გულახდილი საუბრები

როდის მიდის ქალი შურისძიებამდე და რა მოტივით ამბობს უარს მასზე

№52

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 01.01, 2021 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

იშვიათია ადამიანი, რომელსაც შეუძლია ისეთი ემოციის მართვა, როგორიც არის შურისძიება. ძნელია, დაძლიო დიდი სიყვარულის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი, შეუნდო ამ ყველაფერში დამნაშავეს და გზა ჩვეულებრივად გააგრძელო. როცა ცხოვრებაში კრიზისული მომენტი დგება, სწორედ, მაშინ არის რთული საკუთარი ღირებულებების ერთგული დარჩე. ამას ვერ  შეძლებ, თუ ამისთვის შენი შინაგანი ბუნება  მზად არ არის. 

ნინო (48 წლის): დედისერთა ვარ. მამამ ჩემს ბავშვობაში მიგვატოვა და ჩვენკენ აღარც მოუხედავს. საინტერესო არაფერი ხდებოდა. ვმუშაობდი და სუსტი ჯანმრთელობის მშობელს ვუვლიდი. დედაც რომ გარდაიცვალა, სულ მარტო დავრჩი. პირადი ცხოვრება არ მქონდა, მაგრამ ამას აღარ განვიცდიდი. თავის დროზე ბევრი ვიდარდე, მერე მივხვდი – არაფერი ღირს ნერვების შეწირვის ფასად. არ გამოვიდა და მორჩა. ნერვიულობით რაღას ვუშველიდი. უფრო უშვილობას განვიცდიდი. მშურდა ქალების, ყველა სტერეოტიპს რომ გადააბიჯეს და დაუქორწინებლად ბავშვი გააჩინეს.
– მშობლები აღარ გყავდათ და ვისი გერიდებოდათ?
– რატომღაც ამისთვის გამბედაობა არ მყოფნიდა. ვერ გავრისკავდი. ორმოცი წლის გავხდი და ერთ დღეს ვიფიქრე, ბავშვი ამეყვანა. ბოლომდე ამასაც ვერ ვრისკავდი. საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა, უკან ვიხევდი. მერე მაჩვენეს ნანაკა – ქერა, ბუსუსთმიანი, გაურკვეველი ფერის მრგვალი თვალებით. ისე მომეწონა, უარი ვეღარ ვთქვი, ვიშვილე. გადამრია, ახალი სუნთქვა გამიხსნა, ხელახლა დავიბადე, ჩემი თავი მაპოვნინა, თავის ჭკუაზე გადამრთო. მიკვირს, როგორ ვცხოვრობდი მანამდე მის გარეშე ან ჩემს არსებობას რა აზრი ჰქონდა.
– განსხვავებულ ტალღაზე გადაწყობილი ქალის პირად ცხოვრებაში სხვა სიახლეც გაჩნდა?
– სამი წლისა ბაღში მივიყვანე და სწორედ, იქ მოხდა წარმოუდგენელი რამ – ჩემი შვილი დაუმეგობრდა ბიჭუნას, რომელიც იმ კაცის შვილიშვილი აღმოჩნდა, რომელიც მთელი ჩემი ცხოვრების სიყვარული იყო. ერთხელაც მოაკითხა წასაყვანად და... ალბათ ყურადღებას არ მივაქცევდი, ბავშვები ერთმანეთს რომ არ გადახვეოდნენ. მათი შემყურე, ვიღიმებოდი. ისიც იღიმოდა და ასე ღიმილით შევაჩერდით ერთმანეთს. მერე ვიცანი. ახლოს მოვიდა, თითქოს უნდოდა, მომხვეოდა, მაგრამ ჩემმა სიცივემ უკან დაახევინა. როგორ გამიხარდა შენი ნახვაო... – მაგრამ სიტყვა ვეღარ დაასრულა, ჩემს გოგოს მიეფერა, შემომხედა, ხელი მანქანისკენ გაიშვირა, სურდა შემოეთავაზებინა, წაგიყვანთო, მაგრამ ჩემი გამოციებული სახის შემხედვარემ ვეღარ გაბედა. – იქნებ... – დაიწყო მან. – არავითარი იქნებ! – სიტყვა მოვუჭერი, – მშვიდობით!
– რა გაკავშირებდათ მასთან, რომ წარსულიდან ასეთი ტკივილი გამოგყვათ.
– ახალგაზრდობაში ძალიან მიყვარდა! მასზე უკეთესი არავინ მეგონა, ქვეყანას მერჩივნა. მართლა კარგი ბიჭი იყო, რჩეული... ოცდახუთი წლის წინანდელმა ამბავმა ხელახლა ამაფორიაქა.
– მაშინ თქვენი სიყვარული შედგა თუ მხოლოდ ოცნებაში იყო?
– ვერ ვიტყვი, რომ მასაც არ მოვწონდი. ბიჭებში ამბობდა, ჩემი გოგოა, არ აწყენინოთო. სახლამდე მაცილებდა. მაკონტროლებდა, ზოგჯერ ჩუმადაც დამყვებოდა. სიყვარულზე ვერ მელაპარაკებოდა – იწყებდა, ჩერდებოდა… ალბათ, ჩემი თავდაჭერილობა აფერხებდა. მისმა მშობლებმა იცოდნენ, რომ ვუყვარდი. გავიგე, რომ ჩემი გაცნობაც სურდათ… არ დამცალდა. სხვაში გამცვალა. ის გოგო ერთი გაელვებასავით გამოჩნდა თემურის ცხოვრებაში და წამართვა – სამი წლის ნალოლიავები სიყვარული ერთი ხელის მოსმით ამაცალა.
– ეს როგორ მოხდა?
– თამამ, თავისუფალი ქცევების ქალებს აქვთ რაღაც ხრიკები, რითიც მამაკაცებს აბამენ. ყველაზე იოლი „ლოგინით შებმაა“. ცუდად ვლაპარაკობ, მაგრამ ასეა. უცერემონიოდ მოვლენ, შენს წესიერებას აბუჩად აიგდებენ, შენს შეყვარებულს აცდუნებენ, პრაქტიკულად, ახორციელებენ იმას, რასაც შენ ოცნებაშიც კი ვერ გაბედავდი. ყველაფერზე მიდიან, რომ ფინალში მოხვდნენ. გათხოვებისთვის ყველაფერს კადრულობენ.
– ხომ არიან ძლიერი მამაკაცებიც, რომელთაც სიყვარულის დაცვა, ერთგულება შეუძლიათ.
– ჩემი შეყვარებული არ გამოდგა ასეთი ძლიერი. ის ქალბატონი ცოლად მოიყვანა. ამბობდნენ, მიზეზი ორსულობა იყოო. გასაგებია, მაგრამ ჩემი სიყვარული? როგორ შეეძლო, ვიღაც ქალის გამო ასე გავეწირე?! რა უფრო მნიშვნელოვანი იყო მისთვის: ჩემი სიყვარული თუ პასუხისმგებლობა იმ ქალის მიმართ, რომელიც სხეულით ევაჭრა? ჩემ წინაშე პასუხისმგებლობა არ უნდა ჰქონოდა? ჩემზე წინ ის ქალი რატომ დააყენა? ამას დაემატა მისი ცოლის თავდასხმები. იმ ქალმა გათხოვების შემდეგაც არ დამინდო. ჩემში სერიოზულ მეტოქეს ხედავდა. ათას სიბინძურეს მიგონებდა, ინტრიგებს ხლართავდა. არასდროს მიპასუხია, არ დავშვებულვარ მის დონეზე. თავს ვარიდებდი, მათი დანახვაც კი არ მინდოდა. მაინც არ მასვენებდა. ჩემი ლანძღვითა და თავლაფის დასხმით ცდილობდა ქმრის ოჯახში დამკვიდრებას.
– ოცდახუთი წლის შემდეგ საბავშვო ბაღში თქვენს პირველ შეხვედრას რამე მოჰყვა? ურთიერთობის აღდგენის სურვილი ხომ არ გაგიჩნდათ რომელიმეს?
– ურთიერთობის აღდგენის კი არა, ქვეყნის დასალიერში გაქცევის სურვილი გამიჩნდა. ყველა ტკივილი გამიახლდა. ერთხელ მშობლების ლაპარაკს შევესწარი, რა სიმპათიური პაპაა და რა მონსტრია მისი ცოლიო. რაღაცნაირად შემეცოდა, მოვლბი. ერთხელაც გავუღიმე. ერთ-იორჯერ სახლამდე მიგვაცილა. მერე პარკში დაგვპატიჟა, ბავშვები გავასეირნოთო. აშკარა იყო, ჩემთან ყოფნა უნდოდა. ვიფიქრე, ავწონ-დავწონე და გადავწყვიტე, გავყოლოდი. მითხრა, შენნაირი ღირსეული ქალი არ შემხვედრიაო. ეს შეფასება იმაზე მეტს ნიშნავდა, ვიდრე თავის დროზე სიყვარული აეხსნა. ახლა არ ვიცი, რა მოხდება. მისი ცოლი ცოცხალი თავით ქმარს არ დათმობს. მე არც შურისმაძიებელი ვარ და არც მებრძოლი. მასავით ქაჯი უნდა ვიყო, რომ სხვისი ოჯახი დავანგრიო. ცოლს ქმარი წავართვა და შვილებს – მამა. მე კი წამართვა შეყვარებული, მაგრამ იმავეთი ვერ ვუპასუხებ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი