვლას როგორ იფიქრებდი, ასეთ მდგომარეობაში როგორ დამტოვებდი, მაგ გოგოს არასოდეს მივიღებ რძლად და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ერთად არ იყოთ-მეთქი. რატომ ენა არ გამიხმა, როცა ამას ვამბობდი. ახლაც თვალწინ მიდგას, ჩემი შვილი როგორი გაოცებული და ფერდაკარგული მიყურებდა. მოკლედ, იმდენი ვქენი, ერთმანეთს დავაშორე. მერე კი, როცა მეუღლის დაკარგვით გამოწვეულმა დეპრესიამ და ეგოისტურმა გრძნობამაც გადამიარა, ხან ვის ვთავაზობდი ჩემს შვილს საცოლედ, ხან – ვის. ყველაზე უარს მეუბნებოდა და ისე მიყურებდა ხოლმე, ბოლოს, ისიც კი ვუთხარი, თუ გინდა, მივალ იმ გოგოსთან და ბოდიშს მოვუხდი-მეთქი. მწარედ გაეღიმა, – ახლა რაღა დროსია, გათხოვდა და ორი შვილიც ჰყავსო. თავზარი დამეცა, თურმე, რა გავაკეთე. დროც ისე გამეპარა. შვილი ისევ პატარა ბიჭი მეგონა და უცოლოდ კი ჩავიბერე ხელში. 38 წლისა უცხოეთში წავიდა. იქ მეგობართან ერთად ბიზნესი წამოიწყო და ძალიან გაუმართლა. ზოგჯერ მეც მივყავარ, მაგრამ იქ დიდხანს ვერ ვძლებ. ვეხვეწები, გერმანელი მაინც მოიყვანე ცოლად, უშვილძიროდ ნუ დარჩები-მეთქი, მაგრამ ვინ მიჯერებს? ამას წინათ მისი თანაკლასელების შეხვედრა იყო. ჩამოვიდა. ბანკეტის მეორე დღეს ჩვენთან გააგრძელეს ლხინი. ყველას ჰყავდა ოჯახი, შვილები, შვილიშვილებიც კი, ჩემი შვილი მარტოდმარტო იყო... ისე ვინერვიულე, გული გამიხდა ცუდად. მაგრამ, ეს ყველაფერი ხომ ჩემი ბრალია. მე ჩავაგდე ჩემი შვილი ასეთ მდგომარეობაში. მერე კი, რომ ვტიროდი, მე დაგღუპე-მეთქი, მოვიდა ჩემი შვილი ჩემთან. თავზე ხელი გადამისვა და გამომიტყდა: ერთ ქალთან ბავშვი მყავს, უკვე 5 წლისაა, ბიჭია და მამაჩემის სახელი ჰქვია. ახალ წელს ჩამოგიყვან და გაჩვენებ. მაგრამ სიყვარულით მხოლოდ ის ერთი მიყვარდა, შენ რომ არ შემარგეო. მივხვდი, ჩემმა შვილმა ასე დამსაჯა... მერჩივნა მოვმკვდარიყავი.
– მშობლები მართლაც ხშირად სცოდავენ ხოლმე შვილების წინაშე.
– ეჰ, ასეა ნამდვილად. მაგრამ ძნელია, არ დაინტერესდე ან რაიმე არ ურჩიო შვილს, როცა ის მნიშვნელოვან საკითხს წყვეტს. ვაღიარებ, რომ ჩემი ჩარევა არამართებული იყო. მაგრამ რაღა დროს? ახლა დღეებს ვითვლი, ერთი სული მაქვს ჩემი შვილიშვილი ვნახო და გულში ჩავიხუტო. ეგ მაქვს ნუგეშად. რატომ ვიყავი ასეთი უგუნური...
სიახლეები ამავე კატეგორიიდან