გულახდილი საუბრები

როგორ ხდება ემიგრაციაში წასული ქალისთვის სხვა მამაკაცთან ურთიერთობა პრიორიტეტი

№15

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 21.04, 2023 წელი

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

ემიგრაციაში წასული ქალების ისტორიები თითქმის ყოველთვის ერთნაირია. ისინი ხშირად ყვებიან თავის სევდიან წარსულსა და ოპტიმიზმით გამსჭვალულ მომავალზე. გულახდილი წერილები სავსეა ტკივილითა და სინანულით. ყვებიან, როგორ გარიყეს ქმრებმა, ოჯახებმა და მერე მოხდა საოცრება – მათ ცხოვრებაში სხვა ადამიანი გამოჩნდა. არავინ იცის, მომავალში რა ელოდება და შეიძლება, იმას, ვინც ასეთი ქალების ჩასაქოლად ქვას არ დაიშურებს, თავადაც ისეთი ცხოვრება მოელის, როგორც მათ.

ტატა (49 წლის): მე ისევ ემიგრანტი ვარ. თუმცა დაბრუნებაზე აღარ ვოცნებობ. საქართველოში ჩვეულებრივი ცხოვრება მქონდა. მყავდა ქმარ-შვილი, მაგრამ ახლა მხოლოდ შვილებთან ვურთიერთობ. უკეთური და უქნარა ქმარი კი ენერგიულმა, ნამდვილმა ჯენტლმენმა ჩაანაცვლა. პროფესიით ექთანი ვარ. დაახლოებით, 10 წელი კლინიკაში ვმუშაობდი, მაგრამ მოგეხსენებათ, საქართველოში მედპერსონალს შრომა როგორ უფასდებოდათ წლების წინ. ანაზღაურება ახლაც არავის გადასდის თავზე. ჰოდა, მცირე შემოსავლების გამო, მეც იძულებული გავხდი, საქართველოდან გადავხვეწილიყავი. ჩემი ქმარი მთელი ცხოვრება უმუშევარი იყო. სოფლის კაცი ქალაქს ვერ მოერგო, ვერ იპოვა თავისი მოსაწონი საქმე. მხოლოდ ჩემი ხელფასით კი ვერ გაგვქონდა თავი. სამი შვილი მყავს. უფროსი სკოლას რომ ამთავრებდა, სწორედ მაშინ გადავწყვიტე, სამუშაოდ უცხოეთში წამოვსულიყავი.

– ესე იგი, თქვენც ბედის საძიებლად გაეშურეთ? ვინმე გყავდათ გულშემატკივარი უცხო ქვეყანაში?

– აქ მართლა არავინ მეგულებოდა ჩემი გულშემატკივარი, მაგრამ გავრისკე, პროცენტიანი ვალი ავიღე და წამოვედი. ვიფიქრე, როგორ დავიკარგები, ისე როგორ მოვკვდები, რომ სამუშაო ვერ ვიშოვო-მეთქი. მოკლედ, საკუთარი თავის იმედი მქონდა.

– ქმარმა არ გააპროტესტა თქვენი უცხოეთში სამუშაოდ წასვლის გადაწყვეტილება?

– ასე უპატრონოდ სად მიდიხარ? ენა მაინც თუ იციო? – ეს იყო, რაც მითხრა. საქართველოში რომ წარმატებული დაბრუნდები, ქეიფი და მაღარიჩი ჩემზე იყოსო. ქეიფზე, აბა, უკან როგორ დაიხევდა? პირველი სამსახური მარტივი არ იყო. მევალებოდა მოხუცი ქალბატონის მოვლა, რომელიც საოცრად ჭირვეული და ამნეზიით დაავადებული გახლდათ. საათობით მიამბობდა რაღაცებს, მე კი იძულებული ვიყავი, მესმინა. თუ გავინძრეოდი ან შემატყობდა, არ ვუსმენდი, მაშინვე ყვირილს იწყებდა. არადა, როგორია, უსმინო ადამიანს, რომელიც ლაპარაკობს, შენ კი მისი ენა არ გესმის და ისე უნდა მოიქცე, თითქოს გაინტერესებს? პარალელურად, ახალ, უკეთეს სამსახურს ვეძებდი. ერთხელაც გამოჩნდა სამუშაო, კარგი ანაზღაურებით: მოხუცის მოვლაში, რომელიც ლოგინად იყო ჩავარდნილი, 900 ევროს გადამიხდიდნენ... რას წარმოვიდგენდი, იქ თუ ვიპოვიდი ბედნიერებას.

– ესე იგი, გინდათ, თქვათ, რომ პირველ ქმართან გაყრის გადაწყვეტილება ბედისწერის ბრალი იყო?

– ასეა! ჩემ გარდა კიდევ სამი ქალი ეძებდა სამუშაოს და რაღა მე მითხრეს, შენ წადიო? მოკლედ, სწორედ ამ სახლში გავიცანი ჩემი მომავალი მეორე ნახევარი, რომელიც მოსავლელი მოხუცის გერი აღმოჩნდა. თავიდანვე ვიგრძენი, რომ მოვეწონე, როგორც ქალი და გული რაღაცნაირად ამიფორიაქდა. გულახდილად გეტყვით, ცოტა დავფრთხი. წამოსვლაც კი დავაპირე იმ სახლიდან, მაგრამ მომერიდა. მერე ვიფიქრე, ეტყობა, რაღაც მომეჩვენა-მეთქი და სამუშაოს შევუდექი. ის ყოველდღე მოდიოდა და ჩვენ შორის ურთიერთობაც ნელ-ნელა გაღრმავდა. სხვათა შორის, ჩემზე, ჩემს ოჯახზე ყველაფერი დაწვრილებით გამომკითხა. მერე მითხრა: ქმარი გიყვარსო. რატომ მეკითხები-მეთქი. თავმოყვარე კაცი შენნაირ ლამაზ ქალს სამუშაოდ საზღვარგარეთ როგორ გამოუშვებდა? დარწმუნებული ხარ, რომ უყვარხარო. გადავირიე, მაგრამ მერე მივხვდი, რომ სიმართლეს ამბობდა. ბევრი რომ არ ვილაპარაკო, შეგვიყვარდა ერთმანეთი და დღეს მისი ცოლი ვარ.

– ჩამოსვლას ხომ არ აპირებთ?

– ჯერ არა! მე, ალბათ, კიდევ დიდხანს ვერ ჩამოვალ, რადგან შეიძლება, საქართველოში ჩასული ყოფილ ქმარს შემოვაკვდე. მემუქრება: რომ გნახავ, მოგკლავ! თავი მომჭერი მთელს ქვეყანაზეო. მაშინ რატომ არ ფიქრობდა ჩემზე და სირცხვილზე, როცა ცოლი ვიღაცის მოსავლელად გამომიშვა. კაცის მოვალეობაა, ქალი არჩინოს, რაც ჩემს უცხოელ მეუღლეს მშვენივრად გამოსდის. თქმაც არ სჭირდება, ისე მოაქვს ჩემთვის და ოჯახისთვის საჭირო ნივთები, პროდუქტები. ახლა ნამდვილ ქალად ვგრძნობ თავს, საქართველოში კი რა მერქვა, ნამდვილად ვერ გეტყვით. უბრალოდ, სარეცხი მანქანა ვიყავი, ტრეფიკინგის მსხვერპლი. ქალად მხოლოდ მაშინ ვგრძნობდი თავს, როცა შვილები „დედას“ მეძახდნენ ან რომელიმე პაციენტს ჩემთვის ყვავილები მოჰქონდა. ვინც რა უნდა, ის თქვას, მთავარია, შვილებმა გამიგეს.

– რას ამბობენ, თქვენს გათხოვებას როგორ შეეგუვნენ?

– მათ ვუყვარვარ და რა გადაწყვეტილებაც უნდა მივიღო, ჩემ მიმართ არ შეიცვლებიან. შეუძლებელია, შვილმა დედა იმის გამო უარყოს, რომ მან ბედნიერება იპოვა. მამამისს ეუბნებიან, შენი ბრალია, ცოლი რომ დაკარგე და ახლა ნუ მისტირიო.

– ოჯახში ფულს ისევ გზავნით?

– ძალიან ხშირად ვგზავნი და სხვათა შორის, ამის ინიციატორი ყოველთვის ჩემი საყვარელი ადამიანია. ვინაიდან მე აღარ ვმუშაობ, მასთან ფულზე ლაპარაკი მერიდება, მაგრამ გამიმართლა, რომ ყურადღებიანია და არასდროს არაფერი ეშლება. უფრო მეტიც, ის არა მარტო ჩემს შვილებზე ზრუნავს, არამედ აქ მყოფ ჩემს მეგობრებსაც ხშირად ეპატიჟება ჩვენთან და იწყება ქეიფი ქართულად. მოსწონს ჩვენი ტრადიციები, ცეკვა-თამაში და სიმღერა. კარგი სმენა მაქვს და უყვარს, როცა ვმღერი.

– მიტოვებული მეუღლე არ აპროტესტებს თქვენგან დახმარების მიღებას?

– სად აქვს თავმოყვარეობა. პირიქით, თურმე, სულ ამას გაიძახის: რაც შეიძლება, მეტი გამოსძალეთ, ყველაფრის ღირსიაო. მჯერა, ჩემი შვილები გასაძარცვად ვერ გამიმეტებენ და ისე მოიქცევიან, როგორც საჭიროა. ჩემს ყოფილს ის არ ესმის, რომ მე ჩემი ახლანდელი ქმარი მართლა მიყვარს, მხოლოდ სიმდიდრისა და ფუფუნებაში ცხოვრების გამო არ გავყოლივარ. მან იცის ქალის ფასი. იცის, როგორ უნდა გაუფრთხილდეს სუსტი სქესის წარმომადგენელს, როგორ უნდა ელაპარაკოს. ბედნიერი ვარ და ამის თქმის არ მრცხვენია. არც ის მაინტერესებს, ვინმე გამამართლებს თუ გამამტყუნებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა