როგორ ერთვება თანამედროვე ქალი სტერეოტიპებთან ბრძოლაში და რა შეიძლება, დაკარგოს მან
ავტორი: დალი მიქელაძე 37 წუთის წინ
თანამედროვე ქალი ყოველდღიურად იღვიძებს უამრავი როლით, ის უნდა იყოს დედა, პროფესიონალი, ცოლი, მეგობარი, შვილი …
მეტს ამბობს, ვიდრე უნდა და იმაზე ნაკლებს ითხოვს, ვიდრე იმსახურებს.
თანამედროვე ქალი თითქოს თავისუფალია, მაგრამ ხშირად ამ თავისუფლებას შიგნიდან სძლევს უხილავი წნეხი – სტერეოტიპები, რომლებიც დროთა განმავლობაში იცვლება, მაგრამ არსით ისევ იგივე რჩება: „უნდა იყო ძლიერი, მაგრამ არა ზედმეტად“, „მოასწარი ყველაფერი, მაგრამ არ დაიღალო“, „იყავი წარმატებული, მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ ქალი ხარ“…
ნინო, 38 წლის მენეჯერია, დედა და ქალი, რომელმაც გადაწყვიტა, აღარ დაემალა საკუთარი შინაგანი ბრძოლა საზოგადოებრივი მოლოდინების უკან.
– როდესაც გიყურებთ, ვხედავთ წარმატებულ, განათლებულ ქალს. თუმცა, როცა ჩვენს თემას – „სტერეოტიპებთან ბრძოლას“ ვეხებით, თვალებში სხვანაირი დაღლილობა ჩანს. რა გაღლით ყველაზე მეტად?
– ალბათ, მუდმივი ლტოლვა იდეალური იმიჯისკენ, ყოველდღიური „სირბილი“ – სულ რაღაცის მოსწრება... რაღაცის დამტკიცება. ჩვენს საზოგადოებაში ქალი თითქოს ყოველთვის ვალშია ან შვილთან, ან სამსახურთან, ან ქმრთან და მის ოჯახთან. თუ კარიერაში ხარ წარმატებული, გეტყვიან, ოჯახს სათანადოდ ვერ უთმობ დროსო.
თუ შვილზე ხარ კონცენტრირებული – „გადაჰყვა ფაფებს და სამსახური ვერ აიწყოო“… და ბოლოს, თუ ყველაფერს ასწრებ, ხვდები, რომ ყველა კმაყოფილია, შენ გარდა.
– ოდესმე გქონიათ შეგრძნება, რომ სხვების წარმოდგენებით ცხოვრობთ, სხვისი დაწერილი „გაიდლაინით“?
– ძალიან ხშირად. ჩვენ ხომ ბავშვობიდან გვაჩვევენ, რომ უნდა ვიყოთ „კარგი გოგოები“. ეს ნიშნავს: არ გაბრაზდე, არ შეეწინააღმდეგო, ყველას მოეწონო... და როცა იზრდები, ეს ყველაფერში შენში ისეა გამჯდარი, შიგნიდან განგრევს. წლები დამჭირდა იმის გასააზრებლად, რომ საკუთარი სურვილები და საკუთარი თავის სიყვარული ეგოიზმი არ არის. გამოცდილებამ მასწავლა „არას” თქმა. ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი ემანსიპაცია.
– ოჯახი როგორ აღიქვამს ამ ცვლილებას?
– თავიდან, რა თქმა უნდა, რთულად. როცა ქალი იწყებს საკუთარი საზღვრების გამოკვეთას, ყველას ჰგონია, რომ თითქოს, უარესისკენ „იცვლება“. თუმცა, ახლა ჩემს შვილს ვასწავლი, რომ დედა არა მხოლოდ მზარეული, მასწავლებელი, დამლაგებელია, არამედ ჩვეულებრივი ადამიანია, რომელსაც თავისი საჭიროებები და სურვილები აქვს.
თუ ამას ჩვენ შვილებს დღეს არ ვასწავლით, ხვალ ისიც იგივე წრეში მოხვდება, სადაც მე ვიყავი.
- რას ნიშნავს თქვენთვის თანამედროვე ქალი?
– ჩემთვის თანამედროვე ქალი ის კი არ არის, ვინც ყველაფერს ასწრებს, არამედ ის, ვინც საკუთარ თავს არ კარგავს ამ ყველაფერში. შეიძლება, არ იყოს იდეალური, მაგრამ იცის, რომ თავისი აზრი აქვს, თავისი დრო, თავისი ტკივილი და თავისივე ბედნიერება.
ნამდვილი თანამედროვე ქალი ისაა, ვინც გამბედავია, მაგრამ არა ხმაურითა და ყვირილით, არამედ სიმშვიდითა და გულწრფელობით.
– და მაინც, როგორ ვებრძვით სტერეოტიპებს ისე, რომ თავად არ დავიღალოთ ამ ბრძოლით?
– პირველ რიგში, უნდა ვაღიაროთ, რომ სტერეოტიპები ჯერ კიდევ არსებობენ ქვეცნობიერში, ურთიერთობებში, მოლოდინებში, მაგრამ მე ვისწავლე ერთი რამ: სტერეოტიპს ვერ დაამარცხებ უხმაუროდ, თუმცა შეგიძლია მას ძალა დაუკარგო, ისე, რომ ბედნიერებით ტკბობაში ყოველდღიურად ხელი აღარ შეგიშალოს. როცა აღარ გრცხვენია საკუთარი აზრის, რადგან ბრძოლა საკუთარ თავთან და კომპლექსებთან უკვე მოიგე.
ყველაზე დიდი გამარჯვება არის ის, რომ აღარ და არაფერში გჭირდებოდეს თავის მართლება. ხანდახან ყველას გვინდა, რომ არ ვიყოთ ძლიერი, არც სუსტი, არც იდეალური, არამედ, უბრალოდ, ქალი, რომელსაც შეუძლია, დაიღალოს, იტიროს და მაინც ხვალ ისევ კარგი განწყობით ადგეს. რადგან მე ასე ვგრძნობ თავისუფლებას და არა მაშინ, როცა მზეა გარეთ, არამედ, როცა ჩემი გულწრფელობა აღარ მაფრთხობს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





