გულახდილი საუბრები

როგორ უფუჭებს მამაკაცებს ცხოვრებას ხალხის აზრი და საკუთარი დედის სტერეოტიპები

№31

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 13.08, 2021 წელი

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

გავრცელებულია მოსაზრება, რომ საზოგადოებრივი აზრის გავლენით მხოლოდ ქალები იტანჯებიან. რაც სიმართლეს არ შეესაბამება. მამაკაცები შესაძლოა, ხმამაღლა ამას არ აღიარებენ, მაგრამ მათი ცხოვრებაც დიდწილად არის დამოკიდებული იმაზე, თუ „რას იტყვის ხალხი“. ხშირად კი ეს დამოკიდებულება ბედნიერებაში უშლით ხელს. სინანული ყოველთვის იმით არის განპირობებული, რომ ერთ დღეს რაღაც ისე ვერ გავაკეთეთ, როგორც ჩვენ გვინდოდაო.

ირაკლი (43 წლის): მე უკვე აღარ ვარ პატარა ბიჭი. 43 წლის გავხდი და უკან რომ ვიხედები, სინანული მიპყრობს. დღემდე ვერ ვპატიობ თავს, რომ საყვარელი ქალი ცოლად არ მოვიყვანე. ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომაა, რომელსაც ვეღარაფერს ვუშველი. რვა წლის წინ გავიცანი და მთელი ხუთი წელი ერთად ვიყავით.

– ერთად ცხოვრობდით?

– დიახ. მე თავისუფალი ვიყავი. ის – ქმარს გაცილებული და შვილიც ჰყავდა. ამას მე არ ვანიჭებდი გადამწყვეტ მნიშვნელობას. თუ ადამიანი გიყვარს, ის გიყვარს მთლიანად, მისი წარსულიც, აწმყოც და მომავალიც შენი ცხოვრებაა და სხვას არაფერს აქვს აზრი. მშვენივრად ავაწყვეთ ურთიერთობა. მიყვარდა, მაგრამ...

– მაგრამ, მაინც განათხოვარი და შვილიანი ქალი იყო, თქვენი ოჯახისთვის მიუღებელი, ხომ ასეა?

– მარტო ამაში არ არის საქმე. მამაკაცის ბუნება ხომ იცით... სულ იმას ვფიქრობდი – ამან რომ გაიგოს, როგორ მიყვარს, მერე პრეტენზიები გაუჩნდება, მოსვენებას დავკარგავ, ტვინს შემიჭამს, ცოლად მოყვანას მომთხოვს. ამიტომ ჯობია, არ გავართულო საქმე-მეთქი. თავს მშვენივრად ვგრძნობდი, რადგან ვიცოდი, რომ მას ძალიან ვუყვარდი და ჩემი ერთგულიც იყო. მარტო ვცხოვრობდი. საკუთარი ბინა მქონდა. როცა მას საშუალება ჰქონდა, 2-3 დღეც კი რჩებოდა ჩემთან და როცა მიდიოდა, გული მწყდებოდა, მაგრამ არც ამას ვეუბნებოდი ხმამაღლა. თავი ისე მეჭირა, თითქოს ჩემთვის სულ ერთი იყო. იმასაც ვგრძნობდი, რომ ამის გამო გული სწყდებოდა. ხშირად წამოიწყებდა, ხოლმე ლაპარაკს ისეთ თემაზე, რაც მიმანიშნებდა, რომ სწორად ვიქცეოდი. ანუ მეკითხებოდა – მიყვარდა თუ არა, მენატრებოდა თუ არა, მის გარეშე გაძლება მიჭირდა თუ არა? მე სასხვათაშორისო პასუხებს ვცემდი და საუბარი სხვა თემაზე გადამქონდა.

– არ იყო ეს თქვენი მხრიდან ეგოისტური საქციელი?

– რა თქმა უნდა, იყო. ახლა სრულად ვაცნობიერებ ამას. უპასუხისმგებლოდ, ეგოისტურად, არაკაცურად მოვიქეცი. საქმე ის გახლდათ, რომ ცოლი არასოდეს მყოლია და ბუნებრივია, ოჯახის შექმნაზე ვფიქრობდი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქალი მიყვარდა და ვიცოდი, კარგ ცოლობასაც გამიწევდა, მის ცოლად მოყვანას მაინც არ ვაპირებდი. ჯერ ერთი, შვილიან ქალზე დაქორწინება არ მინდოდა, მეორეც – ჩემი მშობლები ამის გამო სამუდამოდ მომიძულებდნენ. ახლა ძალიან ვნანობ – საყვარელ ქალზე მხოლოდ იმიტომ არ ვიქორწინე, მეშინოდა, ხალხი რას იტყოდა.

– აღიარებთ, რომ „ხალხი რას იტყვის“ იყო გადამწყვეტი?

– სიმართლეს გეტყვით – იმ პერიოდში, სანამ ეს ქალი ჩემი საყვარელი იყო, უარი ვთქვი რამდენიმე გოგოს გაცნობაზე, რომლებსაც მირიგებდნენ. მასთან განშორებაც მიმძიმდა, მაგრამ მერჩივნა, მთლად უცოლოდ დავრჩენილიყავი, ვიდრე ჩემი საყვარელი მომეყვანა ცოლად. მრცხვენია ჩემი მაშინდელი აზრების. ვიცი, ამას რომ წაიკითხავენ, უამრავი ქალი გამკიცხავს, უგუნურს, შტერსა და უნამუსოს მიწოდებს, ხმას ვერ ვიღებ თავის დასაცავად, მაგრამ აღიარება ხომ ამსუბუქებს დანაშაულს და ყველას ვთხოვ, მომიტევოს. მოხდა ისე, რომ შემთხვევით ერთი გოგო გავიცანი. ძალიან მომეწონა. მომეჩვენა, რომ სავსებით შესაფერისი კანდიდატურა იყო ოჯახის შესაქმნელად. აქეთ მშობლები მიწყალებდნენ გულს, ცოლი მოიყვანეო და იქით – მეგობრები. სურვილი მეც მქონდა. დავიწყე ამ გოგოსთან შეხვედრები. ჩემი საყვარელი რაღაცას მიხვდა – ქალები ხომ ინტუიციით ხვდებიან მამაკაცის ჩანაფიქრს და ცოტა ხანში არასასიამოვნო სიურპრიზიც მომიწყო. ერთ საღამოს ჩვეულებრივად დავურეკე, ჩემთან მოდი-მეთქი, უნდა მეთქვა და დამასწრო, აღარ დამირეკო, შენს ზარს ველოდი, რომ ეს მეთქვა, ახლა გავთიშავ ტელეფონს თუ არა, სხვა ნომერს ჩავრთავ და არასოდეს მომძებნოო. ჩემი პასუხისთვის აღარ დაუცდია, ტელეფონი გამორთო. რამდენიმე დღის განმავლობაში ვცდილობდი მასთან დაკავშირებას, მაგრამ ის ნომერი აღარ ჩაურთავს. მერე მის დაქალს დავურეკე ამბის გასაგებად და შოკში ჩავვარდი, როცა მითხრა, თხოვდებაო. საშინლად გავბრაზდი, ჯერ დავაპირე, სასწრაფოდ მომეძებნა და მეთქვა როგორ მიყვარდა, არ დამენებებინა სხვა მამაკაცისთვის, თუმცა ჩემმა ავადმყოფურმა თავმოყვარეობამ მძლია, ისევ მშობლებსა და ახლობლებზე დავიწყე ფიქრი, არაფერი მოვიმოქმედე და დავკარგე ჩემი ბედნიერება. ხელიდან გავუშვი ქალი, რომელიც რეალურად ჩემი მეორე ნახევარი იყო. შევირთე ცოლი და ზუსტად 1 წლის შემდეგ გავცილდი. მადლობა ღმერთს, შვილი არ გვყავს და ჩემი გაუაზრებელი გადაწყვეტილებით უდანაშაულო არსებაც არ იტანჯება. ამ ამბის მერე რამდენიმე წელი გავიდა. საყვარელ ქალთან დაშორება, თითქოს, ისე აღარ მტანჯავს, მაგრამ მაინც გული მტკივა, ერთხელ მაინც როგორ არ ვუთხარი, როგორ მიყვარდა. მამაკაცებო, არ დაკარგოთ ქალი, რომელიც თქვენი გულისა და სულის ნაწილია, არავის აზრის გავლენით და არაფრის ფასად!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი