გულახდილი საუბრები

როდის უნდა დაასრულოს ქალმა ურთიერთობა ოჯახში ქმართან და იფიქროს პირად ბედნიერებაზე

№9

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 08.03

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

როცა ოჯახში ბზარი ჩნდება და უსიამოვნებებს ბოლო არ უჩანს, ღირს კი მისი შენარჩუნებისთვის ბრძოლა? – ოჯახის ფსიქოლოგებს ამაზე ერთნაირი პასუხი არა აქვთ, რადგან ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია. ზოგჯერ სრულიად უიმედო სიტუაციაც კი გამოსწორებულა და ოჯახში მეუღლეებს შორის ნორმალური ურთიერთობა აღდგენილა. მთავარია, ამის სურვილი ორივეს ჰქონდეს და ორივემ ერთად ძალიან მოინდომოს.

ეკა (45 წლის): გათხოვება სტუდენტობის წლებში გადავწყვიტე. ჩემი არჩევანი ახლობლებს თავიდანვე არ მოეწონათ, მაგრამ რაღა ექნათ?

– კონკრეტულად რა არ მოსწონდათ მასში?

– მთავარ მიზეზად ის დაასახელეს, რომ რაიონიდან იყო. მაგრამ თავი გავიგიჟე. მერე რა, რომ სოფლელია, ყველა თბილისელი ხომ არ იქნება. რაც მთავარია, არც ნარკომანია და არც უქნარა, პატიოსანი, გულწრფელი და ნიჭიერია-მეთქი. სამი წელი ვხვდებოდით ერთმანეთს, მაგრამ კაცი, თურმე, მართლა ძნელი საცნობი ყოფილა. ნათქვამია, ცხრა ფუთი მარილი უნდა ჭამო, რომ ადამიანი გაიცნოო. ესეც არ ყოფილა საკმარისი. ჩემი სისულელეების შედეგმა ძალიან მალე იჩინა თავი. როგორც კი გავყევი და ოჯახში გაშინაურდა, გათამამდა და გადიდგულდა. დილიდან საღამომდე ტრაბახობდა: ეს რაიონიდან ჩამოსული კაცი აღარ ვჯობივარ ქალაქელებს, სულ წამლის შოვნაზე რომ უჭირავთ თვალი. არც კაცობა აქვთ და აღარც დალევა შეუძლიათო. სანამ მამაჩემი ცოცხალი იყო, ცოტა მორიდებით იქცეოდა, მისი სიკვდილის მერე კი აიწყვიტა... ორი შვილი გავაჩინე – ქალ-ვაჟი. მერე უარესი ზნე დასჩემდა. რომ დათვრებოდა, უმიზეზოდ ჩხუბობდა, მაგინებდა და საცემრადაც იწევდა. ბიჭს განსაკუთრებით სასტიკად ექცეოდა, გოგონას მიმართ შედარებით ლმობიერი იყო. ერთ დღეს არ გამოჩნდა და ვიფიქრე, რომ სოფელში წავიდა. ბავშვებს და დედას ეძინათ. ტელევიზორს ვუყურებდი და ვფიქრობდი, რა კარგია მის გარეშე ცხოვრება-მეთქი. უცებ ბრახუნი ატყდა, ისეთი ძალით ურტყამდა კარს, ლამის ჩამოიღო. შემოვიდა და ერთი ამბავი ატეხა: რას ჰქვია, არ მელოდით და გეძინათო. როცა დედა გამოვიდა და სთხოვა, დამშვიდდი, ნუ ყვირი და ილანძღები, სირცხვილიაო, ახლა იმას მისდგა გინებით. რომ გამოვესარჩლე, სილაც გამაწნა. ამას კი აღარ მოეველოდი. ხმაურზე ბავშვებს გაეღვიძათ და ახლა ამაზე აღრიალდა: ახლა მიყურე, რა ვუყო შენს შვილსო – თითქოს მისი შვილი არ ყოფილიყო. ჩემს კივილზე მეზობლები შემოცვივდნენ და პოლიცია გამოიძახეს.

– ამდენს რატომ უთმენდით?

– ჩემი ჭკუით, კიდევ რაღაცის იმედი მქონდა, ოჯახს გადავარჩენ-მეთქი. სამი დღის მერე გაათავისუფლეს. ჯარიმა დააკისრეს და გააფრთხილეს, თუ კიდევ ატეხ დავიდარაბას, ციხეში გიკრავთ თავსო. ერთხანს მოკუნტული იყო, მერე ისევ აუშვა აფრები... მაშინ გადავწყვიტე, გავშორებოდი ქმარს, რომელიც ერთ დროს მართლა ძალიან მიყვარდა. არც განქორწინების პერიოდი იყო იოლი გადასატანი. ყოველ ღამე მოდიოდა სახლთან და ღრიალით იკლებდა იქაურობას. სასამართლოზე კი დაჟინებით მოითხოვდა ბინის წილს – მამაჩემის ბინაზეა საუბარი. ერთად ცხოვრებისას არაფერი შეგვიძენია და არც არაფერი ეკუთვნოდა. როცა სასამართლოზე ეს აუხსნეს, ისეთი რამ დაატრიალა, მცველებმა სასამართლო დარბაზიდან გაიყვანეს. მოდიოდა სახლთან და სკანდალს ტეხდა. ბოლოს, ორი თვით დაიჭირეს კიდეც. მერე დაიღალა და იოლი გზა აირჩია – ერთ ქმარგაცილებულ ქალს გადაეკიდა და ჩაუსახლდა. მშვენივრად გაუგეს ერთმანეთს, ქალსაც უყვარდა გადაკვრა და ყოველდღე სვამდნენ. ცოტა ამოვისუნთქე, მაგრამ მერე ოჯახის რჩენა გამიჭირდა. სამსახურში შემცირებაში მოვყევი და დედის პენსიით რას გავაკეთებდი? ვაჭრობა ვცადე და არ გამომივიდა. მერე ერთი ჩემი მეგობარი გაემგზავრა საბერძნეთში. სამი თვის შემდეგ დამირეკა, – ჩამოდი, აქ რამეს მოგიხერხებო. ვალით წასვლა ვერ გავბედე. სამოთახიანი ბინა გავყიდე, ცოტა გარეუბანში ოროთახიანი ვიყიდე და საბერძნეთის გზას დავადექი. გული გასკდომაზე მქონდა. დედა 65 წლის იყო, მაღალწნევიანი, შვილებსაც ახლა ვჭირდებოდი, მაგრამ რა მექნა?

– თქვენი ამბავი ძალიან ჰგავს სხვა ქალების ამბავს.

– ასეა, თუმცა მე გამიმართლა. მეგობარმა პირობა პირნათლად შეასრულა – სამუშაო დამახვედრა. ერთი წელი ერთ მოხუცებულს ვუვლიდი. მერე მოხუცებული გარდაიცვალა და მისმა შვილმა პრესტიჟულ რესტორანში მომაწყო მზარეულად. კარგი მუშაობისთვის მალე დამაწინაურეს და რადგან ბერძნულად უკვე კარგად ვსაუბრობდი, მენეჯერად დამნიშნეს. სწორედ აქ გავიცანი ბერძენი, რომელსაც თავდავიწყებით შევუყვარდი. მსხვილი კორპორაციის პრეზიდენტი იყო. ორი თვის მერე გამომიტყდა სიყვარულში. რამდენიმე დღეში ხელიც მთხოვა. აქამდე ოჯახის შექმნაზე არც მიფიქრია, რადგან მანამდე არავინ შემყვარებიაო. მშობლებიც გამაცნო. ასე გავთხოვდი მეორედ. ხელის მოწერიდან რამდენიმე ხანში დედაც და შვილებიც საბერძნეთში წავიყვანე. ჩემი ბერძენი ქმარი ძალიან კარგი და მოსიყვარულე ადამიანი აღმოჩნდა, ჩემი შვილებისთვის არაფერს იშურებს. საუკეთესო სასწავლებელში შევიყვანეთ. ზედ ჰყვებოდა პირველივე დღიდან. მეუბნებოდა, თუ შვილი არ შეგვეძინა, არ იდარდო, რადგან შენი შვილები ძალიან მიყვარსო, მაგრამ ბიჭი გავაჩინე. სახელი მამამთილის პატივსაცემად დავარქვი და სულ გადაირივნენ. ჩემი შვილები ახლა ლონდონში, ბიზნესის სკოლაში სწავლობენ, პატარა სამი წლისაა. მშვენივრად ლაპარაკობს ქართულად და ბერძნულად. ახლა ვიგრძენი, რა არის ნამდვილი ბედნიერება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი