გულახდილი საუბრები

როდის ხდება დედამთილი ოჯახში საფრთხე და უნდა გაექცე თუ არა ასეთ დროს ქმარს

№12

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 29.03

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

დედმთილებისა და რძლების შეგუება-არ შეგუების პრობლემა ისევ რჩება ბევრი წყვილის ურთიერთობის „აქილევსის ქუსლად“. დრო იცვლება, პროგრესი ყველა სფეროში თვალსაჩინოა, მაგრამ ზოგიერთი სტერეოტიპი ისევ მყარად არის ფესვმოკიდებული. საქმე ისაა, რომ ზოგიერთი ქალისთვის ვაჟიშვილის დაოჯახება ტრაგედიად აღიქმება და მათთვის რძალი მოსისხლე მტერი ხდება. თავადაც უბედურია და შვილსაც არ აძლევს ბედნიერების უფლებას. ასეთ შემთხვევებში გამოსავალი პრაქტიკულად არ არსებობს. ამ ტიპის ქალები არ იცვლებიან და არც პოზიციას თმობენ. რჩება ერთადერთი გზა – გაიქცე.

მაკო (37 წლის): ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამ დროში დედამთილთან ურთიერთობა ისევ დაუძლეველი პრობლემა იქნებოდა. საზოგადოება ხომ თითქოს გაიზარდა, რაღაც გაიგო, რაღაც შეიცვალა... თურმე, სულ ტყუილად. ცუდ ადამიანს არაფერი ცვლის.

– თქვენი ურთიერთობის დანგრევაში დედამთილია მხოლოდ დამნაშავე? იქნებ სიყვარული იყო არასაკმარისი.

– სიყვარული სამუდამო არ არის. ხომ არ შეეწირები ბოლოს და ბოლოს. ჩემს ქმარს დედამისი სულ ემუქრებოდა, თუ წახვალ, თავს მოვიკლავ და ქვეყნის დასაცინს გაგხდი, ხალხი იტყვის: დედა თავის ბედნიერებას შესწირაო. რეალობა ესაა – ჩემი ოჯახი დედობრივი ეგოიზმის მსხვერპლი გახდა, ქმარს დედამთილმა დამაცილა.

– ისე უყვარდა შვილი, რომ თქვენ ვერ აგიტანათ მის გვერდით?

– ასეა. მე და ჩემს ქმარს ერთმანეთი გვიყვარდა. გადავწყვიტეთ, ჯვარი ყოველგვარი ხმაურის გარეშე დაგვეწერა. ჩემი შეცდომა ის იყო, რომ დედამისი არ გავიცანი. ჩემებმა იცოდნენ, ჩემს საქმროსაც იცნობდნენ. უბრალოდ, განსაკუთრებული აჟიოტაჟი არ გვინდოდა. ტაძრიდან რომ გამოვედით, ჩემმა ქმარმა მითხრა: ჩვენ-ჩვენს სახლებში წავიდეთ და რამდენიმე დღეში გამოვაცხადოთ, რომ ცოლ-ქმარი ვართო. რატომ-მეთქი, ცოტა დავიბენი. დედაჩემს შევაჩვევ იმ აზრს, რომ ცოლი უნდა მოვიყვანო, თორემ გაგიჟდებაო. მივხვდი, მაგარ შარში ვიყავი, მაგრამ მიყვარდა...

- როგორ უნდა „შეეჩვია“ ან რას ნიშნავს „დედა შევაჩვიო, რომ ცოლი უნდა მოვიყვანო“?

– ხომ გითხარით, შევცდი-მეთქი. თურმე, ყოველდღე ეუბნებოდა, ცოლი უნდა შევირთოო, დედამისი კი გაღიზიანებული დაჰკიოდა – რა დროს შენი ცოლიაო. არადა, 29 წლის იყო, მე – 27-ის. გააზრებული გვქონდა ოჯახის შექმნის პასუხისმგებლობა. ქალს შვილი ეგოისტურად უყვარდა.

– ეს ყველაფერი გათხოვების მერე გაიგეთ?

– კი ამბობდა ხოლმე ჩემი ქმარი, უცნაური ქალია დედაჩემიო, მაგრამ რას ვიფიქრებდი, ურჩხული თუ იქნებოდა. როცა უთხრა, ჯვარი უკვე დავიწერეთ და ცოლი შინ უნდა მოვიყვანოო, დედა დაემუქრა, თუ ამას გააკეთებ, თავს მოვიკლავო. გაცეცხლებული, თურმე, ჯერ ყვიროდა, მერე კი ტირილი დაუწყია: შენ რა შვილი ხარ, დედის ამაგი ფეხებზე დაიკიდეო. ერთი თვის შემდეგ ძლივს დაამშვიდეს და დაიწყო ჩემი ჯოჯოხეთიც.

– არ სთხოვე ქმარს, საცხოვრებლად ცალკე გადასულიყავით?

– ვთხოვე, მაგრამ ძალიან დიდი იყო დედის გავლენა. სულ ემუქრებოდა, თუ წახვალ, თავს მოვიკლავო. თავის ქმარს, ანუ ჩემს მამამთილს, დიდი ხნის გაცილებული იყო. როგორც მითხრეს, იმ კაცისთვისაც ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცევია. რომ გავიცანი, მითხრა, თუ ქმართან ბედნიერად ცხოვრება გინდა, დედამთილს ყურადღება არ მიაქციოო. არც ვაქცევდი, სანამ შესაძლებლობა მქონდა და შინ ნაკლებ დროს ვატარებდი. სამსახურის დასრულების შემდეგ ქმარი გამომივლიდა და შინ ერთად ვბრუნდებოდით. იმდენად ბოროტი ქალი იყო, ტელევიზორი გააფუჭა, რომ თვითონ მეზობელთან წასულიყო, თითქოს სერიალის საყურებლად. მეზობლისთვის კი უთქვამს, ჩემი რძალი შინ რომ ბრუნდება, წნევა მიწევს, ამიტომ ვცდილობ, ეგენი რომ დაწვებიან, შინ მაშინ შევიდეო. მაგრამ მერე, ბავშვი რომ გაგვიჩნდა, სულ შინ ვიყავი. უცებ ჩემ მიმართაც ყურადღებიანი გახდა, დილით დამიძახებდა, - საუზმე მზად არისო. ვისაუზმებდი და ძილი მერეოდა. ჩემი ქმარი რომ მოდიოდა, მოთენთილი და გაბრუებული ვხვდებოდი. სახლში სრული ქაოსი იყო და ჩემი დედამთილიც ვითომ მორიდებულად ამბობდა, რა ვქნა, ყველაფერს ვერ ვწვდები, შენ სულ გძინავს და ბავშვს ხომ მაინც უნდა მივხედოო... ვერ ვხვდებოდი, რა მჭირდა. თავიდან, ასე თუ ისე, ვერეოდი თავს, მაგრამ ძალიან დავსუსტდი. ერთ დღესაც გული წამივიდა და სასწრაფო რომ გამოიძახა, მესმოდა, ექიმს ეუბნებოდა, ისეთი არაფერი სჭირს, გადაღლილია, მაგრამ შემეშინდა და იმიტომ გამოგიძახეთო. ექიმმა – გამოკვლევა გჭირდებაო. მოკლედ, სისხლის ანალიზებით გასკდა ჩემი დედამთილის ბოროტების ამბავი: თურმე, საჭმელში წამალს ურევდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ამ ალქაჯზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და ლამის ციხეში მიაბრძანეს. ჩემი ქმარი შემეცოდა და გავჩუმდი. დედამისი ისე მოიძულა, სანახავად არ მიდიოდა. საცხოვრებლად ცალკე გადავედით, ქირით. მაგრამ გგონიათ, იმ ეგოისტმა ქალმა მოისვენა? სულს უღრღნიდა. შენი ცოლი გატყუებს, ჩემი მოშორება უნდოდა და საწამლავის ამბავიც მან მოიგონა, რომ ციხეში გამოვეკეტეო. იმდენი უჩიჩინა, რომ ჩემი ქმარი თანდათან აგრესიული გახდა. ჩემმა დედამთილმა თავისას მიაღწია – ოჯახი დაგვენგრა. შვილს ისე გადაუტრიალა ტვინი, რომ ბავშვიც არ ანაღვლებს. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მარტო დავრჩი, მაინც ბედნიერი ვარ, რომ იმ საშინელ ქალს გადავურჩი. მაინც არ გაგვახარებდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი