გულახდილი საუბრები

როდის ხდებიან ქალები ბულინგის მსხვერპლი და უნდათ, რომ ჰყავდეთ საყვარელიც და ქმარიც

№24

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 21.06

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ადამიანში მხოლოდ ცუდს ეძებს, რომ უკეთესად დასცინოს და დაამციროს! ბევრია ისეთი ქალი, რომელსაც შინ ქმარი ჰყავს და გარეთ – საყვარელი... თუმცა, ყველას თავისი არჩევანი აქვს და ადამიანი არჩევანში თავისუფალი უნდა იყოს. დღეს ბევრი ქალი თავის ცხოვრებასა და უიღბლო ქორწინებაზე დაუფარავად საუბრობს, რის გამოც, ისინი ზოგჯერ ბულინგის მსხვერპლიც ხდებიან:

ლიკა (47 წლის): ჩემი ერთადერთი „დანაშაული“ ის არის, რომ ხმამაღლა ვამბობ, რასაც ვფიქრობ. შემიძლია, პირდაპირ ვთქვა ყველაფერი, რაც სიმართლეა და არ დავმალო ის, რასაც სხვები გულში იმარხავენ. სწორედ ამიტომ სერიოზული ბულინგის მსხვერპლი გავხდი. რატომ? ხმამაღლა ვთქვი ის, რაც გამოვიარე და საქართველოში უამრავ ქალს გამოუვლია. ცოლად ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანს გავყევი, რაც 20 წლის წინ ჩვეულებრივი მოვლენა იყო. რა თქმა უნდა, ძნელია კარგი ოჯახი შექმნა ადამიანთან, რომელსაც ნორმალურად არც კი იცნობ, მაგრამ ყველანაირად ვცდილობდი, კარგი ურთიერთობა გვქონოდა. უბრალოდ, როდესაც მივხვდი, რომ ჩვენი ურთიერთობის შენარჩუნებას აზრი არ ჰქონდა, ყველაფერს წერტილი დავუსვი და გავშორდი. ეს ნაბიჯი ჩემმა ოჯახმა ძალიან მძიმედ მიიღო: წარმოიდგინეთ, ტრადიციულ ქალაქში ცხოვრობ და ქმარს გაშორებული შვილი უკან გიბრუნდება, თანაც ბავშვთან ერთად... ამ დროს შეიძლება, დაუმსახურებელი ტალახიც გესროლონ, გაგლანძღონ.

– თუმცა ოჯახის დანგრევა დღეს აღარავის უკვირს.

– წლების წინ სულ სხვა სიტუაცია იყო. ჩვენ ხომ საქართველოში ვცხოვრობთ, ეს კავკასიაა, სადაც მამაკაცების უმრავლესობა ვერ იტანს, როცა მის ცოლს საკუთარი შეხედულებები აქვს და მას წინააღმდეგობას უწევს. ზოგიერთები ახლაც ვერ ხვდებიან, რომ მამაკაცმა ქალის სიტყვას პატივი უნდა სცეს, ისევე, როგორც ქალმა – კაცის სიტყვას. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება, კარგი ოჯახის შექმნა და კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბება. ოჯახში პატივისცემა და სიყვარული ერთ დონეზე უნდა იყოს და როცა ერთმანეთის მიმართ პატივისცემა ქრება, ჩემი აზრით, არა მარტო სიყვარული, ყველაფერი მთავრდება.

– ჩვენი ტრადიციებიც ხელს უწყობს, რომ მამაკაცი ყოველთვის დომინანტი იყოს.

– ეს განსაკუთრებით რეგიონებში იგრძნობა. ოჯახში გოგო რომ გაჩნდება, უკვე დაჩაგრულია. ადრე, ოჯახი რომ შეიქმნებოდა, ქმართან განშორება გამორიცხული იყო. ქალს ბოლომდე უნდა მოეთმინა, თუნდაც, მისი ქმარი პათოლოგი ყოფილიყო და ცემა-ტყეპაში ეცხოვრა. ბევრგან ახლაც ასეა. ყველაფერი იღბალზე იყო დამოკიდებული: ან გაგიმართლებდა, ან – არა. ზოგს უმართლებდა – კარგი ბუნების, ნორმალურად აღზრდილი მამაკაცი შეხვდებოდა, ზოგს ნაკლებად, მაგრამ ქმარს ეჩვეოდა და ეგუებოდა, ზოგი კი – ბოლომდე ითმენდა ადამიანს, რომელიც არ უყვარდა და ხასიათიც ისეთი ჰქონდა, მასთან ყოფნა წამების ტოლფასი იყო. მეც სულ ვფიქრობდი, რომ ქალმა ოჯახის შესანარჩუნებლად ძალ-ღონე არ უნდა დაიშუროს, მაგრამ პათოლოგ და მოღალატე ქმარს თავის დროზე უნდა მოშორდეს.

– მგონი, ასეთ დროს ჯობია, წერტილი დროულად დასვა, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული მაინც ქალი რჩება.

– მართალია, თუმცა მერე ასეთ ქალს ვიღაც ეჭვის თვალით უყურებს, ვიღაც ჭორაობს... სამწუხაროდ, მეც არ გამიმართლა და ამ საშინელი წნეხის გავლა მომიხდა. მეც ბევრჯერ გავხდი იმ ადამიანების სამიზნე, რომლებიც ყოველთვის ყველაფერში ქალს ამტყუნებენ. მე მყავს ნაცნობი, რომლის ქმარს პათოლოგიური სიმთვრალე ჰქონდა და ცოლს სცემდა. როგორც იქნა, გამოექცა, მაგრამ ის კაცი ახლაც დასდევს, აკითხავს და სიცოცხლეს უმწარებს, სამწუხაროდ, არის ხალხი, ვინც ამბობს, რომ კარგი ცოლი ასეთ კაცსაც მოარჯულებს. წარმოგიდგენიათ? ანუ, თურმე, ქალი არ ვარგა. ისეთი შემთხვევაც მახსოვს, როცა ახალგაზრდა გოგო სამჯერ გამოექცა მოძალადე ქმარს და მშობლებმა სამივეჯერ უკან დააბრუნეს, იმ მოტივით, რომ ქალმა ოჯახის შესანარჩუნებლად ბევრი რამ უნდა მოითმინოს. სანამ ქმარმა შუბლზე იარაღი არ დაადო, მანამ არ გამოაშორეს.

– ფაქტია, რომ ხშირად, მშობლებიც სცოდავენ!

– ასეა. დისჰარმონიულ ოჯახში ქალიც წვალობს, შვილებიც, ერთ შეცდომას მეორე ემატება, მეორეს – მესამე და ამ სიტუაციაში ყველაზე მეტად ბავშვები იჩაგრებიან. ეს ყველაფერი საკუთარ თავზე ვიწვნიე! ამ ჭორიკანა ადამიანებს ვინ მისცა უფლება, რომ სხვები გაკიცხონ და განსაჯონ? ასე ხომ შეიძლება, ადამიანი თვითმკვლელობამდე მიიყვანონ?! კიდევ კარგი, რომ გულშემატკივარი უფრო მეტი მყავს, სწორედ ისინი მამხნევებენ და მაძლევენ ცხოვრების ხალისს.

– თქვენი აზრით, რატომ გახდით ბულინგის მსხვერპლი?

– ალბათ, იმიტომ, რომ სიმართლეს ვამბობ და არ ვმალავ, თორემ, რამდენი ქალი იცით, რომელსაც ქმარიც ჰყავს და საყვარელიც, მაგრამ ჩუმადაა და არავინ ერჩის? იმდენი რამ ვიცი, ყველაფერი რომ ვთქვა, შეიძლება, ხალხმა ერთმანეთი დახოცოს. ასეთი ქალი, სახლში რომ ქმარი ჰყავს და გარეთ – საყვარელი, ძალიან ბევრია, მაგრამ აბა, ერთი მიდი და რაიმე აკადრე... მიხარია, რომ სირთულეების მიუხედავად, არ გავბოროტდი. ძალიან მომწონს, რომ შემიძლია ადამიანებს ჩემი სიყვარული ვაჩუქო – ეს არის ჩემი პასუხი დაუმსახურებელ ბულინგზე! გული იმაზე მტკივა, რომ ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილი, ნაცვლად იმისა, რომ ადამიანში კარგი ეძებოს, ცუდს ეძებს, რომ მერე „უკეთესად“ დასცინოს და დააკნინოს!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

16-22 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა