გულახდილი საუბრები

როგორ იცვლება ქალის ურთიერთობა ქმართან, რომელმაც საკუთარი თავი აღმოაჩინა

№12

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 03.04

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

არის მომენტები, როცა ქალი ხვდება, თურმე ისე უცხოვრია, როგორც სხვები ელოდნენ და არა ისე, როგორც თავად უნდოდა. მისი წლები გავიდა ყველაზე და ყველაფერზე ზრუნვაში, გარდა საკუთარი თავისა. ოჯახი, შვილები, პასუხისმგებლობები… და ერთ დღეს ქალს უჩნდება კითხვა: მე ვინ ვარ სინამდვილეში?!

ეს არის პერიოდი, რომელსაც ფსიქოლოგები ხშირად პიროვნული გაცნობიერების ეტაპს უწოდებენ. ზოგი ქალისთვის ეს არის თავისუფლების დასაწყისი, ზოგისთვის – შინაგანი კრიზისი, ზოგჯერ კი სწორედ ამ დროს იწყება დაძაბულობა ოჯახშიც.

ქალები ამბობენ, რომ რომ ყველაზე რთული იყო არა საკუთარი თავის აღმოჩენა, არამედ იმის დანახვა, როგორ ცვლიდა ეს პროცესი მის ურთიერთობას ქმართან.

ეკა (47 წლის): ერთ დღეს მივხვდი, რომ საკუთარ თავზე საერთოდ არ ვფიქრობდი და თითქმის არაფერი ვიცოდი მასზე. მთელი ცხოვრება ვიღაცის როლში ვიყავი: ჯერ – კარგი შვილი, მერე – კარგი ცოლი, კარგი დედა, კარგი თანამშრომელი… მაგრამ საკუთარ თავს არასოდეს შევკითხვივარ, რა მინდოდა მე. ძალიან უცნაური შეგრძნება იყო. თითქოს შენს ცხოვრებაში მთავარი პერსონაჟი უნდა იყო, მაგრამ ამ „ფილმის სცენარში“ შენი სურვილები არ წერია.

– რა მომენტში იგრძენით ეს ყველაზე მწვავედ?

– განსაკუთრებული არაფერი. ბავშვები სკოლაში იყვნენ, ქმარი – სამსახურში. მე მშვიდად ვიჯექი სიჩუმეში და უცებ გავიფიქრე: მე თვითონ რას ვგრძნობ? რა მინდა? მომწონს, როგორც ვცხოვრობ? ხომ მარტივი შეკითხვაა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მე ამაზე პასუხი არ მქონდა.

– ამის შემდეგ რა შეიცვალა?

– დავიწყე საკუთარი თავის მოსმენა. სულ უმნიშვნელო, პატარა რაღაცებიდან – რას ვკითხულობდი, რა მუსიკა მომწონდა, რა მაძლევდა ენერგიას... იცით, რას მივხვდი? ამ ყველაფრისთვის დრო არ მქონდა. უფრო სწორად, მე არ ვაძლევდი ამ დროს საკუთარ თავს. არადა, ადამიანმა შენი თავი უნდა გაანებივრო. მივხვდი, რომ ძალიან ბევრ რამეს, უბრალოდ, იმიტომ ვაკეთებდი, რომ ასე იყო „სწორი“. არა იმიტომ, რომ ეს მე მინდოდა ან ჩემი არჩევანი იყო.

– ამაზე თუ ესაუბრეთ მეუღლეს ან ეს პროცესი თქვენს ქმართან ურთიერთობაზე როგორ აისახა?

– თავიდან ვერაფერი შეამჩნია. მაგრამ მერე ნელ-ნელა იგრძნო, რომ რაღაც შეიცვალა. რადგან უფრო ხშირად დავიწყე ჩემი აზრის გამოთქმა. ადრე ბევრ რამეზე, უბრალოდ, ვეთანხმებოდი ან, საერთოდ, ჩუმად ვიყავი. ახლა კი ჩემმა ნათქვამმა ფრაზამ – მე ასე არ ვფიქრობ, ყველაფერი „ამოატრიალა“.

– და როგორ მიიღო ეს?

– თავიდან გაუკვირდა. მერე ნერვიულიც გახდა. ერთხელ კი მითხრა: „ადრე ასეთი არ იყავი“. ამ ფრაზამ ძალიან დამაფიქრა. მართლა არ ვიყავი ასეთი? ანუ, როგორი ვიყავი? ისეთი, როგორიც მას უნდოდა?

– ხშირად ხდება, რომ როცა ქალი საკუთარ თავს აღმოაჩენს, პარტნიორს ეს ცვლილება აშინებს. თქვენც იგრძენით ეს?

– დიახ. მგონია, რომ მამაკაცისთვის რთულია, როცა ქალი მოულოდნელად იწყებს საკუთარი საზღვრების დაცვას. ეს არ ნიშნავს, რომ სიყვარული ქრება. უბრალოდ, ურთიერთობა სხვა ეტაპზე გადადის. მამაკაცებს კი არ უყვართ ცვლილებები. მით უმეტეს, რომ ცვლილება ყოველთვის კომფორტული არ არის. მაგრამ მერე ერთ რამეს მივხვდი – თუ ქალი საკუთარ თავს არ იცნობს, არ იცის, რა უნდა, ის ურთიერთობაშიც ვერ იქნება ბოლომდე ბედნიერი.

– დღეს როგორ ხედავთ ამ პროცესს?

– დღეს ვფიქრობ, რომ საკუთარი თავის შეცნობა არ არის აჯანყება ოჯახის წინააღმდეგ. ეს არის გზა, რომ ურთიერთობა უფრო რეალური გახდეს. ცხოვრება კი – მშვენიერი. როცა ქალი აღარ თამაშობს არანაირ როლს, არამედ არის ისეთი, როგორიც სინამდვილეშია, სწორედ მაშინ იწყება ნამდვილი ცხოვრება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი