გულახდილი საუბრები

როგორ უნდა იპოვოს ორ წარუმატებელ ქორწინებაში მყოფმა ქალმა პირადი ბედნიერება

№47

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 05.12

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

თანამედროვე საზოგადოებაში ქალის როლზე უამრავი სტერეოტიპი მოქმედებს. საზოგადოებრივი მოლოდინები ხშირად განსაზღვრავს მის ცხოვრებას, გადაწყვეტილებებს და თვითშეფასებასაც კი.

ქალის წარმატებას, მისწრაფებას ან ბედნიერებას ხშირად მაინც ოჯახთან და ქორწინებასთან აიგივებენ, თითქოს მხოლოდ პირადი ცხოვრება უნდა იყოს მისი ცხოვრების მთავარი საზომი.

თუმცა რეალობა გაცილებით მრავალფეროვანია. ზოგჯერ ქორწინება არ ნიშნავს ბედნიერებას, ხოლო განქორწინება მარცხს არ წარმოადგენს. დღევანდელ სამყაროში სულ უფრო მეტი ქალი აძლევს თავს უფლებას, თქვას: „მე არ ვარ მხოლოდ ცოლი ან დედა – მე ვარ ადამიანი, რომელსაც აქვს საკუთარი არჩევანი და გზა“.

სწორედ ამ თემაზე – სტერეოტიპებსა და შინაგან ბრძოლაზე, საზოგადოებრივ ზეწოლასა და თვითპატივისცემის დაბრუნებაზე – გვესაუბრება ჩვენი რესპონდენტი თამარი (სახელი შეცვლილია), ქალი, რომელმაც ორი ქორწინება უკან მოიტოვა და დღეს თავად ქმნის თავის ახალ ცხოვრებას. ეს ამბავი არის არა მხოლოდ ტკივილის, არამედ გადარჩენის, თვითშემეცნების, თვითრეალიზებისა და ნამდვილი თავისუფლების ისტორია.

თამარი (42 წლის): ქორწინება არ არის მხოლოდ სიყვარული და ბედნიერება, ზოგჯერ ეს გამოცდაა, საკუთარ თავში ძალის აღმოჩენა და გზა შინაგანი სიმშვიდისკენ. დღეს, პირველად ცხოვრებაში, აღარ ვეძებ გადამრჩენელს – მე თავად გავხდი საკუთარი თავის საყრდენი.

– როცა ამბობთ, რომ ორჯერ გათხოვდით და ორჯერ არ გაგიმართლათ, რას გულისხმობთ?

– ალბათ იმას, რომ არ ვიცოდი, რა იყო „გაუმართლა“. ორივეჯერ მეგონა, რომ სიყვარულს ვხვდებოდი, მაგრამ სინამდვილეში მე თვითონ არ ვიცნობდი საკუთარ თავს. პირველი ქორწინება ახალგაზრდული შემართებით და ცოტა ქარაფშუტულად დაიწყო – ოცნებით, რომ ოჯახი ფილმებივით იქნებოდა. სინამდვილეში იქ იყო სიცივე, შეუთავსებლობა და ჩუმი ტკივილი. მეორედ, თითქოს, უფრო გონივრულად ავარჩიე ცხოვრების თანამგზავრი, მაგრამ ისევ იმავე წრეზე დავბრუნდი – ისევ ვიხარჯებოდი სხვისთვის და ისევ დავკარგე ჩემი თავი. პიროვნულად ისევ ვნადგურდებოდი.

– როდის მიხვდით, რომ აღარ შეიძლებოდა ასე გაგრძელება?

– მაშინ, როცა სარკეში ვეღარ ვიცანი ჩემი თავი. ერთ დილას, ჩვეულებრივად, ყავას ვსვამდი და უცებ ვიფიქრე – რატომ არ მიხარია ახალი დღე? მაშინ მივხვდი, რომ სიყვარული, რომელიც გკლავს, გგუდავს, სიყვარული აღარ არის. ეს იყო ჩემი გამოფხიზლება.

– როგორ გადალახეთ ყველაზე რთული ეტაპი?

– თავიდან არაფერი გამოდიოდა. ტკივილი ისეთია, ისეთი განცდა გაქვს, თითქოს მიწა გამოგეცალა ფეხქვეშ. ვმუშაობდი ზედმეტად ბევრს, თითქოს შინაგან სიცარიელეს ვმალავდი. მერე მივხვდი, რომ მარტოობა არ ნიშნავს მარცხს. დავიწყე წერა, სიარული, ფსიქოთერაპიაზე წავედი... პირველად ვთქვი, რომ მე მარტო არ ვარ – მე ჩემთან ვარ.

– დღეს როგორი ხართ? როგორია თქვენი ცხოვრება ახლა?

– ახლა პირველად ვგრძნობ სიმშვიდეს. აღარ მეშინია მარტო ყოფნის. როცა საკუთარ თავთან მეგობრობ, აღარ გჭირდება ამის დამამტკიცებლად ყალბი სიყვარული. თუ ოდესმე ისევ ვინმეს შევხვდები, მინდა, ეს შეხვედრა იყოს არა მარტო დარჩენის შიშიდან გამომდინარე, არამედ ნამდვილად მყავდეს გვერდით „ჩემი“ ადამიანი. ახლა ვგრძნობ, რომ საბოლოოდ დავბრუნდი საკუთარ თავთან და ეს ყველაზე ძვირფასი განცდაა. დღეს ზუსტად ვიცი, რომ სიყვარული არ უნდა გკლავდეს. სიყვარული უნდა გაძლერებდეს და გამშვიდებდეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი