როგორ მკვიდრდება საზოგადოებაში ფსევდო-ფასეულობები და როგორ უზღუდავს ბედნიერებას ეს ქალებს
ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 29.11
არავის აქვს უფლება, იმსჯელოს სხვის ცხოვრებაზე. ასწავლოს, რა და როგორ გააკეთოს, რა მიირთვას საუზმეზე და რა ფერზე შეიღებოს თმა ან როგორ იყოს ბედნიერი. ყველაფერი მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის გადასაწყვეტია, რადგან ყველა ადამიანს მხოლოდ საკუთარი ცხოვრება აქვს. ვერც სიყვარულს აიძულებ ვინმეს და ვერც იმას უკარნახებ, როგორ უყვარდეს. საზოგადოების რაღაც ნაწილი ხშირად ხდება ფსევდოფასეულობების შემქმნელი, შემდეგ კი მოძალადე, რაც ბევრი ადამიანის ცხოვრებაზე უარყოფიად აისახება.
მარიკა (31 წლის): იქნებ მითხრათ, ვის აქვს უფლება, სხვისი ბედი გადაწყვიტოს ან ვინ ადგენს ამ უცნაურ კანონებს? მე ხომ სხვების ცხოვრებას არ ვეხები, საერთოდ არ მაინტერესებს. ისინი რაღატომ იქექებიან ჩემსაში. ჩემზე ასაკით ბევრად უმცროსი ბიჭი შემიყვარდა. ახლა მისგან ბავშვს ველოდები. ჩვენი მშობლები მზად არიან, ერთად ჩაგვქოლონ მე და ჩემი პატარა, რომელიც დიდი სიყვარულის ნაყოფია.
– თქვენი მშობლებიც გებრძვიან?
– მარტო მშობლები? მთელმა საგვარეულომ და სამეზობლომ ჩემთვის მოიცალა. პატარა პროვინციულ ქალაქში ვცხოვრობდი, სადაც გასული საუკუნის ბოლოს, ისე როგორც მთელ საქართველოში, მოდური იყო მოტაცებით ცოლის შერთვა. სკოლა ახალი დამთავრებული მქონდა, რომ თანაკლასელმა რამდენიმე მეგობრის დახმარებით მომიტაცა. არ მიყვარდა ის ბიჭი და თავის დაღწევა ვცადე – გავიქეცი. ოთხნი იყვნენ, არაფერი გამომივიდა. საშინლად მომექცნენ. არავინ მომშველებია, ქალები მხოლოდ შორიდან კიოდნენ. ძალადობა ამით არ დამთავრებულა იმ დროს „წესი“ იყო, თუ მშობლები ქალწულობის დაკარგვამდე ვერ მოგისწრებდნენ, სხვა გზა არ გქონდა, უნდა დარჩენილიყავი, რადგან შერცხვენილის სახელით ვეღარ იცხოვრებდი. ორსაათიანი ომის შემდეგ, როდესაც წინააღმდეგობის გაწევის თავი აღარ მქონდა, ჩემმა მოძალადე საქმრომ საწადელს მიაღწია. შემდეგ ძმაკაცებს ახარა, საქმე გაკეთებულია, გადავრჩითო. გარანტია მიიღეს, რომ ცოლობას დავთანხმდებოდი, მათ კი გატაცების ბრალდებით არ დაიჭერდნენ.
მეზიზღებოდა ჩემი ქმარი, მის შეხებაზეც კი ისტერიკაში ვვარდებოდი. დიდხანს ვერ ვივიწყებდი მის სიტყვებს, ძმაკაცებს რომ ახარა, გადავრჩით, გავინაღდეო... მერე, როგორც იქნა, შევეგუე ბედს. გადავწყვიტე, უმაღლესში ჩამებარებინა. წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩემი გავიტანე და უცხო ენების ინსტიტუტი დავამთავრე. გავაჩინე ორი შვილი. ბავშვები რომ წამოიზარდნენ, ბაღში მივიყვანე, უკვე მუშაობის დაწყებაც შემეძლო, მაგრამ ქმარმა უფლება არ მომცა. მას მიაჩნდა, რომ ქალის საქმე მხოლოდ „სამზარეულო” და „საძინებელი” იყო. ვერაფერს გავხდი, მხოლოდ იმას მივაღწიე, რომ ბავშვებს შინ, კერძოდ ვასწავლიდი ინგლისურს. ჩემი ქმარი გრძნობდა, რომ არ მიყვარდა, მასთან მხოლოდ შვილები მაკავშირებდა და სასმელს მიეძალა. გალეშილი ფერებას რომ დამიწყებდა, გული მერეოდა... ერთ დღეს მთვრალმა ყველაფერი დალეწა და მოსწავლეები სახლიდან გამიყარა. ამის ატანა აღარ შემეძლო, დავავლე ბავშვებს ხელი და თბილისში გადმოვბარგდი. აქაც მომძებნა... როცა მიხვდა, რომ მასთან დამბრუნებელი არ ვიყავი, შემეშვა. თუმცა ბავშვებს დღემდე აქეზებს, დედათქვენს მე კი არა, თქვენც არ უყვარხართო.
თბილისში კარგ სამსახურში მოვეწყვე, ერთ ორგანიზაციას ინგლისური ენის სპეციალისტი სჭირდებოდა – თანამშრომლებისთვის ტრენინგები უნდა ჩამეტარებინა. რამდენიმე გაკვეთილის შემდეგ ერთმა ახალგაზრდა კაცმა მთხოვა, მისთვის ცალკე ჩამეტარებინა დამატებითი გაკვეთილები, ცხადია, დამატებითი ანაზღაურებით. გამიხარდა, ჩემს შვილებს ხომ უამრავი რამ სჭირდებოდათ. კაცი მონდომებული და ნიჭიერი აღმოჩნდა, მაგრამ ცოტა ხანში ვიგრძენი, რომ გაკვეთილის ახსნისას არ მისმენდა, გიჟივით მომშტერებოდა და თვალს არ მაცილებდა. ვხვდებოდი, მოსწავლე კი არა, კაცი მიყურებდა. რაღაც დამემართა, სხვანაირი იყო ის მზერა...
– შეგიყვარდათ?
– პირველად ვიგრძენი ქალობა, პირველად მომინდა სხვანაირად ჩამეხედა სარკეში. ჩვენ შორის რომანი გაიბა, ის ჩემზე, თითქმის, 10 წლით უმცროსია. თუმცა საოცრად გონიერი, ინტელექტუალური და შესანიშნავი ადამიანია. ძალიან მამაკაცური, დინჯი, მშვიდი. მოკლედ, ყველა ღირსება აქვს, რომლითაც შეიძლება, ქალი მოიხიბლოს. ერთ დღეს მოულოდნელად გამომიცხადა, დავქორწინდეთო. ისე დავიბენი, ენას ვერ ვატრიალებდი საპასუხოდ. წარმოვიდგინე, რა ბედნიერება იქნებოდა საყვარელი კაცის ცოლობა. მერე, თითქოს ვიღაცამ მიწას დამანარცხაო, საშინლად ვიგრძენი თავი, მივხვდი, რა მოჰყვებოდა ამას საზოგადოებაში, რომელსაც მიაჩნია, რომ ჯერ მისი აზრია აზრი და მერე შენი. მერე დავფეხმძიმდი. როცა გაიგო, ბავშვს ველოდებოდი, სიხარულისგან გაგიჟდა. მეფერებოდა, ბავშვივით ხტოდა, ყვიროდა, მამა გავხდები და ეს ყველამ უნდა გაიგოს, ახლა ხომ დარწმუნდი, რომ მუდმივად ერთად უნდა ვიყოთო. პირველად თავის დას ახარა, ეგონა და, რომელსაც ძალიან უყვარდა, გაუგებდა. ისტერიკა დამართნია. საქმე იქამდე მივიდა, რომ სახლიდან წამოვიდა. მეც იძულებული გავხდი, ჩემებისთვის ყველაფერი მეთქვა. ყველამ გამლანძღა, ზურგი მაქციეს.
– ალბათ, როგორი მძიმე იყო ეს ყველაფერი.
– მძიმე იყო, მაგრამ სწორედ ამის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ არც მე მჭირდება არავინ. რადგან ადამიანი თვითონ არის საკუთარი ბედნიერების მჭედელი. ახლა ერთად ვცხოვრობთ, მაგრამ ვატყობ, უჭირს ოჯახის წევრებისგან ღალატის გადატანა. იქნებ მითხრას ხალხმა, ვის აქვს უფლება, სხვისი ბედი გადაწყვიტოს, სხვისი ცხოვრება განაგოს და უთხრას, ეს უნდა შეგიყვარდეს, ეს – არაო. ან რატომ არის დანაშაული უმცროსი მამაკაცის შეყვარება? ყველა თავისი ცხოვრებით რატომ არ ცხოვრობს?
სიახლეები ამავე კატეგორიიდან