როდის დგება „დედიკო“ მუდმივად წყვილს შორის და რატომ ვერ ახერხებს ზოგიერთი კაცი მისი კალთიდან გამოსვლას
ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 13.03
ამბობენ, რომ ქორწინება მხოლოდ ორი ადამიანის კავშირია, მაგრამ ზოგჯერ ქორწინებაში მესამე ადამიანი უხმაუროდ შემოდის. ის შეიძლება, არც ცხოვრობდეს თქვენთან, არ იჯდეს თქვენს სასადილო მაგიდასთან ყოველდღე, მაგრამ მისი გავლენა ყველგან და ყველაფერში, ყველა გადაწყვეტილებაში იგრძნობაოდეს. დიახ, ის – დედაა, თქვენი საყვარელი, ძვირფასი მეუღლის დედა, რომელიც თავიდან ძალიანაც გესიმპათიურებოდათ. „დედიკოს ბიჭი“ ხშირად ხუმრობის თემაა.
სინამდვილეში კი, ეს არის ემოციური დინამიკა, რომელსაც შეუძლია, ქორწინება ნელა, უხმაუროდ დაანგრიოს. ანუ, შეიძლება, დიდი სიყვარულით დაუკავშირდეთ ერთმანეთს, მაგრამ ერთ დღეს აღმოაჩინოთ, რომ ქორწინებაში მარტო ხართ.
ლიზა (38 წლის): სიმართლე გითხრათ, თავიდან მომწონდა. როცა ვუყურებდი, როგორ ზრუნავდა ჩემი ქმარი დედაზე, როგორ პატივს სცემდა, როგორ არ ტოვებდა უპასუხოდ არც ერთ მის ზარს. ვფიქრობდი, აი, როგორი პასუხისმგებლიანია. ზუსტად ასეთი იქნება ჩემთანაც-მეთქი. მაგრამ ქორწინების შემდეგ მივხვდი, რომ პატივისცემა და დამოკიდებულება ერთმანეთისგან განსხვავდება, თანაც მტკივნეულად განსხვავდება.
– რა შეიცვალა ქორწინების შემდეგ?
– მანამდე, ანუ შეყვარებულობის პერიოდში, მე ვიყავი პრიორიტეტი. ქორწინების შემდეგ პრიორიტეტები ძალიან შეიცვალა. თავიდან ეს ძნელი შესამჩნევი იყო, რადგან სიტყვიერად არ გამოიხატებოდა. არასოდეს უთქვამს, რომ დედამისს ჩემზე წინ აყენებდა. მაგრამ გადაწყვეტილებები ყოველთვის იქ, მასთან მიიღებოდა. ბინის ყიდვაზე ვიწყებდით ლაპარაკს? ჯერ დედას უნდა ენახა. სამსახურის შეცვლა იყო, თუნდაც ჩემი? დედას უნდა სცოდნოდა. ჩვენს უმნიშვნელო კონფლიქტზეც დედას თავისი აზრი ჰქონდა. ერთ დღეს კი მივხვდი, როდესაც მე ჩემს ქმარს ვეკამათებოდი, რეალურად მის დედას ვეჯიბრებოდი.
– იყო კონკრეტული მომენტი, როცა განსაკუთრებით მძაფრად იგრძენით ეს?
– დიახ. ჩვენ შორის სერიოზული უთანხმოება იყო. მე ველოდი, რომ ჩემი ქმარი ჩემ გვერდით დადგებოდა, თუნდაც, პირად სივრცესთან დაკავშირებით. მაგრამ მან მითხრა: „დედა ასე არ ფიქრობს. დედას უნდა დავუჯეროთ“. იმ წამს პირველად ვიგრძენი მარტოობა. დიახ, შენ შეგიძლია, იცხოვრო საყვარელ მამაკაცთან ერთად და მაინც მარტო იყო. თავიდან ძალიან ვბრაზობდი. მერე ეჭვი შემეპარა საკუთარ თავში.
შემდეგ კი მივხვდი, რომ დავიღალე. ყველაზე მძიმე ის იყო, რომ გავაცნობიერე – მე არ მყავდა პარტნიორი, რომელიც ჩვენს კავშირს დაიცავდა. მე მყავდა კაცი, რომელიც უნიჭოდ ცდილობდა ორ სამყაროს შორის ბალანსს, მაგრამ საბოლოოდ ყოველთვის ბავშვად რჩებოდა.
– გრძნობდით, რომ კონკურენციაში იყავით?
– დიახ. და ეს ყველაზე დამამცირებელი შეგრძნებაა. შენ ვერ შეეჯიბრები დედას, მით უმეტეს, ვერ აჯობებ. მაგრამ, როცა შენი ხმა, შენი საჭიროებები, შენი ემოციები მუდმივად მეორე პლანზე გადადის, ნელ-ნელა ჯერ ნდობა ქრება, მერე – სიყვარული.
– სცადეთ რამე შეგეცვლათ?
– რა თქმა უნდა. ჯერ ვცდილობდი, ამეხსნა, რომ მე მისი დედა არ ვიყავი. ვცდილობდი, მეთქვა, რომ ქორწინება ცალკე სივრცეა, მაგრამ მას არ უნდოდა არჩევანის გაკეთება და, სინამდვილეში, არც შეეძლო. ის არ იყო ცუდი ადამიანი. ვუყვარდი კიდეც. უბრალოდ, ემოციურად ძალიან მჭიდროდ იყო დედაზე მიჯაჭვული.
– რატომ არ დარჩით ამ ურთიერთობაში, თუნდაც მეტი დროით. იქნებ რაღაც შეცვლილიყო. აღარ გიყვარდათ?
– პირიქით. იმიტომ არ დავრჩი, რომ მიყვარდა. იმიტომაც, რომ ვფიქრობდი, თუ დამკარგავდა, შეიცვლებოდა. ქალებს ხშირად გვჯერა, რომ სიყვარულით შეგვიძლია მამაკაცის „გაზრდა“. რეალურად ასე არ არის და ყოველი მორიგი მცდელობა მარცხისთვის არის განწირული. ზრდასრულ ადამიანს „დედის როლში “ ყოფნით ვერ გაზრდი. ერთ დღეს სარკეში ჩავიხედე და მივხვდი – მე აღარ ვიყავი ცოლი. მე ვიყავი მეორე დედა… იმ დღეს მივიღე გადაწყვეტილება, რომ მე მინდა, ვიყო ქალი და არა მშობელი.
– რა ისწავლეთ ამ გამოცდილებიდან?
– რომ სიყვარული საკმარისი არ არის. ქორწინება ორი დამოუკიდებელი ადამიანის კავშირია. თუ ერთ-ერთი ემოციურად ჯერ კიდევ ბავშვია, მეორე ავტომატურად მშობლის როლში გადადის. და იქ ვნება აღარ ცხოვრობს... აღარც სიყვარული
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





