როგორ გადაიქცევა ქალი ქმრის ხელში თოჯინად
ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 07.11
ჩვენი დღევანდელი ინტერვიუ არ ეხება ერთ ქალს. მისი ცხოვრების ისტორია ბევრისთვის იქნება ნაცნობი, მათთვის, ვინც პატარა ასაკში გათხოვდა და მალე აღმოჩნდა პასუხისმგებლობისა და ურთიერთობების სიმძიმეში. ამ ქალების ცხოვრება ჯერ კიდევ თინეიჯერულ ეტაპზე „ჩამოიწერა“ – პიროვნულად ვერ განვითარდნენ, ვერ რეალიზდნენ და ქმრის თვალში ისინი უფრო თოჯინებად რჩებიან, ვიდრე, სერიოზულ პარტნიორებად.
ასეთი ქალების გამოცდილებაზე საუბარი ემოციურად დამთრგუნველი, მაგრამ მნიშვნელოვანია, რადგან ასახავს პრობლემებს, რომლებიც კიდევ ბევრ ქალს ემუქრება საზოგადოების სტერეოტიპებისა და სარიტუალო წინასწარ განსაზღვრული როლების გამო.
ლანა (43 წლის): მე 17 წლის გავთხოვდი. მაშინ მეგონა, რომ ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, არჩევანი, რომელიც გამაბედნიერებდა... მაგრამ მალე მივხვდი, რომ ვერ ვიყავი მზად ოჯახისთვის. იმ პასუხისმგებლობისთვის, რომლებიც ერთბაშად დამატყდა თავს. ჩემი ცხოვრება მთლიანად სხვებზე მიება და ფაქტობრივად, ისინი მმართავდნენ. მე ვლაპარაკობ ქმარზე, ოჯახზე, ვალდებულებებზე. ვერ გავიზარდე, როგორც პიროვნება. დღესაც მგონია, რომ ბევრი რამ გამოვტოვე, რაც მხოლოდ ჩემი უნდა ყოფილიყო.
– რა იგრძენით, როცა შეამჩნიეთ, რომ ქმრის თვალში უფრო თოჯინა იყავით და არა სერიოზული პარტნიორი?
– ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ვთქვა, რომ თავიდან აღფრთოვანებული ვიყავი, რომ ყურადღებას მაქცევდა. მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ეს ყურადღება სიყვარულით კი არა, იმით იყო გამოწვეული, რომ ჩემი მართვა გაადვილებოდა. მე არ ვიყავი მისი თანასწორი, შესაბამისად, ოჯახში არანაირ გადაწყვეტილებას არ ვიღებდი, არც არაფერს მეკითხებოდნენ. დროთა განმავლობაში ჩემთვის ეს საკმაოდ დამთრგუნველი აღმოჩნდა. ეს მართლა ძალიან მძიმე იყო.
– როგორ ფიქრობთ, რა იყო ყველაზე რთული ამ ურთიერთობაში?
– თავისუფლებისა და პიროვნული რეალიზაციის ნაკლებობა. თითოეული ჩემი არჩევანი შეზღუდული იყო. თითქოს ყველაფერი, რაც მე მინდოდა, სათავეშივე უგულებელყოფილი იყო. ჩემი აზრები, იდეები არავის სჭირდებოდა. უფრო ერთობოდნენ და ირონიულად მიყურებდნენ. ჩემი ქმარი ეგრევე ჩემი ოთახისკენ მიმითითებდა, წადი, შენ გაერთე, ტანსაცმელი გამოიცვალე, მაკიაჟი გაიკეთე და დაქალებთან ტელეფონზე იჭორავეო. ნელ-ნელა ეს აუტანელი გახდა.
– როგორ მოახერხეთ, რომ თავი დაგეცვათ და პირადი ბედნიერება დაგებრუნებინათ?
– ეს რთული პროცესი იყო, მძიმე და დამანგრეველი. ნელ-ნელა ვკრეფდი „ჩემს ნამსხვრევებს“ და ვაკოწიწებდი. დავიწყე საკუთარი თავისთვის მეტი დროის დათმობა. თავიდან სითამამე არ მყოფნიდა, აშკარად გამომეხატა ჩემი ინტერესები, დრო საკუთარი თავისთვის დამეთმო, შევხვედროდი მეგობრებს... საკუთარ თავში სიძლიერის გაღვიძება ძნელი აღმოჩნდა. მაგრამ მივხვდი, რომ ბედნიერება მხოლოდ სერიოზულ ურთიერთობაში კი არ არის, არამედ საკუთარ თავსა და საკუთარ არჩევანში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





