როგორ შეიძლება, დაკარგო ერთ დღეს ბედნიერება და წლების შემდეგ ისევ იპოვო
ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 27.09
ბედნიერება – ადამიანის მენტალური და ემოციური მდგომარეობაა, რაც კმაყოფილებისა და სიხარულის ძლიერ შეგრძნებას უკავშირდება. ის ხშირად კავშირშია ცხოვრების ხარისხთან, რაც განისაზღვრება არსებობის სოციალური, კულტურული, მატერიალური და პიროვნული ასპექტებით.
სხვათა შორის, ბედნიერების საკითხი მჭიდროდ უკავშირდება მორალსა და ეთიკას. ჯერ კიდევ პლატონი მიიჩნევდა, რომ ბედნიერია ის, ვინც საკუთარ სურვილებს არ ემონებაო. თუმცა, დღეს სწორედ ჩვენი სურვილები განსაზღვრავს ქმედებებს. მთავარია, ეს ქმედებები არ „იჭრებოდეს“ სხვის ცხოვრებაში. არ ანგრევდეს სხვის ბედნიერებას და არ იწვევდეს ტკივილს.
თეო (41 წლის): დღეს ისეთი ბედნიერი ვარ, სიხარულს გულში ვერ ვიტევ და მინდა, თქვენი საშუალებით ამქვეყნად ყველას გავაგებინო, რომ ოცნებები სრულდება. როცა არ ელოდები, სწორედ მაშინ მოგიკაკუნებს ბედნიერება, რომ ამბობდნენ, როცა გულწრფელად გიყვარს, არასოდეს ჩაიქნიო ხელი, რადგან დღეს თუ არა, ხვალ ბედი აუცილებლად კარზე მოგადგებაო – არ მჯეროდა. ლამის ხელი მქონდა ცხოვრებაზე ჩააქნეული. გული კი საშინლად ნატკენი.
მე და ჩემს პირველ, თანაც ერთადერთ შეყვარებულს ბავშვობიდან გვიყვარდა ერთმანეთი. ძალიან კარგი და გამორჩეული გარეგნობის ბიჭი გახლდათ, სწორედ ამის გამო ბევრს მოსწონდა. არც მე ვიყავი ურიგო გოგო, მაგრამ მაინც ყველა ლაპარაკობდა, ის გოგო იმიტომ აირჩია, მდიდარი მამიკო რომ ჰყავდაო. თურმე იმდენი ბოროტი და მოშურნე მყოლია. ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა და ამ ყველაფერს ყურადღებას არ ვაქცევდი.
– თქვენი ურთიერთობა სწორედ ამ მოშურნე ადამიანებმა გააფუჭეს?
– ძალიან ბევრს შურდა ჩვენი სიყვარულის. ბოროტმა ადამიანმა (მე რომ მეგობარი მეგონა) საშინელი რამ ჩაიდინა და მე და ჩემი დიდი სიყვარული ერთმანეთს დაგვაშორა.
– თუ გრძნობა ძლიერია და წყვილს შორის კავშირი მყარია, როგორი შურიანი ადამიანიც უნდა იყო, როგორ უნდა დააშორო ადამიანები?!
– ამას ნუ იტყვით. ადამიანმა არ მოინდომოს, თორემ…. მეც სწორედ თქვენსავით მეგონა, მაგრამ სამწუხაროდ, საკუთარ თავზე გამოვცადე. მტკივნეულად გადავიტანე შეყვარებულთან დაშორება, მაგრამ ცხოვრება გრძელდება და რამდენიმე წლის შემდეგ, როცა შერიგების იმედი გადამეწურა, სხვას გავყევი ცოლად. წლები გადიოდა და ბავშვი არ შეგვეძინა. სად არ ვიყავი სამკურნალოდ, მაგრამ ყველაფერი უშედეგო იყო. საშინლად განვიცდიდი. ქმარი არ მიყვარდა და მეგონა, ბავშვი რომ გვეყოლებოდა, მერე მაინც გამიჩნდებოდა მის მიმართ გრძნობა. მეთერთმეტე წელი იწურებოდა, როცა ქმრის ნათესავმა ექიმმა „გადაჭრით“ დამისვა დიაგნოზი – ვერასოდეს შეძლებ ბავშვის გაჩენასო. დედამთილ-მამამთილმა კი გამომიცხადა: არ გვინდა უშვილო ქალიო. გული მეტკინა, მაგრამ რაღას ვიზამდი? ერთ დღესაც ჩავალაგე ჩანთა და ქმრის ოჯახიდან წამოვედი.
– 11 წელი სიყვარულის გარეშე იცხოვრეთ ქმრის გვერდით?
– კი. ასე იყო. რაღაცნაირად გავიდა 11 წელი, უფერულად. რომ წამოვედი, თითქოს მხრებიდან ტვირთი მომშორდა. თუმცა იმედგაცრუებული და იმედგადაწურული ვიყავი. ვფიქრობდი, ჩემს ცხოვრებაში კარგი რაღა უნდა მოხდეს-მეთქი. ვიცოდი, ჩემი ყოფილი შეყვარებული კვლავ უცოლო იყო, მაგრამ ერთი წუთითაც არ მიფიქრია მასთან დაკავშირება. იმიტომ კი არა, რომ აღარ მიყვარდა ან ისევ გაბრაზებული ვიყავი მასზე. არა, ის, ისევე როგორც მე, ბოროტი ენის მსხვერპლი იყო. თან, მან არ შექმნა ოჯახი, მე კი, ცხელ გულზე, ავდექი და გავთხოვდი. ალბათ, იმიტომაც არ მიჩნდებოდა ბავშვი სხვასთან, რომ ჩემთვის ძალიან ახლობელ და საყვარელ ადამიანს გული ვატკინე... ფაქტია, რომ მან მარტო ყოფნით თავი დაისაჯა, მე კი იმით, რომ უსიყვარულოდ გავყევი სხვას.
ჩვენი დაშორებიდან 14 წელი იყო გასული, შემთხვევით შევხვდით. ახლობლის ქორწილი იყო და ტაძარში ვიყავი. ღვთისმშობლის ხატთან ვიდექი. ვიღაცის დაჟინებული მზერა რომ ვიგრძენი, გავიხედე და ის დავინახე. ისეთი რაღაც დამემართა, ენით ვერ გადმოვცემ. თითქოს ეს წლები არც იყო გასული, ერთმანეთს პატარა ბავშვებივით ჩავჭიდეთ ხელი და სადაც სტუდენტობისას გვიყვარდა სიარული, ყველა ადგილი მოვინახულეთ.
41 წლის ვარ. ერთ თვეში დედა გავხდები, გვერდით მყავს ძვირფასი და მზრუნველი ადამიანი და უსაზღვროდ ბედნიერი ვარ. ისეა, როგორც ზღაპარში. ზოგჯერ არც მჯერა, რომ ეს ყველაფერი ჩემს თავს მოხდა. არასოდეს უნდა თქვა არასოდეს და არ გადაიწურო იმედი. ზოგჯერ ცხოვრება თავად გვიკეთებს საჩუქარს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან