გულახდილი საუბრები

როდის უშლის ხელს გენდერული თანასწორობა ქალს ბედნიერებაში

№49

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 17.12, 2021 წელი

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

გენდერული თანასწორობა მხოლოდ ქალების უფლებების დაცვას არ გულისხმობს. ზოგჯერ, ქალბატონების დაცვის კეთილშობილური განზრახვა, პირიქით, აზიანებს მათ, ხელს უშლის ბედნიერებაში და აბნევს კიდეც. როდესაც გენდერულ თანასწორობაზე საუბრობენ, ყოველთვის იგულისხმება, რომ საუბარი ქალის უფლებების დაცვაზეა. მაგრამ, იმაზე არავინ დაფიქრებულა, რომ ზოგჯერ მამაკაცის უფლებებიც ირღვევა. შესაძლოა, მათ ისეთი პრობლემები არ ჰქონდეთ, როგორც მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს, მაგრამ, ფაქტია, როცა ქალი ამაზე საერთოდ არ ფიქრობს, ჰარმონიული ურთიერთობა შეუძლებელია.

თიკო (32 წლის): ამბობენ და წამიკითხავს, კიდეც რომ დაქორწინებული მამაკაცების სიცოცხლის ხანგრძლივობა ბევრად უფრო დიდია, ვიდრე მათი დაუქორწინებელი თანატოლების. ანუ რა გამოდის, ხანგრძლივი და ბედნიერი ქორწინება არა მარტო უხანგრძლივებს მამაკაცს სიცოცხლეს, არამედ, უზრუნველყოფს მათ ფიზიკურ და ინტელექტუალურ აქტიურობასაც. ცოლები კარგი მოტივატორები ვართ. საკმაოდ ხანდაზმულ ასაკშიც კი, შეგვიძლია მათი წაქეზება აქტიური მოქმედებებისთვის.

– ეგ მაშინ, თუ ქალსა და კაცს ერთმანეთის ესმის და მამაკაცი მეუღლის აზრს იზიარებს და იმ შემთხვევაშიც, თუ ოჯახის ფინანსური უზრუნველყოფის ტვირთი, მთლიანად მამაკაცს არ აწევს მხრებზე.

– დიახ. სწორედ ამის თქმა მინდოდა. დასაქმებული ქალის მეუღლე ბევრად უფრო დიდხანს ცოცხლობს, ვიდრე დაუსაქმებლისო – ამასაც წერენ. არ დაფიქრებულხართ, რომ გენდერულ თანასწორობაზე, ჩვენს უფლებებზე ყვირილი და მუდმივი „ომი“ ჩვენს მეორე ნახევრებთან, მამაკაცისთვის სერიოზული სტრესია. ისიც ხომ დიდი სტრესია, როდესაც ოჯახის კეთილდღეობა მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. ძლიერ სქესზე საშინელ გავლენას ახდენს ფრაზა: „მამაკაცი ვალდებულია“. მე ამაში ჩემი ოჯახის მაგალითით დავრწმუნდი.

– ესე იგი, ოჯახში კაცის უფლებები უფროა დასაცავი, ვიდრე ქალის?

– მე ამას არ ვამბობ, მაგრამ ქმრები ტერორში არ უნდა ვამყოფოთ. მუდმივად ცხვირწინ არ უნდა ვუტრიალოთ, რომ ჩვენ წინაშე, ანუ ოჯახის წინაშე, ვალდებულები არიან. მით უმეტეს, როცა ისინი ამ ვალდებულებას არ გაურბიან. მაგრამ „მაშველი რგოლის“ გარეშე „ცურვა“, ფსიქოლოგიურად, ადვილი არ არის.

– იმას გულისხმობთ, რომ მამაკაცი ბევრად უფრო მშვიდად არის, თუ ოჯახში კიდევ ვინმეა დასაქმებული?

– დიახ. ამის წაკითხვის შემდეგ, ბევრი დიასახლისი იტყვის ან გულში მაინც გაიფიქრებს: სახლი, ბავშვები, სამზარეულო... და ახლა კიდევ მუშაობა?! ჩვენს შრომას ვინ დააფასებს და ჩვენ ვინ გაგვიფრთხილდებაო. დაფიქრდით და ამას სხვა თვალით შეხედეთ. როგორც ცნობილია, ვისაც ფული აქვს, მის ხელშია ძალაუფლებაც. ეს უკანასკნელი კი, მსუბუქად რომ ვთქვათ, ადამიანს აფუჭებს. ყველაზე წყნარი მამაკაციც კი, შეიძლება, მონსტრად იქცეს ისეთ სიტუაციაში, როდესაც მთელი ფინანსური რესურსი მხოლოდ მის ხელშია. დავფიქრდეთ, ქალებო, გვინდა ქმრის ყველანაირ საქციელზე თვალის დახუჭვა?! არადა, ასე ხდება, როცა ფინანსურად მასზე ვართ დამოკიდებული. ვაიმე, ჩემი უფლებები ირღვევა, როცა სახლშიც ვმუშაობთ და გარეთაცო – ეს სახიფათო პრეტენზიაა. ქალმა თუნდაც იმიტომ უნდა იმუშაოს, რომ სხვა ადამიანებთან დაამყაროს ურთიერთობა – ტელევიზია, ინტერნეტი, სოციალური ქსელები კარგია, მაგრამ ცოცხალი ურთიერთობაც აუცილებელია. სამუშაო, განსაკუთრებით კი, საყვარელი საქმე ამაღლებს ადამიანის თვითშეფასების დონეს. როგორც კი მუშაობა დავიწყე, სულ სხვა თვალით დავინახე ყველაფერი. სამსახურში შესაძლებელია თვითრეალიზება, წარმატების მიღწევა, გეუფლებათ სიამაყე შესრულებული სამუშაოს გამო, რაც ძალიან პოზიტიური გრძნობაა და რა თქმა უნდა, არც საკუთარი თავის ცხოვრებაში დამკვიდრება არის ნაკლებად მნიშვნელოვანი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მეუღლე მდიდარი გყავთ, საყვარელი სამუშაო არ უნდა დატოვთ, რადგან დედა საინტერესო და მისთვის საყვარელი სამუშაოთი, დიდი ავტორიტეტია შვილებისთვის და გარკვეული პერიოდის თანაცხოვრების შემდეგ, არც ქმრისთვის გახდებით მოსაწყენი.

– რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი სხვაგვარადაა...

– შეიძლება, ისეც მოხდეს, რომ ოჯახური ურთიერთობა არ აეწყოს და მეუღლეები ერთმანეთს დაშორდნენ. მით უმეტეს, ამ შემთხვევაში, სამუშაო არა მარტო დეპრესიის დაძლევაში დაეხმარება ქალს, არამედ ფინანსური „პარაშუტის“ როლსაც შეასრულებს. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ჩვენი უფლებების ყველაზე კარგი დაცვა ჩვენი თვითრეალიზაციაა. ჩვენს განვითარებაზე ზრუნვა კი ნაკლები პრეტენზიების გამოხატვაა ქმრის მიმართ და ნაკლები წუწუნი. გენდერული თანასწორობა ნიშნავს ქალისა და კაცის პასუხისმგებლობებისა და შესაძლებლობების შეთანხმებას. თანასწორობა არ გულისხმობს, რომ ქალი და კაცი იდენტურნი უნდა გახდნენ, თანასწორობა გულისხმობს იმას, რომ ადამიანის სქესი არ უნდა განსაზღვრავდეს მის უფლებებს, პასუხისმგებლობასა და მოვალეობებს. რთულია ამის გააზრება, მაგრამ ძალიან სასარგებლო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი