როგორ უშლის ხელს ბედნიერებაში ქალებს სტერეოტიპები
ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 23.05

ხანდახან სტერეოტიპები ისე მყარად ფესვგადგმულია ქალის გონებაში, რომ ნებით თუ უნებლიეთ, თვითონაც ხდება მათი აქტიური მიმდევარი. ჩვენ ვესაუბრეთ ქალს, რომელმაც გვთხოვა, ვინაობა არ გაგვემხილა. მის სიტყვებში არის ტკივილი, დანაკარგი და უმთავრესი – რეალობის გაბედული გაცნობიერება. ეს ინტერვიუ არაა მხოლოდ ერთი ქალის აღსარება, ეს მრავალი ჩვენგანის ისტორიაა, რომლის მიღმაც დგას მოლოდინები, შიშები და ყველაზე ხშირად – უარყოფილი საკუთარი თავი.
მანანა (67 წლის): 45 წელია, დაქორწინებული ვარ. მაგრამ არასოდეს ვყოფილვარ ბედნიერი. მართლა. არ ვიცოდი, რა იყო სითბო და სიყვარული. ჩემი ცხოვრება მხოლოდ პასუხისმგებლობები და მოვალეობები იყო. მრცხვენოდა კიდეც, თუ ვინმესგან სითბოს ან მადლიერებას ვიგრძნობდი და დამნაშავესავით ვიკეტებოდი.
– რას გულისხმობთ?
– მეუღლე კარგი ადამიანი იყო თავისებურად. მაგრამ არ მახსოვს, ბოლოს როდის შემომხედა ისე, როგორც ქალს, თითქოს შინამოსამსახურე ვიყავი. მე მას არაფერს ვაბრალებ. დამნაშავე თავად ვარ. მთავარი ყოველთვის ქმრის სურვილები იყო, მისი ჩვევები, მისი საკვები, მისი სიმშვიდე. თან, შვილს ზრდი და სულ არ ფიქრობ საკუთარ თავზე. ბოლოს კი ისეთ შედეგამდე მიდიხარ, შენ თითქოს არც არსებობ. ასე გავიდა დრო და ოჯახში რძალი შემოვიდა. ვუყურებდი მას და მშურდა მისი. სულ იღიმოდა. ის იყო ერთადერთი, ვინც ჩემს სახლში სხვანაირად იქცეოდა. ხალისიანი იყო – აცხობდა, მღეროდა, ბავშვთან ერთობოდა. რაღაცნაირად თავისუფალი, ბედნიერი... თავიდანვე შევწუხდი, ვიძაბებოდი. რატომ არ სევდიანობდა?! დავუწყე შენიშვნები, თითქოს წესრიგის დაცვა მინდოდა, სინამდვილეში, ბოღმა მკლავდა, ბოღმა იმისა, რომ ვერ ვბედავდი ისეთი ვყოფილიყავი, როგორიც ის იყო.
– არ მოგწონდათ რძალი?
– მომწონდა, მაგრამ გულში მისი სილაღე მახრჩობდა. თავს ბედნიერად გრძნობდა. ისეთი თავისუფალი იყო, ისეთ ენერგიას ასხივებდა, ვუყურებდი და ვერ ვხვდებოდი, როგორ ახერხებდა, უფრო სწორად, როგორ ბედავდა.
– როგორ ბედავდა ბედნიერებას?
– დიახ. ეგ მაწუხებდა. გულწრფელად გითხრათ, კი. მრცხვენია ამის აღიარების, მაგრამ ბოღმა მახრჩობდა. ალბათ, მეზიზღებოდა კიდეც იმ მომენტებში. ჩემი რძალი ქმრის სიყვარულს გრძნობდა, რაც მე არასოდეს მღირსებია. მე უკვე გული მქონდა გაგლეჯლი ჩემი უფერული ყოველდღიურობით. თან მიკვირდა ჩემი რძლის სითამამე. მე ხომ სულ ამ სტერეოტიპში გამზარდეს – ქალმა როგორ უნდა გაბედოს, თავისი სურვილი, სიყვარული გამოხატოს. სინამდვილეში კი იმავეს ვნატრობდი მთელი ცხოვრება. ვნატრობდი ბედნიერების შანსს, სიყვარულის უფლებას.
– სიყვარულის უფლება ყველას აქვს. დღეს როგორ უყურებთ ამ წარსულს?
– ახლა ვხვდები – მტერი არც ჩემი რძალი იყო, არც შვილი, არც ქმარი. ჩემი მტერი თავად მე ვიყავი – საკუთარ თავსა და ემოციებში დაკარგული. ვისწავლე? დიახ, გვიან, მაგრამ მაინც ვისწავლე. ახლა რომ მკითხოს ვინმემ, რას შეცვლიდიო. ვუპასუხებ, რომ ყველაფერს... ყველაფერს შევცვლიდი, გარდა დედობისა. ჩემი შვილი მართლა ერთადერთი ნათელი სხივია ჩემს ცხოვრებაში და გული მტკივა, ჩემი კომპლექსებით ბედნიერებას რომ არ ვაცდიდი, მასაც ვუზღუდავდი თავისუფლებას, სტერეოტიპებში ვაცხოვრებდი. ჩემი ეს აღსარება ყველასთვის მაგალითი უნდა იყოს. როგორ შეიძლება, გარემოს სტანდარტებმა დაგვაბრმავოს. ქალები თავის შინაგან ხმას არ უგულვებელყოფენ, მაგრამ ის მაინც გაისმის. ეს არ არის მხოლოდ პირადი ისტორია. ეს არის სათქმელი ბევრი ქალის სახელით. მოუსმინეთ გულისთქმას, მოუსმინეთ და თუ საკუთარ თავშიც იპოვეთ ჩუმი აღიარება, ნუ გაჩუმდებით. საუბარი პირველი ნაბიჯია, გამოხვიდეთ ჩაკეტილი წრიდან და ბედნიერება იგრძნოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან