გულახდილი საუბრები

როდის იქცევა ცოლ-ქმარი ერთმანეთის მოსისხლე მტრებად

№18

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 10.05

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

ამბობენ, ცოლ-ქმარი ერთმანეთისთვის ყველაზე ახლობელი ადამიანები არიან, მაგრამ თუ წაეკიდნენ – ყველაზე დიდი მტრებიო. რატომ უნდა გადაემტერონ ერთმანეთს ოდესღაც მოსიყვარულე ადამიანები? ამაზე მუდმივად მუშაობენ ფსიქოლოგები და ბევრი მოსაზრებაც არაერთხელ დაწერილა. თუმცა, ასე ადვილი რომ იყოს დასკვნის გაკეთება, ეს თემა აქტუალური აღარ იქნებოდა. რეალურად, მართლა ძალიან იშვიათია „ყოფილებს“ შორის ნორმალური ურთიერთობისა და კომუნიკაციის შენარჩუნება.

ქეთი (43 წლის): ერთმა ფსიქოლოგმა მითხრა, ძალიან ხშირად, როცა კაცს ცოლისადმი გრძნობა უცივდება, შვილის მიმართაც გულგრილი ხდებაო. მე ამის არ მჯეროდა. მიკვირდა, რამ უნდა აიძულოს ადამიანი, საკუთარ სისხლსა და ხორცზე უარი თქვას-მეთქი. ალბათ, ჩემი უპასუხისმგებლო ქმარი ფიქრობს, აღარ ვარ მოვალე, შვილი ვარჩინო, ჩემმა ცოლმა განშორება გადაწყვიტა და ჩემგან ნურაფერს მოელისო...

– თქვით, რომ ყოფილ ქმართან „ცივი ომი“ გაქვთ.

– ეს ამბავი 7 წლის წინ დაიწყო. ჩვენ შორის „ცივი ომი“ კი 3 წელია, გრძელდება. 42 წლის იყო, როცა ცოლად გავყევი და მართლა ძალიან მიყვარდა. სკოლასა და კოლეჯში ინგლისურ ენას ვასწავლი, არც კერძო მოსწავლეები მაკლია. არ მიჭირს და არც ჩემ შვილს ვაკლებ რამეს, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ საკუთარ შვილზე ხელი აიღოს. არადა, საერთოდ არ აინტერესებს.

– სხვა ოჯახი აქვს?

– ასე გამოკვეთილად არავინ ჰყავს. ვერც იმას ვიტყვი, რომ ჩვენ შორის დედამთილი ან მამამთილი ჩადგა და ამიტომ გაგვიფუჭდა ურთიერთობა. ქორწინების პირველივე დღიდან ცალკე ვცხოვრობდით. თუმცა, უნდა ვთქვა, რომ როცა სამსახურიდან რამდენიმედღიან მივლინებაში მიდიოდა – თავისი პროფესიიდან გამომდინარე; საკმაოდ ხშირად უწევდა, უცხოეთში ვიზიტები – ბავშვის გაზრდაში დედაჩემი და ჩემი და მეხმარებოდნენ. მიკვირდა, რომ ჩემი დედამთილი იშვიათად თუ შემოივლიდა. თავს დიდად არ იწუხებდა. მაგრამ ხმამაღლა არაფერს ვამბობდი.

– ანუ, მაინც არ გქონდათ კარგი ურთიერთობა.

– დიდად რომ არ მწყალობდნენ, ფაქტია. დადარაჯებული თვალით მიმოწმებდნენ ყველაფერს. ერთხელ მულმა ისიც კი მითხრა: ჩემი ძმა ბევრს წვალობს, რომ ორი ოჯახი არჩინოს, ამიტომ ჩამოწერე, რაში რამდენს ხარჯავო. ამას ნამდვილად არ მოველოდი, მაგრამ უსიამოვნება არ მინდოდა და ყურადღება არ მივაქციე. თუმცა, გულში ცუდად ჩამრჩა. შინ დაბრუნებულ ქმარს არ დავუმალე: რატომ ერევიან შენიანები ჩვენს პირად საქმეში. მე ხომ არ ვწუწუნებ, რომ მათაც ეხმარები და არჩენ, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში ყველა მუშაობს და არაფერი უჭირთ-მეთქი. გამიბრაზდა: ჩემი პირადი მათი საქმეცაა და ეგ მეორედ აღარ თქვაო. მგონი, მაინც დედამ და დამ ააცრუებინეს გული ჩემზე. ვატყობდი, რომ ურთიერთობის გაფუჭებაში ლომის წილი სწორედ დედამთილსა და მულს ედოთ, მაგრამ იმასაც ვგრძნობდი, როგორც უნდა მებრძოლა ოჯახის შესანარჩუნებლად, არაფერი გამომივიდოდა.

– თქვენ თქვით, ჩვენ შორის არავინ ჩამდგარაო...

– მე ვიგულისხმე, რომ ცალკე ვცხოვრობდით და თითქოს არავინ ერეოდა ჩვენს ურთიერთობაში. ერთ მშვენიერ დღეს ქმარმა გამომიცხადა: ორი წლით გავაფორმე კონტრაქტი უცხოურ კომპანიასთან. ამ ხნის განმავლობაში შეიძლება, მხოლოდ ერთხელ დავბრუნდე საქართველოშიო. ძალიან არ მომეწონა ეს ამბავი. მერე ისიც დააყოლა: 2.000 დოლარს დაგიტოვებ და სანამ კიდევ გამოგიგზავნი გამოიზოგეო. მგონი, ჩემი მიტოვება უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა. ისიც ვიცოდი, რომ ორჯერ მეტი მშობლებს და დას დაუტოვა. არც ამაზე ამომიღია ხმა. ორი წლის შემდეგ ტელეფონით გამომიცხადა: კონტრაქტი გამიგრძელეს, შენთან ყოფნა აღარ მინდა, განქორწინებაზე ვიფიქროთო და გავშორდით.

– არ გიკითხავთ, მიზეზი რა იყო? რატომ გშორდებოდათ?

– არა. რა აზრი ჰქონდა. ამის მერე, უკვე წლებია, შვილის რჩენაზე უარს ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მაღალანაზღაურებადი სამსახური აქვს. დავიღალე ქმარყოფილის ახლობლებთან ბრძოლით. დღემდე ვერ გამიგია, რას მერჩოდნენ, რას ითხოვდნენ ჩემგან, რა არ მოსწონდათ და რას მემართლებოდნენ. თუკი ქმართან ყოფნის პერიოდში კონფლიქტზე თავს ვიკავებდი, განქორწინების შემდეგ კატეგორიულად მოვითხოვე კუთვნილი. კეთილი ინებოს და ალიმენტი გადაიხადოს. აი, ამის შემდეგ დაიწყო, რაც დაიწყო. არც ჩემი ყოფილი ქმარი და არც მისიანები უკან არაფერზე იხევენ. მლანძღავენ და მთათხავენ, უმადურსა და გაუმაძღარს მეძახიან.

– ეს დავა დღემდე გრძელდება?

– დიახ. ბოლო სასამართლოზე ჩემმა უსინდისო ქმარყოფილმა განაცხადა: უმუშევარი დავრჩი და 300 ლარის მეტი არ შემიძლია, გადავიხადოო. თუმცა, ზუსტად ვიცი, რომ ერთ მსხვილ უცხოურ კომპანიასთან ხანგრძლივი კონტრაქტი აქვს გაფორმებული და მისი ხელფასი 4 500 დოლარია. რატომ არ უნდა შვილისთვის უფრო მეტის გაღება, ეს ჩემთვის გამოცანად რჩება და ძალიან მტკივნეულია. კარგი, მე აღარ ვუყვარვარ. ცუდი ვარ, შვილმა რა დაუშავა?

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული