გულახდილი საუბრები

როდის იწყება ომი ცოლ-ქმარს შორის და რატომ შეიძლება, ენანებოდეს მამას შვილებისთვის ფული

№37

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 20.09

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

ამბობენ, ცოლ-ქმარი ერთმანეთისთვის ყველაზე ახლობელი ადამიანები არიან, მაგრამ თუ წაიკიდნენ, ყველაზე დიდ მტრებად გადაიქცევიანო. მაინც, რატომ უნდა გადაემტერონ ერთმანეთს ოდესღაც მოსიყვარულე ადამიანები? იქნებ ამ ადამიანებს შორის არც ადრე ყოფილა სიყვარული და როცა ვნებაც გაქრა, მათ შორის აგრესიამ იმძლავრა. კონკრეტული დასკვნის გაკეთება საკმაოდ რთულია და ერთ ჩარჩოს ყველა სიტუაციას ვერ მოარგებ. არსებობს ასეთი მოსაზრებაც, რომ ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა კაცს ცოლისადმი გრძნობა უცივდება და შვილების მიმართაც გულგრილი ხდება. ანუ, როცა ოჯახი იშლება, ის ფიქრობს: აღარ ვარ მოვალე, შვილი (ან შვილები) ვარჩინო, ჩემმა ცოლმა განშორება გადაწყვიტა და ჩემგან ნურაფერს მოელის ან შვილებიც მისნაირები იქნებიან და თავად მიხედოს... რა თქმა უნდა, არიან პასუხისმგებლიანი მამაკაცებიც, რომელთათვისაც შვილები ნებისმიერ სიტუაციაში პრიორიტეტია. თუმცა დღეს საუბარი ასეთ მამაკაცზე არ გვექნება.

ლიკა (47 წლის): ეს ამბავი 11 წლის წინ დაიწყო და ჩვენ შორის „ცივი ომი“ ახლაც აქტიურ ფაზაში გრძელდება. ჩემი ყოფილი ქმარი აჭარელია. ჩემი მშობლები წინააღმდეგები იყვნენ ჩვენი შეუღლების. ყველა ზღვისპირელი შორეულ ნაოსნობასა და კაპიტნობაზე ოცნებობს. გამონაკლისი არც შენი შეყვარებული იქნება და გაწვალდებიო. მე არავის დავუჯერე, რაღაცნაირად, მერომანტიკულებოდა შორეული ნაოსნობის კაპიტნის ცოლობა. როგორც ყველა გოგოს, მეც სისულელეებით მქონდა თავი გამოტენილი. გავყევი და მეგონა, ჩემზე ბედნიერი არავინ იყო. ჩემმა ქმარმა მართლაც მეზღვაურის კარიერა აირჩია. სწავლის დასრულების მერე ბოცმანობით დაიწყო კარიერა, უკან არაფერზე იხევდა, თავისი საქმე ძალიან უყვარდა და მიზანმიმართულად წინ მიიწევდა. რამდენიმე წლის შემდეგ აისრულა ოცნება და კაპიტანი გახდა. საკმაოდ მაღალი ხელფასი ჰქონდა. მისი დიდი ოჯახი – მშობლები, სამი და და ბებია-ბაბუაც – ჩემი ქმრის შემყურე იყო. რა გასაკვირია, რომ მათგან არცერთს არ ეჩქარებოდა ერთადერთი ვაჟის დაოჯახება. ყველა თავისთვის ფიქრობდა და როგორც კი მათ ოჯახში ფეხი შევდგი, მტრად აღმიქვეს. უცხოური კომპანიები ჩემს ქმარს საგანგებოდ ქირაობდნენ, როგორც გამოცდილ კაპიტანსა და თავისი საქმის კარგ მცოდნეს. მე ინგლისურ ენას ვასწავლიდი სკოლასა და კოლეჯში, არც კერძო მოსწავლეები მაკლდა. თუმცა შვილებს დიდი დრო მიჰქონდათ, თან, ჩემს ქმარს საკმაოდ მაღალი შემოსავალი ჰქონდა და მუშაობით თავი რატომ უნდა მომეკლა, თან შვილებისთვის ყურადღება მომეკლო.

– მას უყვარდით?

– მე ვფიქრობ, რომ კი. ჩემთვის ძნელი აღმოჩნდა მისი ხანგრძლივი წასვლები. იმაზე უფრო გამიჭირდა, ვიდრე წარმომედგინა, მაგრამ როცა ბავშვები გაჩნდნენ, ბევრი საზრუნავი მქონდა და დრო სწრაფად გადიოდა. პირველი გოგო გაჩნდა, ორი წლის შემდეგ – ბიჭი. ჩვენ ცალკე ვცხოვრობდით და თავიდან არავინ ერეოდა ჩვენს ცხოვრებაში. ბავშვების გაზრდაში დედა და და მეხმარებოდნენ. ხან ერთი ჩამოვიდოდა და დარჩებოდა, ხან – მეორე, მიკვირდა, რომ დედამთილს და მულებს მოსაფერებლადაც კი არ უნდოდათ ჩემი შვილები.

– გიკვირდათ და ხმამაღლა არაფერს ამბობდით?

– ვამბობდი მხოლოდ დედაჩემთან, ქმართან – არა. თავად ვერ ხედავდა, რომ დედამთილი და მულები იშვიათად თუ მოგვინახულებდნენ? სამაგიეროდ, დადარაჯებული თვალით მიმოწმებდნენ ყველაფერს. ერთხელ უფროსმა მულმა ისიც კი მითხრა, - ჩვენი ძმა ბევრს წვალობს, რომ ორი ოჯახი არჩინოს, ამიტომ ჩამოწერე, რაში რამდენს ხარჯავ. ჩვენც ასე ვიქცევითო. ბუნებრივია, არ მოველოდი ამას, მაგრამ უსიამოვნება არ მინდოდა და მულს თხოვნა შევუსრულე.

– ხარჯის ჩამოწერა დაიწყეთ?

– დიახ, მაგრამ, ეტყობა, მაინც ბოლომდე ვერ „გადავხარშე“ ეს ამბავი და შინ დაბრუნებულ ქმარს არ დავუმალე, რაც მოხდა. გაბრაზებულმა მივახალე, რატომ ერევიან შენიანები ჩვენს პირად საქმეში-მეთქი. იცით, რა მითხრა? ჩემი პირადი მათი საქმეცაა და ეგ მეორედ აღარ თქვაო. აი, მაშინ მივხვდი, რომ საქმე ცუდად იყო. მათ მოახერხეს ის, რომ ჩემს ქმარს ნელ-ნელა გული ააცრუებინეს ჯერ ჩემზე, მერე კი – ოჯახზე. მე ხომ ვატყობდი, რომ ჩვენი ურთიერთობის გაფუჭებაში ლომის წილი სწორედ დედამთილსა და მულებს ედოთ, მაგრამ იმასაც ვგრძნობდი, როგორც არ უნდა მებრძოლა ოჯახის შესანარჩუნებლად, არაფერი გამომივიდოდა.

– იქნებ უნდა გეცადათ?

– როგორ მეცადა, როცა ჩემი ქმრისთვის იმათი სიტყვა კანონივით იყო. ერთ მშვენიერ დღეს გამომიცხადა: ორი წლით გავაფორმე კონტრაქტი უცხოურ კომპანიასთან, შეიძლება, ამ ხნის განმავლობაში საერთოდ ვერ დავბრუნდე საქართველოში. 2 000 დოლარს დაგიტოვებ და გამოიზოგეო... ძალიან ცუდად მენიშნა ეს ამბავი, მაგრამ რას ვიტყოდი. ფულში არ იყო საქმე, მეც ვმუშაობდი და როგორმე ვიმყოფინებდი, თუმცა ისიც ვიცოდი, რომ ორჯერ მეტი მშობლებსა და დებს დაუტოვა. საყვედური ამის გამოც არ დამცდენია, მაგრამ ვინ დაგიფასა. ორი წლის შემდეგ მხოლოდ დარეკა: კონტრაქტი გამიგრძელეს, მაგრამ, შენთან ყოფნაც აღარ მინდა, განქორწინებაზე ვიფიქროთო. ვერ ვიტყვი, რომ არ ველოდი ამას. გვგრძნობდი, რომ ადრე თუ გვიან ეს მოხდებოდა. ორი წლის განმავლობაში კაცი ერთხელაც რომ არ მოგიკითხავს. ერთ მესიჯს რომ არ მოგწერს, სხვა რისი იმედი უნდა გქონდეს. ამიტომ უსიტყვოდ მოვაწერე ხელი უცხოეთიდან გამოგზავნილ საბუთებს, გავშორდით და თბილისში დავბრუნდი. იცით, რა ხდება ახლა? წლებია, უკვე მაღალანაზღაურებადი კაპიტანი შვილების რჩენაზე უარს ამბობს. დავიღალე ქმარყოფილის ახლობლებთან ბრძოლით... დღემდე ვერ გამიგია, რას მერჩიან, რას ითხოვენ ჩემგან, რა არ მოსწონდათ და რას მემართლებოდნენ. მე თუკი ქმართან ყოფნის პერიოდში თავს ვიკავებდი, კონფლიქტი არ მინდოდა, განქორწინების შემდეგ კატეგორიულად მოვითხოვე, რაც მე და ჩემს შვილებს გვეკუთვნის. ბათუმის ბინაზე ნამდვილი ომი იყო, მაგრამ შვილებს შევუნარჩუნე. ახლა ალიმენტზეა ბრძოლა – შემოსავლებს მალავს. ვითომ არასტაბლური სამსახურები აქვს. მოკლევადიანი და დაბალანაზღაურებადი, რომ თავის შვილებს მაქსიმალურად ცოტა ფული მისცეს. მისიანები უკან არ იხევენ, მლანძღავენ და მთათხავენ, უმადურსა და გაუმაძღარს მიწოდებენ.

– ანუ, ეს დავა დღემდე გრძელდება?

– დიახ. ბოლო სასამართლოზე გამოაცხადა: უმუშევარი დავრჩი და 300 ლარის მეტი არ შემიძლია გადავიხადოო. ჩემმა ადვოკატმა კი გაარკვია, რომ ერთ მსხვილ უცხოურ კომპანიასთან ხანგრძლივი კონტრაქტი აქვს გაფორმებული და მისი ხელფასი 4 500 დოლარია. რატომ არ უნდა მამას შვილების სარჩენად უფრო მეტის გაღება, ჩემთვის გამოცანად რჩება. ასე რამ გაუცივა გული, რომ უარს ამბობს საკუთარ შვილებზე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №51

16-22 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა