როდის უნდა შეცვალოს რადიკალურად საკუთარი ცხოვრება ქალმა, რომ ბედნიერი იყოს
ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 11.04

ქალების ცხოვრება ჩვენს ქვეყანაში მარტივი ნამდვილად არ არის. ჩვენი საზოგადოება ჯერაც ვერ შედგა ისე, რომ აღიაროს ქალის სრულფასოვანი ადგილი და თანასწორობა მამაკაცთან. სტერეოტიპები ქალს ჯერ კიდევ აქცევს ჩარჩოში და უყენებს პირობებს, რომლებიც მას ბედნიერების, არჩევნის უფლებას ართმევს და უფერული ცხოვრებისთვის იმეტებს. ზოგიერთები ახერხებენ მოჯადოებული წრის გარღვევას, თუმცა ასეთების მიმართაც საზოგადოება ძალიან მკაცრია.
თამთა (47 წლის): დიდი სიყვარულით არ გავთხოვილვარ, მომავალი მეუღლე, უბრალოდ, მომწონდა. 30 წლის ვიყავი და ვიფიქრე, დრო გამეპარება და ჩამოვბერდები. ასე კი გვერდში მდგომი მეყოლება, შვილებს გავაჩენ და ბედნიერად გავზრდი-მეთქი. სამწუხაროდ, სულ სხვა რეალობის წინაშე აღმოვჩნდი. ჩემი ქმარი ერთი უქნარა და ზარმაცი კაცი აღმოჩნდა, მთელ დღეებს ტელევიზორთან, დივანზე წამოწოლილი ატარებდა. საჭმელიც იქვე უნდა მიმეტანა... გადავწყვიტე, მისთვის სამსახური მეშოვა. შევაწუხე ახლობლები და როგორც იქნა, დავასაქმე. ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ არა ჩემი დედამთილი, ბინა, რომელშიც ვცხოვრობდით, მას ეკუთვნოდა. თავიდანვე არ მოვუვედი თვალში, ამიტომ ჩვენ დასაშორებლად ყველა ღონეს ხმარობდა. მეზობლებთან ლაპარაკობდა, რომ უვარგისი დიასახლისი ვიყავი და მის კისერზე ვიჯექი.
– რატომ, რას გერჩოდათ?
– დღემდე არ ვიცი. საკმარისი იყო, ჩემი ქმარი სამსახურიდან შინ დაბრუნებულიყო, დედამთილი კარებიდანვე იწყებდა წუწუნს, რომ ჩაგრავენ, აბუჩად იგდებენ და ცუდად ექცევიან. გაოცებული ვიყავი. მეუღლეს არც დედამისის წყენინება უნდოდა და არც – ჩემი... ვითმენდი, ოჯახის დანგრევა არ მინდოდა. ვფიქრობდი, რომ ამ ასაკში ხელმეორედ გათხოვება გამიჭირდებოდა. ერთ წელიწადში გოგო შემეძინა, მერე ბიჭი მეყოლა და მთელ დღეებს მათ მოვლაში ვატარებდი. ახლა ჩემი შვილების გამო ვიტანდი აუტანელ დედამთილს, რომელიც ზოგჯერ იმასაც კი მაბრალებდა, რომ ბავშვები სხვისგან მყავდა...
– ამის თქმის საფუძველს რა აძლევდა?
– არაფერი. არანორმალური ქალია. ბოღმით სავსე. ჩემი ქმარი კარგი მამა იყო, მაგრამ ცუდი მეუღლე. თითქოს აღარც ვარსებობდი მისთვის. ვატყობდი, უკვე აღარც მოვწონდი. გარკვეულწილად მესმოდა მისი – ორი ორსულობის შემდეგ წონაში მოვიმატე, თმა მუდმივად შესაღები მქონდა, რადგან ამისთვის ვერ ვიცლიდი. ახალი ტანსაცმელი გათხოვების შემდეგ აღარ მღირსებია. ბავშვები რომ ცოტა წამოიზარდნენ, საბავშვო ბაღში მივიყვანე და გადავწყვიტე, სამსახური მეშოვა. ვიფიქრე, ფორმაში მოვალ, ხელფასი მექნება, სახლშიც არ ვიჯდები და გაუთავებლად ნერვებს არ მოვიშლი-მეთქი... ვის აღარ მივმართე, ვინ არ შევაწუხე, მაგრამ ამაოდ, ვერაფერი ვიშოვე. ერთ დღეს დედამთილი ავად გახდა. იმ დროისთვის ერთ-ერთ საავადმყოფოში მუშაობდა დამლაგებლად. ადგილი რომ არ დაეკარგა, მთხოვა, ცოტა ხანს ჩემს მაგივრად იმუშავეო. დამლაგებლად არასდროს მიმუშავია, მაგრამ ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, არაფერს ვითაკილებდი, ან კი სათაკილო რა მქონდა, ქმარსა და დედამთილზე ვიყავი დამოკიდებული და რას არ ვიღონებდი, რომ მათი „კლანჭებიდან” თავი დამეღწია. ყველაფერი ჩემი საავადმყოფოში მუშაობიდან დაიწყო: იქ ერთი ექიმი იყო. თავდაპირველად მისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, არც მე მამჩნევდა ვინმე, არც იყო გასაკვირი, დამლაგებელი არავის აინტერესებს. ერთ დღეს სასადილოში ჩავედი. ის იყო მაგიდას მივუჯექი, რომ დაჟინებული მზერა ვიგრძენი. თეთრხალათიანი, საოცრად სიმპათიური მამაკაცი მიყურებდა. სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიკვირდა, ეს მამაკაცი ბევრჯერ შემხვედრია საავადმყოფოს დერეფანში და გამარჯობასაც კი არ მეუბნებოდა, ახლა კი მზერას არ მაშორებდა. ალბათ, დამლაგებლის ხალათში, ცოცხითა და აქანდაზით ხელში უინტერესოდ გამოვიყურებოდი... იმ დღეს არაფერი უთქვამს, მეორე დილით კი გაღიმებული მომესალმა. მერე მოკითხვაზე გადავიდა, მერე კი დავახლოვდით. ჩემზე ათი წლით უფროსი იყო, შევერცხლილი თმითა და მწვანე თვალებით. თავიდანვე მითხრა, რომ ოჯახი ჰყავდა. მიუხედავად ამისა, ცდუნებას ვერ გავუძელით და შეხვედრები დავიწყეთ. ერთმანეთს მალულად ვხვდებოდით. თითქოს ფრთები შევისხი, გავლამაზდი, თავდაჯერებულობა დამიბრუნდა. ამ ბედნიერების დაკარგვა არ მინდოდა. რა თქმა უნდა, იმასაც ვფიქრობდი, რომ არასწორად ვიქცეოდი, მაგრამ თავს ვერ ვერეოდი. ჩემზე ძალიან ზრუნავდა, ვგრძნობდი, თანდათან ვუყვარდებოდი. მატერიალურადაც ძალიან მეხმარებოდა.
– ადრე თუ გვიან ხომ გაიგებდნენ თქვენს ამბავს. ამაზე ფიქრობდით?
– მე დასაკარგიც არაფერი მქონდა. ასეც მოხდა: ბოროტმა ენებმა დედამთილს ჩვენი ურთიერთობის ამბავი ჩაუკაკლეს. გადაირია, გაცოფებული მიყვიროდა, ასეც ვიცოდი, რომ ჩემს შვილს სულ ღალატობდიო! ეს იყო ბოლო წვეთი. ბარგი ჩავალაგე და წამოვედი. ბავშვები მამასთან დავტოვე, ვიფიქრე, ავეწყობი და მერე წამოვიყვან-მეთქი. ჩემს სახლში დავბრუნდი, შაბათ-კვირას ბავშვები მომყავდა და როგორც შემეძლო, ვუვლიდი. ფინანსურად ჩემი შეყვარებული მეხმარებოდა. მალე გავიგე, რომ ჩემმა ყოფილმა მეუღლემ ცოლი შეირთო. როგორც აღმოჩნდა, ამ ქალთან მანამდეც დადიოდა, მაგრამ მოღალატე და ოჯახის დამაქცეველი მაინც მე გამოვედი. მალე ჩემმა შეყვარებულმა მითხრა, ცოლს უნდა გავშორდეო. გათხოვება აღარ მინდოდა და ამიტომ შევიცხადე, რატომ-მეთქი. მითხრა, რომ ცოლი აღარ უყვარდა, მასთან ცხოვრება გაუსაძლისიაო. მეგონა, მისი ოჯახის დანგრევა ჩემი ბრალი იყო. ბევრი ველაპარაკე, სისულელეებს შეეშვი, მე არსად გაგცევას არ ვაპირებ და სულაც არ არის საჭირო ოჯახიდან წამოსვლა, მაინც შენთან ვიქნები-მეთქი. არაფერმა გაჭრა, გუდა-ნაბადი აიკრა და ნაქირავებ ბინაში გადაბარგდა. ბევრი ჭოჭმანის შემდეგ გადავწყვიტეთ, ერთად ცხოვრება გვეცადა, ოღონდ სხვაგან. იმას ამერიკაში უნდოდა წასვლა და ასეც მოხდა. უკვე ნახევარი წელიწადია, ნიუ-იორკში ვართ. ჯერჯერობით ყველაფერი კარგადაა. ბავშვების ჩამოყვანასაც ვფიქრობ, ბედნიერიც ვარ. ზოგჯერ ყველაფერს ხაზი უნდა გადაუსვა და თავიდან დაიწყო ყველაფერი. რომ არა ჩემი ავყია დედამთილი, ბედნიერებას ვერასდროს ვეწეოდი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან